Women in AI – BTU და გაეროს ქალთა ორგანიზაცია ახალ პროექტს იწყებენ
თარიღი:
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში ქალების ჩართულობა საქართველოში ბოლო 10 წლის განმავლობაში 22%-ს არ აჭარბებს, 2021-2022 სასწავლო წელს კი ამ მიმართულებით პროფესიას მხოლოდ 343 გოგო (16,42%) ეუფლებოდა. დაბალი ჩართულობა ინფორმირებულობის ნაკლებობითა და გენდერული სტერეოტიპებით აიხსნება, რომლებიც პროფესიებს კვლავაც ქალებისა და კაცების საქმიანობებად ჰყოფს.
ამ რეალობის გათვალისწინებით, გაეროს ქალთა ორგანიზაცია, ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით, საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში ქალებისა და გოგოების ჩართულობის გაზრდაზე აქტიურად მუშაობს და მათთვის შესაბამისი ცოდნისა თუ კომპეტენციების გაზიარების ხელშეწყობას აგრძელებს.
წარმატებული პროექტის „500 ქალი ტექში“ შემდეგ, რომელიც ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტსა (BTU) და პარტნიორ ICT კომპანიებთან თანამშრომლობით განხორციელდა და უპრეცედენტო დაინტერესება გამოიწვია, BTU-სთან ერთად, გაეროს ქალთა ორგანიზაციამ კიდევ ერთი ინიციატივა „ქალები ხელოვნურ ინტელექტში“ - Women in AI დაგეგმა. პროექტი კვლავაც ტექნოლოგიებში ქალების მონაწილეობის გაძლიერებასა და ხელშეწყობას ემსახურება. მის ფარგლებში, მთელი საქართველოს მასშტაბით 200 ქალი შეირჩევა და ყველა მათგანი 9 თვის განმავლობაში ხელოვნური ინტელექტისა და ვებდეველოპმენტის მიმართულებებით გადამზადდება.
“ხელოვნური ინტელექტი გლობალური ტექნოლოგიური ტრენდია. ისევე როგორც სხვა ინოვაციურ სფეროებში, ამ მიმართულებითაც მთელ მსოფლიოში შეინიშნება ქალთა დაბალი ჩართულობა. ქალები ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით საკმარის განათლებას არ იღებენ და სამუშაო ძალის სახითაც საკმარისად ჩართულები არ არიან. შესაბამისად, ეს პროექტი მნიშვნელოვანია, რათა ქალებს მივცეთ საშუალება, მიიღონ ინოვაციური, სიღრმისეული ცოდნა, განივითარონ უნარები ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით და, შესაბამისად, გავაძლიეროთ ქალთა ჩართულობა ამ სფეროში”, - აღნიშნა ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორმა, ნინო ენუქიძემ Women in AI-ს პრეზენტაციაზე, რომელიც 21 დეკემბერს შედგა.
პროგრამაში ჩართვა შეუძლია ნებისმიერ, 16+ ასაკის მსურველს მთელი საქართველოდან. დაინტერესებულმა პირებმა მონაწილეობისთვის უნდა შეავსონ ონლაინ სარეგისტრაციო ფორმა, გაიარონ ინგლისური ენის, ლოგიკური აზროვნებისა და ტექნიკური კომპეტენციის შეფასების ტესტირებები. რეგისტრაცია 2024 წლის 5 იანვრამდე გაგრძელდება, პროექტის უშუალო განხორციელება კი 2024 წლის 1 თებერვალს დაიწყება.
Women in AI გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის „კარგი მმართველობა გენდერული თანასწორობისთვის საქართველოში“ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების კომპონენტის ნაწილია, რომელიც ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება.