ქალთა სოციალური და ეკონომიკური გაძლიერება

ხათუნა ბოლქვაძე, ფერმერი სოფელ მარადისიდან საკუთარ სათბურში. ფოტო: გვანცა ჩაგუნავა
ხათუნა ბოლქვაძე, ფერმერი სოფელ მარადისიდან საკუთარ სათბურში. ფოტო: გვანცა ჩაგუნავა

საქართველოში ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის, გაეროს ქალთა ორგანიზაცია საქართველოს მთავრობასთან, პარტნიორ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან, განვითარების მხარდამჭერ ორგანიზაციებთან და კერძო სექტორთან მჭიდროდ თანამშრომლობს. ქალთა ეკონომიკური გაძლიერების საკითხები გადაჯაჭვულია მდგრადი განვითარების მიზნების, განსაკუთრებით კი, მე-5, მე-8, მე-10 და მე-12 მიზნების მიღწევასთან. ამ მიზნით, გაეროს ქალთა ორგანიზაცია მუშაობს პოლიტიკისა და ინსტიტუციურ დონეზე, მეწარმე და სოფლად მცხოვრები ქალების მხარდაჭერის, ტექნოლოგიებში ქალების ჩართულობის ხელშეწყობის და კერძო სექტორის გაძლიერების მიმართულებით.

ქალი მეწარმეების ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ხელშეწყობის მიზნით, 2022 წელს, გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, სსიპ სოფლის განვითარების სააგენტომ შეიმუშავა ქალებზე ორიენტირებული პირველი სპეციალიზებული პროგრამა, რომელიც ქალი ფერმერებისთვის სასათბურე მეურნეობის მოწყობის ღირებულების თანადაფინანსებას ითვალისწინებდა, აღსანიშნავია, რომ ეს პროგრამა 2023 წლიდან სახელმწიფო დაფინანსებით გაგრძელდა.

მეწარმე ქალებისთვის ხელშემწყობი გარემოს შესაქმნელად, ბიზნეს ტრენინგების, ინდივიდუალური მენტორობის, ბიზნესის გაციფრულების ხელშეწყობის პარალელურად, გაეროს ქალთა ორგამიზაცია ყოველწლიურ ქალ მეწარმეთა პროდუქციის გამოფენა-გაყიდვას „Expo”-ს მართავს. ქალ მეწარმეთა გამოფენა-გაყიდვაში მეწარმეები მთელი საქართველოდან შეირჩევიან, რაც მათთვის ბაზრებზე ხელმისაწვდომობის, დიდ ბიზნესებთან დაკავშირების და სანაცნობო ქსელების გაზრდის შესაძლებლობაა.

კიდევ ერთი პრიორიტეტული მიმართულება, რომელსაც გაეროს ქალთა ორგანიზაცია სოფლად მცხოვრები ქალების ეკონომიკური გაძლიერებისთვის იყენებს, სოციალური მობილიზაციაა. ამ ინიციატივის მიზანია, ქალები აღჭურვოს იმ პიროვნული და პროფესიული უნარებით, რაც მათ ეკონომიკურ გაძლიერებასა და თავიანთი თემის კეთილდღეობის გაუმჯობესებაში დაეხმარებათ. სოციალური მობილიზაციის მეთოდოლოგიით, გაეროს ქალთა ორგანიზაცია ასევე მუშაობს ოჯახში დასაქმებულების შრომითი უფლებების შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და მათი სამუშაოს ფორმალიზაციის ხელშეწყობის მიმართულებით.

ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის კიდევ ერთი მიმართულება ქალების და გოგოების ტექნოლოგიებში ჩართულობის ხელშეწყობაა, რასაც გაეროს ქალთა ორგანიზაცია ქალზე მორგებული სასწავლო პროგრამების შემუშავების და სახელმწიფო პროგრამებში გენდერული მეინსტრიმინგის ხელშეწყობის გზით ახორციელებს. ეკონომიკური გაძლიერების პორტფელისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ჯგუფია უკრაინელი ლტოლვილი ქალები.

გაეროს ქალთა ორგანიზაცია ასევე დახმარებას უწევს ყოფილ პატიმარ და პრობაციონერ ქალებს თავშესაფარზე ხელმისაწვდომობის, ფსიქოლოგის დახმარების და პროფესიული ვორკშოპების გზით.

სამუშაო ადგილზე, ბაზარზე და საზოგადოებაში გენდერული თანასწორობის და ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პროცესში კერძო სექტორის ჩართულობის უზრუნველსაყოფად, გაეროს ქალთა ორგანიზაცია კერძო სექტორთან „ქალთა გაძლიერების პრინციპების“ (Women’s Empowerment Principles) ფარგლებში თანამშრომლობს. ქალთა გაძლიერების პრინციპების ქსელში გაწევრიანება კომპანიებს ამ ბმულის მეშვეობით შეუძლიათ: https://www.weps.org/join.

საქართველში გაეროს ქალთა ორგანიზაციის ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისკენ მიმართულ საქმიანობას მხარს უჭერს ნორვეგიის, დანიის, შვეიცარიის, ავსტრიის, იაპონიის მთავრობები და ევროკავშირი.