სამთავრობათაშორისო დახმარება
გაეროს სამთავრობათაშორისო ფორუმებზე წევრი სახელმწიფოები იკრიბებიან, რათა იმსჯელონ და შეთანხმდნენ გენდერული თანასწორობის გლობალურ ნორმებსა და სტანდარტებზე. მათ მიერ ნაკისრი ვალდებულებები წარმოადგენს საფუძველს სამთავრობო და სხვა დაინტერესებული მხარეების ქმედებისთვის გლობალურ, რეგიონულ და ეროვნულ დონეებზე გენდერული თანასწორობისა და ქალთა შესაძლებლობების გაზრდის მისაღწევად. ეს ვალდებულებები იძლევა სტიმულს იმგვარი კანონების, პოლიტიკისა და პროგრამების მიღებისა და გაუმჯობესებისთვის, რომლებიც ხელს შეუწყობს ქალებსა და მამაკაცებს შორის თანასწორობის დამკვიდრებას.
გენდერული თანასწორობის და ქალთა შესაძლებლობების გაზრდის საკითხებზე ძირითადი სამთავრობათაშორისო ფორუმია გაეროს კომისია ქალთა მდგომარეობასთან დაკავშირებით. აღნიშნულ თემებზე მსჯელობენ, აგრეთვე, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე, უშიშროების საბჭოზე, ეკონომიკურ და სოციალურ საბჭოზე (ECOSOC), ასევე, ფართო საერთაშორისო კონფერენციებზე.
საკუთარი მანდატის ფარგლებში გაეროს ქალთა ორგანიზაცია წევრ სახელმწიფოებს ნორმების ჩამოყალიბებაში ეხმარება. ჩვენ ვაწარმოებთ კვლევას, ვაგროვებთ მტკიცებულებებს, მათ შორის კარგი პრაქტიკისა და შეძენილი გამოცდილების შესახებ, რათა უზრუნველვყოთ ინფორმაცია სამთავრობათაშორისო განხილვებისა და გადაწყვეტილებებისთვის. ჩვენ ასევე ვეხმარებით სახელმწიფოებს ნორმებისა და სტანდარტების განხორციელებაში სხვადასხვა ქვეყნისთვის განკუთვნილი ჩვენი პროგრამების მეშვეობით. გარდა ამისა, გაეროს ქალთა ორგანიზაცია უძღვება და კოორდინაციას უწევს გაეროს სისტემის საქმიანობას, რომელიც მიმართულია გენდერული თანასწორობისა და ქალთა შესაძლებლობების გაზრდის ხელშეწყობისთვის.
გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ სხვადასხვა ქვეყანაში წარმართული საქმიანობის სამთავრობათაშორისო განხილვები იმართება აღმასრულებელ საბჭოში, სადაც გაეროს წევრი ქვეყნებისგან როტაციის პრინციპით შედგენილი გუნდი ხელს უწყობს სტრატეგიული მიმართულებების დასახვას.