საქართველოს მთავრობა სექსუალურ შევიწროებაზე პრევენციულ ძალისხმევას აძლიერებს

თარიღი:

2019 წელს საქართველოს პარლამენტმა სექსუალური შევიწროების შესახებ კანონი მიიღო. ახალი კანონმდებლობის ეფექტიანი განხორციელების მიზნით, გაეროს ქალთა ორგანიზაცია მხარს უჭერს საქართველოს მთავრობას სექსუალური შევიწროების შესახებ პრევენციული ძალისხმევის გაძლიერებაში.

GE Commission communication working group members discussing the integration of sexual harassment issues into the Government’s prevention work on ending violence against women
გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის უწყებათაშორისი კომისიის კომუნიკაციის სამუშაო ჯგუფი ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მთავრობის პრევენციულ მუშაობაში სექსუალური შევიწროების საკითხების ინტეგრირებაზე მსჯელობს; ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია 

2019 წლის 24-26 სექტემბერს, კახეთში, გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და ევროკავშირის მხარდაჭერით, გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის უწყებათაშორისი კომისიის კომუნიკაციის სამუშაო ჯგუფის სამდღიანი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. იგი სექსუალური შევიწროების საკითხებზე პრევენციულ მუშაობას მიეძღვნა.

შეხვედრა მიზნად ისახავდა სექსუალური შევიწროების საკითხებში იმ სახელმწიფო უწყებების შესაძლებლობების გაძლიერებას, რომლებიც ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ძალისხმევაში არიან ჩართულები. შეხვედრის მიმდინარეობისას სამუშაო ჯგუფმა იმსჯელა სექსუალური შევიწროების შესახებ ცნობიერების ამაღლებასთან დაკავშირებულ ღონისძიებებზე, რომელთა ჩატარებაც გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში იგეგმება. სამუშაო შეხვედრის შედეგად, სექსუალური შევიწროების საკითხები ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე ეროვნულ საკომუნიკაციო სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაში ინტეგრირდა. აღნიშნული სტრატეგია და გეგმა 2018 წელს გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის მიერ, გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და ევროკავშირის მხარდაჭერით შემუშავდა და დამტკიცდა.

„სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ ბრძოლისთვის სამართლებრივი ჩარჩოს ჩამოყალიბება და ეფექტიანი აღსრულების მექანიზმების შემოღება წინგადადგმული ნაბიჯია. თანმიმდევრულ კომუნიკაციას - სოციალური კამპანიების, ტრენინგებისა და საინფორმაციო შეხვედრების ჩატარებას მნიშვნელოვანი როლი აქვს სექსუალური შევიწროების პრევენციაში“, -აღნიშნა საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენელმა მარიეტა ახვლედიანმა.

2017 წელს გაეროს ქალთა ორგანიზაციამ, საქსტატთან თანამშრომლობითა და ევროკავშირის მხარდაჭერით, ქალთა მიმართ ძალადობის ეროვნული კვლევა ჩაატარა, რომლის მიხედვითაც საქართველოში ქალების 20%-ს სექსუალური შევიწროება გამოუცდია, მათ შორის 10%-ს -სამუშაო ადგილზე. კვლევის შედეგებმა ხელი შეუწყო საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას და გადაწყვეტილების მიმღებთა მობილიზებას სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ, რის შედეგადაც, საქართველოს პარლამენტმა სექსუალური შევიწროების დასარეგულირებლად საკანონმდებლო ცვლილებები განახორციელა.

სექსუალური შევიწროების საკითხებზე პრევენციული ღონისძიებების ჩატარება პირდაპირ პასუხობს საქართველოს მთავრობის მიერ ევროპის საბჭოს "ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ კონვენციით" აღებულ ვალდებულებას. კონვენციის რატიფიცირება საქართველოს მიერ 2017 წლის მაისში მოხდა, რაც ქვეყნის მთავრობას ავალდებულებს, რეგულარულად განახორციელოს ცნობიერების ამაღლების კამპანიები და პროგრამები ქალთა მიმართ ძალადობის ყველა ფორმის, მათ შორის სექსუალური შევიწროების პრევენციის მიზნით.

ინიციატივა გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ, ევროკავშირის მხარდაჭერით, პროექტის „ერთად დავძლიოთ ქალთა მიმართ ძალადობა“ ფარგლებში ხორციელდება.