„500 ქალი ტექნოლოგიებში“ - გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივა IT-ში გოგოების მხარდასაჭერად

თარიღი:

 "500 ქალი ტექნოლოგიებში" მონაწილეები. ფოტო: BTU
 "500 ქალი ტექნოლოგიებში" მონაწილეები. ფოტო: BTU

გენდერული სტერეოტიპების მსხვრევისა და ქალთა გაძლიერების ერთ-ერთი ყველაზე შედეგიანი გზა ტექნოლოგიების სფეროში ქალებისა და გოგოების მხარდაჭერაა. გაეროს ქალთა ორგანიზაციას, ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით, საქართველოში ამ მიმართულებით მუშაობის წარმატებული გამოცდილება აქვს. სწორედ ეს გამოცდილება უდევს საფუძვლად მასშტაბურ პროექტს „500 ქალი ტექნოლოგიებში“.

„500 ქალი ტექნოლოგიებში“ გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის, თიბისი ბანკის, ქალთა გაძლიერების პრინციპებზე ხელმომწერი კომპანიებისა და IT სექტორის წარმომადგენელთა ჩართულობით განხორციელდება. ინიციატივის შედეგად, მთელი საქართველოს მასშტაბით 500 ქალი შეირჩევა და საინფორმაციო ტექნოლოგიებში გადამზადდება. 6-თვიანი პროგრამა განკუთვნილია როგორც დამწყები, ისე გამოცდილი კანდიდატებისთვის.

ინიციატივის მხარდამჭერთა შორის ერთ-ერთია ქალთა გაძლიერების პრინციპებზე ხელმომწერი თიბისი, რომლის IT აკადემიაც მინიმუმ 100 მონაწილეს 9 სხვადასხვა მიმართულებით გადაამზადებს. აღსანიშნავია, რომ წარმატებულ კურდასმთავრებულებს თიბისისა და მის შვილობილ კომპანიებში დასაქმების შესაძლებლობაც ექნებათ.

„ჩვენ, როგორც ტექნოლოგიური კომპანია, რამდენიმე წელია, აქტიურად ვუწყობთ ხელს ახალგაზრდების ტექნოლოგიურ განათლებასა და ტექნოლოგიური პროფესიების განვითარებას. ამ მიზნით 2019 წელს IT აკადემია დავაარსეთ, სადაც დღემდე სხვადასხვა კურსი 600-მდე მონაწილემ გაიარა, 200-მდე კი თიბისიში დასაქმდა. ამავდროულად, თიბისი ყოველთვის მხარს უჭერდა ქალთა გაძლიერებას, როგორც თანამშრომლებისთვის განვითარების სხვადასხვა შესაძლებლობის შექმნით, ასევე ფინანსური და საგანმანათლებლო სერვისების შეთავაზებით. მაგალითად, თიბისიში ICT მიმართულებით დასაქმებულთა 37% ქალია“, - აღნიშნავს თიბისის გარემოს დაცვის, სოციალური და მმართველობის საკითხების კოორდინატორი მაკა ბოჭორიშვილი.

პროგრამა ისეთ მნიშვნელოვან მოდულებს აერთიანებს, როგორებიცაა Front-end დეველოპმენტი, Back-end დეველოპმენტი, UI/UX დიზაინი, გრაფიკული დიზაინი, ციფრული მარკეტინგი, ციფრული პროდუქტების ტესტირება და სხვა. ამ მოდულების გარდა, ჩატარდება ინგლისური ენის ინტენსიური კურსები და კარიერული ბუთქემფი, რომელიც კანდიდატებს ტექნოლოგიურ სფეროში სამუშაოს მოძიებისთვის საჭირო უნარ-ჩვევებს მისცემს. მონაწილეები გაივლიან ტრენინგებს ლიდერობის, გუნდური მუშაობის, კრიტიკული აზროვნების, მეწარმეობის, ბიზნესკომუნიკაციისა და კარიერული დაგეგმვის მიმართულებებით. მათთან ინტენსიურად იმუშავებენ ინდივიდუალური მენტორები, რომლებიც მათ კარიერულ განვითარებასა და შესაბამისი სამუშაოს მოძიებაში დაეხმარებიან.

ინიციატივა პროექტის „კარგი მმართველობა გენდერული თანასწორობისთვის საქართველოში“ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების კომპონენტის ნაწილია, რომელიც ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება.