TechWomen Community - პლატფორმა ინოვაციებითა და ტექნოლოგიებით დაინტერესებული ქალებისთვის
თარიღი:

გაეროს ქალთა ორგანიზაცია ტექნოლოგიებით დაინტერესებული ქალებისა და გოგოებისთვის ახალი შესაძლებლობების შეთავაზებას აგრძელებს. 11 თებერვალს, მეცნიერი ქალებისა და გოგოების საერთაშორისო დღეს, სწორედ ერთ-ერთ ასეთ ინიციატივას TechWomen Community-ს ჩაეყარა საფუძველი.
პლატფორმა TechWomen Community გაეროს ქალთა ორგანიზაციის, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის, დანიის მთავრობისა და D block-ის პარტნიორობის ფარგლებში შეიქმნა. ინიციატივა აერთიანებს უფასო გადასამზადებელ კურსებს, სასარგებლო კავშირებს, იდეათონებს, ჰაკათონებს, მეწარმეობის ბანაკებს, კარიერული ზრდის ხელშეწყობასა და პროფესიული ქსელის გაძლიერებას. TechWomen Community-ში გაწევრიანება შეუძლია ნებისმიერ ქალს, ვისაც ტექნოლოგიების შესწავლა ან ამ სფეროში ცოდნის გაღრმავება სურს. საგულისხმოა, რომ მონაწილეებს D block-ის სამუშაო სივრცეებზე სპეციალური წვდომაც ექნებათ.
TechWomen Community-ს პრეზენტაციას გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი საქართველოში კაორი იშიკავა, ნორვეგიის ელჩი საქართველოში ბერგლიოტ ჰოვლანდი და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ნინო ენუქიძე ესწრებოდნენ. მათი მონაწილეობით გაიმართა პანელური დისკუსიაც, რომელიც ტექნოლოგიებში გოგოების ჩართულობას მიეძღვნა.
„დღეს ჩვენ TechWomen Community-ს დაარსებას აღვნიშნავთ. ეს არის არა მარტო სასწავლო შესაძლებლობა, არამედ ძლიერი პლატფორმა და მხარდამჭერი სივრცე ქალებისთვის, რომელიც მათ საშუალებას აძლევს, ერთმანეთი გაიცნონ, მიიღონ ცოდნა, განვითარდნენ, მოუსმინონ საინტერესო სპიკერებს, ისარგებლონ მენტორინგისა და პარტნიორობების შესაძლებლობებით, კარიერული და სხვა უნარების განვითარებისთვის საჭირო რესურსებზე წვდომით. მოვუწოდებ ყველას, აქტიურად ჩაერთოს TechWomen Community-ს საქმიანობაში და გახდეს მისი მონაწილე, მენტორი, მხარდამჭერი თუ უბრალოდ ცვლილებების ხელშემწყობი“, - აღნიშნა სიტყვით გამოსვლისას გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელმა საქართველოში კაორი იშიკავამ.
ამავე ღონისძიებაზე, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის თაოსნობით გლობალური ინიციატივა iamtheCODE-ის საქართველოს წარმომადგენლობაც დაფუძნდა. iamtheCODE საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით 18 ენაზე შედგენილ 60 000 ზე მეტ სერტიფიცირებულ კურსს აერთიანებს. iamtheCODE-ის პარტნიორი წევრები, რომელთა შორის ამიერიდან საქართველოც იქნება, კურსებზე წვდომას სრულიად უფასოდ იღებენ.
საგულისხმოა, რომ ინიციატივის გახსნის ღონისძიებისთვის საქართველოში ჩამოვიდა iamtheCODE-ის დამფუძნებელი, ტექნოლოგიებში ქალთა გაძლიერების მსოფლიოში ცნობილი აქტივისტი ლედი მარიემ ჟამმე, რომელიც არაერთი პრესტიჟული საერთაშორისო ჯილდოს მფლობელია. მან სიტყვით მიმართა დამსწრეებს, ისაუბრა iamtheCODE-ის მისიაზე, გამოცდილებასა და შესაძლებლობებზე, რომლებიც ინიციატივის შედეგად საქართველოსთვის გახდება ხელმისაწვდომი.
საგულისხმოა, რომ ქალთა გაძლიერების კუთხით გამოწვევები გლობალური მასშტაბით სულ უფრო იზრდება, რაც ახლებური მიდგომების გააზრებასა და შემუშავებას მოითხოვს. ამ ფონზე TechWomen Community-ისა და iamtheCODE-ის დაფუძნება ხელს შეუწყობს ქალების შესაბამისი ცოდნით, გამოცდილებით, კავშირებითა და უნარებით მხარდაჭერას, ტექნოლოგიებში ჩართულობას, ინოვაციურ და მაღალანაზღაურებად სფეროებში მონაწილეობას, რაც მათი შესაძლებლობებისა და პოტენციალის სრულად და თანასწორად რეალიზებასაც დაეხმარება.
ინიციატივები - TechWomen Community და iamtheCODE გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროგრამის „ქალთა ლიდერობის გაზრდა მდგრადი და მშვიდობიანი საზოგადოებებისთვის“ ნაწილია, რომელსაც დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით, გაეროს ქალთა ორგანიზაციის ოფისები საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში, ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული ოფისის მხარდაჭერით ახორციელებენ.