ლილი ფულარიანის სიტყვებით: „სქესის გამო, ქალებს კარი ბევრჯერ ჩაგვიკეტეს“

თარიღი: ოთხშაბათი, 22 აპრილი, 2020 წელი

ლილი ფულარიანი; ფოტო: ზაზა ნიკოლოზიშვილი
ლილი ფულარიანი; ფოტო: ზაზა ნიკოლოზიშვილი

ციფრული კომუნიკაციების სპეციალისტი და ლექტორი ლილი ფულარიანი 2019 წელს გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივაში მენტორად ჩაერთო. მან ის ტრენერები გადაამზადა, რომლებმაც შემდეგ დასავლეთ საქართველოს 5 რეგიონში 124 ქალს სოციალური მედია მარკეტინგი და ვებპროგრამირება შეასწავლეს. ლილი მონაწილეებისთვის ჩატარებულ ლექციებშიც ინტენსიურად იყო ჩართული. ინიციატივა პროექტის „ერთობლივი ძალისხმევა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის საქართველოში“ ფარგლებში, ნორვეგიის მთავრობის დაფინანსებით განხორციელდა. მისი დასრულების შემდეგ ლილიმ საგანმანათლებლო საქმიანობა გააგრძელა და მონაწილეებთან ერთად, ორგანიზაცია “ციფრული ცოდნის გამავრცელებელი ქალები” დააარსა. მისი წევრები ახლა საჯარო ლექციებსა თუ ტრენინგებს მოხალისეობრივად ატარებენ და ICT უნარების შეძენაში უკვე სხვებს ეხმარებიან.

Quote

3 წელია ციფრულ კომუნიკაციებს, ტექნოლოგიებს ვასწავლი და ამ პერიოდში სტუდენტ გოგოებსა და ბიჭებს შორის ის დიდი სხვაობა დავინახე, რასაც მანამდე ყურადღებას არ ვაქცევდი. როდესაც გოგოების უმრავლესობა შესრულებულ დავალებას წარადგენდა, ან გამოცდას აბარებდა, საკუთარ ნაშრომს აფასებდა, როგორც ცუდს, ან საშუალოს, თანაც, მაშინ, როცა უმაღლეს ქულას იმსახურებდა. ბიჭები კი პირიქით: საკუთარ თავში ყოველთვის უფრო დარწმუნებულები იყვნენ, ვიდრე მათ მიერ შესრულებული სამუშაო იძლეოდა ამის საშუალებას.

ამიტომაც მომინდა, გოგოებისთვის უფრო მეტი მესწავლებინა. მეჩვენებინა, რომ ციფრული ტექნოლოგიებისა და ზოგადად ტექნოლოგიების ათვისება თავადაც ძალიან მარტივად შეუძლიათ. თანაც, სქესის მიხედვით დაყოფა თავად სფეროებსაც აზარალებს. წარმოიდგინეთ, რამდენს კარგავს პროგრამული ინჟინერია მხოლოდ იმიტომ, რომ მისი ინტერესით გულანთებულ ქალს მოტივაცია გაუქრეს, რადგან ოჯახში, სანათესაოში, სკოლაში, ან უნივერსიტეტში მუდმივად მიუთითებდნენ, რომ მისი ჭკუა და უნარები ამ პროფესიას ვერ გასწვდებოდა.

ეს სტერეოტიპი მეც შემხებია, ამიტომ როდესაც პირველად გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტში მონაწილე ქალებს შევხვდი, მათ სირთულეებზე, წინააღმდეგობებზე, საკუთარ თავსა და გარშემომყოფებთან ბრძოლებზე ვესაუბრე. მოვუყევი ჩემი, ერთი ჯიუტი ქალის ამბავი, რომელიც მათსავით სოფელში ცხოვრობდა, კომპიუტერს 15 წლის ასაკში შეეხო და ნეპოტიზმით სავსე ქალაქში ყველასთვის სოფლიდან ჩამოსული გოგო იყო. თუმცა, ყოველთვის, როდესაც სასურველ ფაკულტეტზე, სამსახურზე, სტაჟირებაზე ან ხელფასზე უარს იღებდა, ამბობდა - კიდევ ვცდი და მართალია, მე-3 და მე-5 ცდაზე, მაგრამ მაინც გამოსდიოდა. ბოლოს კი ვიკითხე: ხართ ამ დარბაზში ჯიუტი ქალები? ტაშმა მიმახვედრა, რომ შეხვედრაზე შევედი, როგორც ერთი ჯიუტი ქალი და გამოვედი, როგორც 125-ე. ამ ქალების გაერთიანებამ ჩემთვის, მათთვის და კიდევ უამრავი სხვა ადამიანისთვის უკეთესობისკენ ბევრი შეცვალა და მომავალშიც შეცვლის. მათმა უმრავლესობამ რამდენიმე თვეში საკუთარ თავში ტექნოლოგიურ უნარებთან ერთად, ახალი ნიჭი და შესაძლებლობები აღმოაჩინა. ამ აღმოჩენებში სხვებსაც რომ დავხმარებოდით, ორგანიზაცია “ციფრული ცოდნის გამავრცელებელი ქალები” დავაარსეთ, რომლის ფარგლებშიც მოხალისეობრივად საჯარო ლექციებსა და ტრენინგებს ვატარებთ. პროფესიის, ასაკისა და სქესის მიუხედავად, ნებისმიერ მსურველს ვასწავლით, როგორ გამოიყენონ ციფრული ტექნოლოგიები ცოდნის, სამუშაოსა და შემოსავლის გასაუმჯობესებლად.

ხშირად უკითხავთ, კაცებსაც შეგვიძლია თქვენს ლექციაზე დასწრება? პასუხი კი ასეთია: სქესის გამო, ქალებს საკმარისად ბევრჯერ ჩაგვიკეტეს კარი იმისთვის, რომ ჩვენ იგივე აღარ გავიმეოროთ“.