მმართველობა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობა

ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია
ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია

გაეროს ქალთა ორგანიზაცია სამთავრობო და არასამთავრობო პარტნიორებთან ერთად მუშაობს იმის უზრუნველსაყოფად, რომ ქალებმა და გოგოებმა სრულად და თანაბრად შეძლონ მონაწილეობის მიღება გადაწყვეტილებების მიღებაში, ისარგებლონ იმ სიკეთეებით, რაც გენდერულად პასუხისმგებლიან მმართველობას მოაქვს. ამ მიზნით, გაეროს ქალთა ორგანიზაცია ტექნიკურ მხარდაჭერას უწევს მთავრობას, ნაციონალიზებული მდგრადი განვითარების მიზნების (SDG), განსაკუთრებით კი მე-5 და მე-16 მიზნების ფარგლებში დასახული ინდიკატორების მიღწევაში, რათა შემდგომში უზრუნველყოს, რომ ეროვნული კანონმდებლობა, პოლიტიკა და პრაქტიკა საქართველოს მიერ აღებულ საერთაშორისო ვალდებულებებსა თუ გენდერული თანასწორობის და ქალთა გაძლიერების მიმართ გაკეთებულ დაპირებებს შეესაბამებოდეს, განსაკუთრებით, კი მათ, რაც „ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კონვენციის“ (CEDAW), მისი ზოგადი რეკომენდაციებისა და დასკვნითი შენიშვნების, ასევე პეკინის მოქმედებათა პლატფორმის ფარგლებში არის აღებული.

გენდერული საკითხების გათვალისწინება 2023-2026 წლების „საჯარო მმართველობის რეფორმის“ სტრატეგიაში, გენდერული თანასწორობის მიმართ აღებული ვალდებულებების ინტეგრირება 2023-2026 წლების „საჯარო ფინანსების მართვის სტრატეგიაში“ და გენდერული ზემოქმედების შეფასების (GIA) ასახვა კანონშემოქმედების ციკლში იმ მთავარ მიღწევებს შორისაა, რაც უშუალოდ გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ გაწეული ტექნიკური მხარდაჭერის შედეგად გახდა შესაძლებელი. გარდა ამისა, 2020-2023 წლებში გაეროს ქალთა ორგანიზაციის დახმარებით, ბევრმა საჯარო უწყებამ შიდა მექანიზმები შეიმუშავა და დანერგა სექსუალური შევიწროების პრევენციისა და მასზე რეაგირების მიზნით. ამის შემდეგ, 2019-2023 წლებში გაეროს ქალთა ორგანიზაციამ 2,000-მდე საჯარო მოხელის შესაძლებლობები აამაღლა გენდერული თანასწორობისა და გენდერული მეინსტრიმინგის, მათ შორის, გენდერულად მგრძნობიარე ბიუჯეტირების საკითხებში. ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის მიმართ უფრო მეტი საზოგადოებრივი მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად, გაეროს ქალთა ორგანიზაცია რეგულარულად უჭერს მხარს ცნობიერების ამაღლებაზე მიმართულ და საინფორმაციო კამპანიებს. 2024 წელს გაეროს ქალთა ორგანიზაციამ ცნობიერების ამაღლების კამპანია განახორციელა, რომლის მიზანიც იყო ქალთა გაზრდილი პოლიტიკური მონაწილეობისთვის ადვოკატირება და ქალების და გოგოების წახალისება არჩევნებში მონაწილეობისთვის, რამაც 1,000,000-ზე მეტი ადამიანი მოიცვა საქართველოში.

ადგილობრივი თვითმმართველობების ეროვნულ ასოციაციასთან (ათეა) გაეროს ქალთა ორგანიზაციის მუშაობის უშუალო შედეგია ის, რომ 49-მდე მუნიციპალიტეტმა მიიღო მუნიციპალური გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმები, რომლებიც თანხვედრაშია გაეროს ქალთა ორგანიზაციის და „ათეა“-ს მიერ შემუშავებულ სახელმძღვანელო პრინციპებთან. ამას გარდა, 21 მუნიციპალიტეტი „ადგილობრივ ცხოვრებაში ქალთა და მამაკაცთა თანასწორობის ევროპულ ქარტიას“ მიუერთდა.

გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების შესახებ მონაცემთა შეგროვება და ანალიზი გაეროს ქალთა ორგანიზაციის მუშაობის კიდევ ერთ მთავარ სფეროს წარმოადგენს. ამ მხრივ, გაეროს ქალთა ორგანიზაცია ორ წელიწადში ერთხელ ამზადებს პუბლიკაციას „ქვეყნის პროფილი გენდერული თანასწორობის ჭრილში“, რომელიც საქართველოში არსებულ მდგომარეობას აღწერს და აანალიზებს მდგრადი განვითარების მიზნების, ასევე პეკინის მოქმედებათა პლატფორმისა და ქალთა კონვენციის (CEDAW) ინდიკატორების შესაბამისად. 2020-2021 წლებში, გაეროს ქალთა ორგანიზაციამ, საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურთან (საქსტატი) პარტნიორობით საქართველოში პირველად „დროის გამოყენების კვლევა“ განახორციელა, რამაც მკაფიოდ გამოკვეთა გენდერული უთანასწორობა აუნაზღაურებელი ზრინვის შრომის გადანაწილებისას და შესაბამისი დებატებიც გამოიწვია ეროვნულ დონეზე.

გაეროს ქალთა ორგანიზაციის ძალისხმევა, რომელიც ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გაზრდას და ეროვნულ დონეზე დაგეგმვასა და ბიუჯეტირებაში გენდერული საკითხების ინტეგრირებას ისახავს მიზნად, ძირითადად ნორვეგიის (2019 წლიდან), შვეიცარიის (2023 წლიდან), ასევე დანიის (2024 წლიდან) მთავრობების მხარდაჭერით ხორციელდება.