მასშტაბური პროექტი „500 ქალი ტექში“ წარმატებით დასრულდა

თარიღი:

პროექტის "500 ქალი ტექში" მონაწილეები შემაჯამებელ ღონისძიებაზე. ფოტო: ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი
პროექტის "500 ქალი ტექში" მონაწილეები შემაჯამებელ ღონისძიებაზე. ფოტო: ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი

საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები მთელ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად განვითარებად, პერსპექტიულ და მაღალანაზღაურებად სფეროს წარმოადგენს. პარალელურად, გენდერული სტერეოტიპები, რომლებიც პროფესიის არჩევაზე კვლავაც დიდ გავლენას ახდენს, ამ ინდუსტრიას „კაცების საქმედ მიიჩნევს“, რაც ქალებისთვის სასურველი კარიერის არჩევის, პროფესიული რეალიზებისა და შემოსავლიან პოზიციებზე დასაქმების შესაძლებლობებს ამცირებს.

ამავეს ცხადყოფს სტატისტიკური მონაცემებიც: საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირის მონაცემებით, საქართველოში საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში დასაქმებული ქალების წილი 12%-ს შეადგენს, შესაბამისი ფაკულტეტების კურსდამთავრებულთა შორის კი გოგო მხოლოდ 14,5%-ია. არსებული სტერეოტიპული მიდგომების შეცვლისა და ტექნოლოგიებში გოგოების ჩართულობის გაზრდისთვის, გაეროს ქალთა ორგანიზაცია, ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერითა და კერძო სექტორთან პარტნიორობით, აქტიურად მუშაობს. სწორედ ამ ძალისხმევის ნაწილს წარმოადგენდა პროექტი „500 ქალი ტექში“, რომელიც ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტსა და პარტნიორ ICT კომპანიებთან თანამშრომლობით, 2021 წლიდან ხორციელდებოდა და მიმდინარე წლის მაისის ბოლოს დასრულდა.

„500 ქალი ტექში“ მთელი ქვეყნის მასშტაბით საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების პოპულარულ პროფესიებში 500 ქალის უფასო გადამზადებას გულისხმობდა, თუმცა პროექტმა იმდენად უპრეცედენტო დაინტერესება გამოიწვია, რომ მონაწილეთა რიცხვი საბოლოოდ 1000-მდე გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ მათ შორის იყვნენ ის უკრაინელი ქალები და გოგოებიც, რომლებსაც სამშობლოს დატოვება ომის გამო მოუხდათ.

„500 ქალი ტექში“ საოცარი შანსია მათთვის, ვინც დამწყებია და ტექნოლოგიებში თავის დამკვიდრება სურს. ერთი წელი გავიდა, რაც კურსი გავიარე და უკვე ორ საერთაშორისო კომპანიაში მოვახერხე UI/UX დიზაინერად მუშაობა. დღესაც ძალიან ბევრ რამეს ვსწავლობ და წინ დიდი გეგმები მაქვს“, - აღნიშნავს სალომე გიგნიაშვილი, რომელმაც პროექტის დახმარებით UI/UX დიზაინი შეისწავლა.

„500 ქალი ტექში“ 6-თვიან კურსს მოიცავდა. იგი სხვადასხვა პროფესიის დაუფლებასთან ერთად, ინგლისური ენის ინტენსიურ სწავლებას, პრაქტიკულ დავალებებს, კარიერულ ბუთქემფს, მეწარმეობის შესახებ სემინარებს, ინდივიდუალურ მენტორინგსა და სტაჟირებას აერთიანებდა. პროექტი მონაწილეებს დასაქმების ფორუმებსა და ინდუსტრიაში მუშაობის შესაძლებლობასაც სთავაზობდა. სწორედ მისი დახმარებით დასაქმდა ერთ-ერთი მონაწილე ლაკა ნოდიაც, რომელმაც ფრონტ ენდ დეველოპმენტი შეისწავლა: „ბედნიერი ვარ, რომ მომეცა შანსი, საკუთარი თავი ტექნოლოგიების სფეროში გამომეცადა. ეს შესაძლებლობა გამოწვევად მივიღე და დღეს ამ პროექტის წყალობით უკვე ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია „კრისტალში“ უმცროსი ვებ დეველოპერის პოზიციაზე ვმუშაობ“, - აღნიშნავს ლაკა.

„500 ქალი ტექში“ პროექტის „კარგი მმართველობა გენდერული თანასწორობისთვის საქართველოში“ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების კომპონენტის ნაწილს წარმოადგენს, რომელიც ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით, გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ ხორციელდება.