ქალი მეწარმეების ტექნოლოგიური სტარტაპების მხარდასაჭერად

თარიღი:

მარიამ გოგორელიანი საკუთარ სტარტაპს წარადგენს. ფოტო: საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო
მარიამ გოგორელიანი საკუთარ სტარტაპს წარადგენს. ფოტო: საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო

30 წლის მარიამ გოგორელიანი პროფესიით აუდიტორი და სერტიფიცირებული შემფასებელია. საკონსულტაციო მენეჯერად მუშაობს და პარალელურად, საკუთარ სტარტაპს, „მულტის“ უძღვება. სტარტაპის იდეა პროფესიამ და ინვენტარიზაციის ავტომატიზაციის სურვილმა უკარნახა, ტექნიკურ გადაწყვეტილებაზე ფიქრი დაიწყო და გასულ წელს იგი რეალობად - ინოვაციურ პროგრამულ უზრუნველყოფად აქცია.

მარიამი ახლა ინტენსიურ კურსს გადის და საკუთარი სტარტაპის განვითარების, ინვესტიციების მოზიდვისა და საერთაშორისო ბაზრებზე გასვლის ტექნიკებს ეცნობა. კურსი სწრაფი ეკონომიკური ზრდის პროგრამის, „ქართველი ქალები ტექნოლოგიებში“ ნაწილია და მას სილიკონ ველის აქსელერატორი, აშშ-ის ბაზრის წვდომის ცენტრი (USMAC), USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამასთან პარტნიორობით ახორციელებს.

ინიციატივა, რომლის მიზანი ქართველი ქალი სტარტაპერებისთვის განვითარებასა და გლობალურ ბაზრებზე წარმატების მიღწევაში დახმარებაა, გასულ წელს დაიწყო. მონაწილეობისთვის სულ 12 ფინალისტი შეირჩა, მათგან 7-მა კი სტიპენდია მოიპოვა და თებერვლიდან ექვსთვიან ონლაინ სასწავლო კურსში ჩაერთო. მარიამიც ერთ-ერთი მათგანია. იგი პროგრამაში გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით მონაწილეობს.

სასწავლო კურსი პრაქტიკულ და თეორიულ ტრენინგებს მოიცავს. ქალ სტარტაპერებს ინტენსიურ ლექციებს სფეროს ექსპერტები უტარებენ. ამას გარდა, მონაწილეები მხარდაჭერასა და რჩევებს წამყვანი საერთაშორისო კომპანიების ლიდერებისა და მსოფლიოს ყველაზე ინოვაციური ტექნოლოგიური ეკოსისტემის - სილიკონის ველის ინვესტორებისგან იღებენ. ფინალისტები უფასოდ დაესწრებიან სტარტაპ გრაინდის საერთაშორისო ტექნოლოგიურ კონფერენციასაც, რომელიც ვირტუალურად თბილისიდან იმართება.

მარიამი იმედოვნებს, რომ ეს ცოდნა მას სამომავლოდ განვითარებაში, საერთაშორისო ბაზრებზე შესვლასა და ინვესტიციების მოზიდვაში დაეხმარება. „ახლა სტარტაპერები ზუსტად განვითარების ეტაპზე ვართ, მიღებულ გამოცდილებას სწორედ წინსვლისთვის გამოვიყენებთ. ამასთან, კურსის ფარგლებში სხვა მონაწილე საერთაშორისო სტარტაპები გავიცანით და მათთან მეგობრული და პოტენციური ბიზნესპარტნიორული ურთიერთობები დავამყარეთ“, - აღნიშნავს მარიამი.

საქართველოში გენდერული სეგრეგაცია პროფესიებსა და ბიზნესსაქმიანობებშიც გვხვდება. ერთ-ერთი მაღალანაზღაურებადი სფერო, სადაც ქალების ნაკლებობაა, საინფორმაციო ტექნოლოგიებია. ამ სფეროში მონაწილეობის გაზრდა ხელს შეუწყობს არა მარტო ქალების შესაძლებლობების რეალიზებას, არამედ პოზიტიურად აისახება მათი შემოსავლის მატებასა და ინოვაციური გამოგონებების კუთხით რეალიზებაზე.

ტექნოლოგიების სფეროში გენდერული უთანასწორობის შესამცირებლად, გაეროს ქალთა ორგანიზაცია პროექტის „ერთობლივი ძალისხმევა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის საქართველოში“ ფარგლებში, 2019-2020 წლებში სხვადასხვა ინიციატივას ახორციელებდა. მათ შორის იყო დასავლეთ საქართველოში მცხოვრები ქალებისთვის სოციალური მედია მარკეტინგისა და ვებპროგრამირების შესწავლა, მათი უნარებისა და შესაძლებლობების განვითარებაზე ზრუნვა, წარმატებული მონაწილეებისთვის ანაზღაურებად სტაჟირებასა თუ სტარტაპების წამოწყებაში დახმარება და ა.შ. პროგრამასთან „ქართველი ქალები ტექნოლოგიებში“ თანამშრომლობა და მარიამ გოგორელიანის სწავლის მხარდაჭერა სწორედ ამ ძალისხმევის ნაწილია.

აღსანიშნავია, რომ გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტი “ერთობლივი ძალისხმევა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის საქართველოში“ ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით განხორციელდა.