გაეროს ქალთა ორგანიზაციის სასერტიფიკატო კურსი სექსუალური შევიწროების შესახებ სულ უფრო პოპულარული ხდება

თარიღი:

სექსუალური შევიწროების შესახებ სასერტიფიკატო კურსის მონაწილეთა ჯგუფური ფოტო. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია/თაკო რობაქიძე
სექსუალური შევიწროების შესახებ სასერტიფიკატო კურსის მონაწილეთა ჯგუფური ფოტო. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია/თაკო რობაქიძე

ბიზნესკომპანიების თანმიმდევრულ და სწორ პოლიტიკას განსაკუთრებული როლის შესრულება შეუძლია სამუშაო ადგილზე ინკლუზიური მიდგომების დანერგვაში, არადისკრიმინაციული, თანასწორი გარემოს შექმნაში, სექსუალური შევიწროების პრევენციასა და მასზე ეფექტიან რეაგირებაში.

საქართველოში გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და კერძო სექტორის პარტნიორობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი სწორედ ამ თემების ირგვლივ თანამშრომლობას მოიცავს. 2016 წლიდან გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპებზე ხელმომწერ ბიზნესკომპანიებს, სხვა საკითხებთან ერთად, გაეროს ქალთა ორგანიზაცია სექსუალური შევიწროების შესახებ არსებულ საუკეთესო პრაქტიკას უზიარებს და მათ ოპტიმალური მიდგომების დანერგვაშიც ეხმარება.

სწორედ ეს გამოცდილება დაედო საფუძვლად 4-დღიან სასერტიფიკატო პროგრამას, რომელიც გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ კერძო სექტორისთვის შეიქმნა. ის სექსუალური შევიწროების, მისი მიზეზებისა და შედეგების შესახებ ცნობიერებისა და მგრძნობელობის ამაღლებას, სექსუალური შევიწროების პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმის დანერგვის მიმართულებით კერძო სექტორში მომუშავეთა გადამზადებას ისახავს მიზნად.

პროგრამის მიმდინარეობისას მონაწილეები ეცნობიან, რას ნიშნავს სექსუალური შევიწროება და რატომ არის მისი პრევენცია მნიშვნელოვანი, რა პრაქტიკული ნაბიჯები უნდა გადაიდგას სექსუალური შევიწროების მექანიზმის დასანერგად და როგორ უნდა მოხდეს ამგვარი ფაქტების მსხვერპლზე ორიენტირებული მიდგომით შესწავლა. საჭიროების შემთხვევაში, კერძო სექტორში მომუშავეებს შესაძლებლობა აქვთ, ინდივიდუალური კონსულტაციები მიიღონ გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლებისა და თემის ექსპერტებისგან.

აღსანიშნავია, რომ პროგრამა 2024 წლის განმავლობაში 24-მა მსურველმა გაიარა და ყველა მათგანმა სამუშაო ადგილზე სექსუალური შევიწროების პრევენციის მექანიზმის შექმნის ვალდებულებაც აიღო. მონაწილეებს შორის იყო „გლობალ ბენეფიტს ჯორჯიას“ ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსი ანა ნიშნიანიძეც.

„თითქოს ძალიან მარტივია სექსუალური შევიწროების ამოცნობა, თუმცა ტრენინგებიდან ნათლად გამოჩნდა, როგორი შენიღბული შეიძლება იყოს ასეთი შემთხვევები, განსაკუთრებით კი სამსახურებრივ სივრცეში. მაგალითებმა, რომლებიც განვიხილეთ, კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რამდენად მნიშვნელოვანია, თითოეულმა ადამიანმა შეძლოს ამ პრობლემის იდენტიფიცირება და იცოდეს, რა ნაბიჯების უნდა გადადგას მის აღმოსაფხვრელად“, - ამბობს ანა და აპირებს, თემის ირგვლივ ცოდნის გაზიარებაზე თავადაც იზრუნოს. „კომპანიაში სექსუალური შევიწროების გასაჩივრების მექანიზმის დანერგვასა და შესაბამისი ტრენინგების ჩატარებასაც ვგეგმავთ. გვჯერა, რომ თუ ცნობიერების ამაღლებაზე ვიზრუნებთ, სამუშაო ადგილზე სექსუალური შევიწროების შემთხვევების რიცხვი საბოლოოდ საგრძნობლად შემცირდება“, - დასძენს ანა.

სექსუალური შევიწროების პრევენცია და მასზე რეაგირების მექანიზმების შესახებ სასერტიფიკატო პროგრამა 2025 წელსაც გაგრძელდება. იგი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის „კარგი მმართველობა გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის საქართველოში“ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების კომპონენტის ფარგლებში, რომელსაც ნორვეგიის სააგენტო განვითარების თანამშრომლობისთვის აფინანსებს. ასევე, პროგრამის მხარდამჭერია გაეროს ქალთა ორგანიზაციის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული პროგრამა „ქალთა ლიდერობის გაზრდა მდგრადი და მშვიდობიანი საზოგადოებებისთვის“, რომელიც დანიის მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება.