ინოვაციები მეწარმე ქალების გასაძლიერებლად
თარიღი:
„პანდემიამ ჩვენი საწარმოს საქმიანობა ძალიან დააზარალა. შარშან დახურვას კი გადავრჩით, მაგრამ ახალი, რთული გამოწვევების წინაშე აღმოვჩნდით. მათ დასაძლევად როგორც სამუშაო პროცესის, ისე რეალიზაციის თვალსაზრისით, ციფრული გადაწყვეტილებებისა და ინოვაციური მიდგომების დანერგვა გახდა საჭირო“, - ჰყვება კერამიკული სახელოსნოს, „პოტერიას“ ერთ-ერთი დამაარსებელი ელისაბედ დიმიტრიადი.
„პოტერია“ სოციალური საწარმოა. იგი ელისაბედმა ორ მეგობართან - ნათია ნოზაძესთან და ნათია კალმახელიძესთან ერთად, 2018 წელს, CSRDG-ის მხარდაჭერით დააფუძნა და 20-მდე ქალი დაასაქმა. თავიდანვე სახელოსნოს მიზანი იმ ჯგუფების მხარდაჭერა იყო, რომლებიც თანადგომას განსაკუთრებით საჭიროებდნენ. მაგალითად, დაარსების დღიდან თიხაზე მუშაობის თერაპია რესოციალიზაციასა და ახალი პროფესიის შესწავლაში კანონთან კონფლიქტში მყოფ არაერთ ქალს დაეხმარა. საწარმოს, რომელშიც მრავალფეროვანი ნაწარმი - სუვენირები, ჭურჭელი, ინტერიერის დეკორი და ა.შ. იქმნებოდა, ძირითადი მომხმარებლები ტურისტებს შორის ჰყავდა, ამიტომ პანდემიამ და შეზღუდვებმა მას სირთულეები რეალიზაციის კუთხითაც შეუქმნა.
სწორედ ამ სირთლეების გადალახვის გზებს ეძებდა ელისაბედი, როდესაც მისი ყურადღება გაეროს ქალთა ორგანიზაციის ფეისბუქის გვერდზე გამოქვეყნებულმა განცხადებამ მიიპყრო. აღმოაჩინა, რომ მეწარმე ქალებისთვის ონლაინკურსი „ინოვაციური სტრატეგიები და ციფრული გარდაქმნა“ იწყებოდა. ეს კი სწორედ ის თემები იყო, რომლებიც ახალ რეალობაში „პოტერიას“ ძალიან სჭირდებოდა. „ვხედავდი, რომ COVID-19-ის გამო, დიგიტალიზაცია ძალიან აქტუალური იყო. შესაბამისად, შემოთავაზებულმა თემატიკამ მონაწილეობის მიღებისთვის დიდი მოტივაცია მომცა. რეგისტრაცია მაშინვე გავიარე“, - ჰყვება ელისაბედი.
ონლაინკურსი „ინოვაციური სტრატეგიები და ციფრული გარდაქმნა“ გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და საქართველოში ისრაელის საელჩოს ერთობლივი ინიციატივით, მაშავისა და მაშავის კარმელის სასწავლო ცენტრთან პარტნიორობით, მიმდინარე წლის თებერვალ-მარტში ჩატარდა. მის მიზანს მეწარმე ქალების გაძლიერება, მათთვის ინოვაციური პროცესებისა და მეთოდოლოგიების შესახებ ცოდნის გაზიარება წარმოადგენდა.
თემატიკის აქტულობიდან გამომდინარე, კურსმა დიდი დაინტერესება გამოიწვია. ელისაბედის გარდა, იგი 34-მა მეწარმე ქალმა გაიარა. მიღებული ცოდნა მათ ინოვაციური სტრატეგიის ჩამოყალიბებაში, პროცესების პროდუქტიულობის გაზრდაში, სწორი მეთოდოლოგიების ჩამოყალიბებაში, განსხვავებული ბიზნესინსტრუმენტების გამოყენებასა და ახალ რეალობასთან ადაპტაციაში ეხმარება. ელისაბედი აღნიშნავს, რომ კურსის მიმდინარეობისას გაზიარებული ინფორმაცია დროსთან ერთად, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება. „ბევრი სასარგებლო რჩევა მივიღეთ. მაგალითად, როგორ შევქმნათ საინტერესო კონტენტი - ვიდეოები, გრაფიკა და ა.შ. როგორც წარვადგინოთ და დავტესტოთ ინოვაციები, როგორ ვესაუბროთ მომხმარებელს, რა სახის მონაცემთა ბაზა ვაწარმოოთ გაყიდვებსა თუ პოპულარულ პროდუქტებზე“, - ამბობს ის და დასძენს, რომ მიღებულ ცოდნას უკვე პრაქტიკაშიც იყენებს: „ამ მონაცემების დახმარებით, ჩვენი მომხმარებლების ქცევა უფრო კარგად შევისწავლეთ და მათი ლოალობის ხარისხი გავზარდეთ. მიღებული რჩევებით კი სოციალური ქსელების კონტენტი გავაუმჯობესეთ და მეტად საინტერესო გავხადეთ“, - აღნიშნავს ის.
ახლა კერამიკული სახელოსნო „პოტერია“ კვლავაც ქალების გაძლიერებაზე ორიენტირებულ საწარმოდ რჩება და სხვადასხვა სახის სოციალურ პროექტს გეგმავს. ქალთა გაძლიერების პრინციპებზე ხელმომწერ ლიბერთისთან თანამშრომლობით, 60 წელს ზემოთ ასაკის ქალებმა თიხაზე მუშაობის ორთვიანი კურსი გაიარეს და კერამიკის დამზადების ყველა ეტაპი შეისწავლეს. ელისაბედს სურს, რომ ასეთივე ინიციატივა ძალადობაგამოვლილი ქალებისთვისაც განახორციელოს.