სექსუალური შევიწროების დაძლევას მაღალი დონის შეხვედრა მიეძღვნა
თარიღი:
გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიან გლობალურ კამპანიასა და მის წლევანდელ მთავარ აქცენტს - სექსუალურ შევიწროებას მაღალი დონის შეხვედრა მიეძღვნა.
შეხვედრაზე, რომელიც გაეროს გენდერის თემატური ჯგუფის მიერ, გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და USAID/PROLoG-ის მხარდაჭერით გაიმართა, პარლამენტის, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა სექსუალური შევიწროების პრევენციისა და მასზე რეაგირებისთვის საჭირო საკანონმდებლო ცვლილებებზე იმსჯელეს.
სექსუალური შევიწროება, როგორც გენდერული ნიშნით დისკრიმინაციისა და უთანასწორობის ერთ-ერთი გამოვლინება, საქართველოშიც აქტუალური პრობლემაა. ქალთა მიმართ ძალადობის 2017 წლის ეროვნული კვლევის მიხედვით, რომელიც გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ ჩატარდა, საქართველოში სექსუალური შევიწროება ცხოვრების განმავლობაში 5-დან 1 ქალს გამოუცდია. თუმცა, ქვეყანაში სექსუალური შევიწროების პრევენციისა და მასზე რეაგირებისთვის შესაბამისი კანონმდებლობა არ არსებობს, რაც პრობლემის დაძლევის კუთხით მუშაობას მნიშვნელოვნად აფერხებს.
აღნიშნული ხარვეზის აღმოსაფხვრელად, საქართველოს პარლამენტის გენდერულმა თანასწორობის საბჭომ, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის პროგრამის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLoG) მხარდაჭერით, სექსუალური შევიწროების პრევენციისა და მასზე რეაგირებისთვის კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებების პროექტი მოამზადა. პროექტი პარლამენტისა და გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრმა დიმიტრი ცქიტიშვილმა მაღალი დონის შეხვედრის მონაწილეებს გააცნო. როგორც მან აღნიშნა, კანონმდებლობის შემუშავების პარალელურად, მნიშვნელოვანია ამაღლდეს საზოგადოების ცნობიერება, რომელიც სექსუალურ შევიწროებას გარკვეულ ლეგიტიმაციას აძლევს.
მაღალი დონის შეხვედრას გაეროს ქალთა ორგანიზაციის აღმასრულებელი კოორდინატორი და პრესსპიკერი სექსუალურ შევიწროებასა და დისკრიმინაციის სხვა ფორმების შესახებ პურნა სენი ესწრებოდა, რომელმაც სექსუალური შევიწროების მიმართ გაეროს სისტემის რეაგირებასა და გლობალურად განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა: „მდგრადი განვითარების მეხუთე მიზანი გაეროს წევრ სახელმწიფოებს ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრას ავალდებულებს. სექსუალური შევიწროება, როგორც ქალთა მიმართ ძალადობის ერთ-ერთი ფორმა არანაკლებ მნიშვნელოვანი გამოწვევაა. თანამედროვე საზოგადოებამ სოციალურ და კულტურულ ნორმებს უნდა გადახედოს“, - აღნიშნა პურნა სენმა თავის გამოსვლაში.
ამას გარდა, პურნა სენმა მაღალი დონის შეხვედრის მონაწილეებს გაეროს ქალთა ორგანიზაციის პუბლიკაცია „სექსუალური ძალადობის დასასრულისკენ: ცვლილებების ტემპი და ხასიათი #MeToo-ს ერაში“ წარუდგინა. პუბლიკაცია განკუთვნილია საკანონმდებლო საკითხებზე მომუშავეთათვის, ქალთა უფლებადამცველებისა და აქტივისტებისთვის. მასში წარმოდგენილია გაეროს ქალთა ორგანიზაციის გამოცდილება, სახელმძღვანელო წესები და პრაქტიკა სექსუალური შევიწროების დასაძლევად.