როგორ გამოვიყენოთ ტექნოლოგიები სექსუალური შევიწროების დასაძლევად

თარიღი:

ყოველწლიური დეველოპერების ფესტივალის, DevFest-ის ფარგლებში, საქართველოში მოქმედმა Google-ის დეველოპერების ჯგუფმა და გაეროს ქალთა ორგანიზაციამ ერთობლივი დიზაინ სპრინტი გამართეს.

დიზაინ სპრინტის მონაწილეები სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ გადაწყვეტილებების შესაქმნელად ჯგუფებში მუშაობენ
დიზაინ სპრინტის მონაწილეები სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ გადაწყვეტილებების შესაქმნელად ჯგუფებში მუშაობენ; ფოტო: დიმიტრი გოდერძიშვილი

ინტერაქტიულმა ღონისძიებამ 20 მონაწილე გააერთიანა, რომელთა შორის გენდერული თანასწორობის ექსპერტები, ვებდეველოპერები, ტექნოლოგიების სპეციალისტები და დიზაინერები იყვნენ. დიზაინ სპრინტი საჯარო და სამუშაო სივრცებში სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ ბრძოლისთვის ინოვაციური გადაწყვეტილებების მოძიებას ისახავდა მიზნად.

საქართველოს სახალხო დამცველის თანასწორობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ქეთევან შუბაშვილმა და გენდერის ექსპერტმა ბაია პატარაიამ მონაწილეებს სექსუალური შევიწროების არსი, ფორმები და შედეგები გააცნეს. შემდეგ კი ისინი 4 ჯგუფად განაწილდნენ და Google-ის ექსპერტის, ემილია მაის ხელმძღვანელობით, უშუალოდ გადაწყვეტილებებზე დაიწყეს მუშაობა.

„სექსუალურ შევიწროებაზე დღეს ძალიან ბევრი რამ გავიგე. ახლა მნიშვნელოვანია, ჩვენი იდეებით რაც შეიძლება მეტ ადამიანს გავუზიაროთ ეს ინფორმაცია. ჩვენი გუნდი მობილური აპლიკაციის კონცეფციის შექმნას აპირებს, რათა სექსუალური შევიწროების მსხვერპლმა დახმარება ნაკლები დისკომფორტით, მარტივად და სწრაფად მიიღოს“, - განაცხადა დიზაინერმა სოფიკო შარაბიძემ.

დიზაინ სპრინტის დასასრულს ჯგუფებმა სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ ტექნოლოგიური გადაწყვეტილებები წარადგინეს
დიზაინ სპრინტის დასასრულს ჯგუფებმა სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ ტექნოლოგიური გადაწყვეტილებები წარადგინეს; ფოტო: დიმიტრი გოდერძიშვილი

დიზაინ სპრინტის ფორმატი პრობლემის დასმას და შემდეგ ამ პრობლემის მოსაგვარებლად კონკრეტული კონცეფციის შექმნას გულისხმობს. მონაწილეთა 4-მა ჯგუფმა ამჯერად სექსუალური შევიწროების ტრანსპორტში, კიბერსივრცეში, საგანმანათლებლო დაწესებულებასა და სამუშაო ადგილას მომხდარი 4 სხვადასხვა შემთხვევა განიხილა. ღონისძიების ბოლოს თითოეულმა ჯგუფმა ტექნოლოგიური გადაწყვეტილების კონცეფცია წარადგინა. მათ შორის იყო სხვადასხვა მობილური აპლიკაცია, ვებგვერდი, ჩატ ბოტი და ა.შ.

„ტექნოლოგიები პრობლემების გადაჭრის საინტერესო და მარტივი გზაა. მით უმეტეს, ძალიან საინტერესოა მათი გამოყენება მაშინ, როცა იცი, რომ ეს პრობლემა რეალობისთვის, რომელშიც ცხოვრობ, ძალიან აქტუალურია. დღეს სწორედ ასეთი შემთხვევაა: თითოეული ჩვენგანი ვგრძნობთ, რომ რაღაც ღირებულს ვქმნით და ჩვენ წილ სასარგებლო საქმეს ვაკეთებთ“ ,- აღნიშნა ერთ-ერთმა მონაწილემ, ტექნოლოგიების სპეციალისტმა გიორგი კახიანმა.

ქალთა მიმართ ძალადობის 2017 წლის ეროვნული კვლევის მიხედვით, საქართველოში სექსუალური შევიწროება ცხოვრების განმავლობაში 5-დან 1 ქალს გამოუცდია, მათ შორის 70%-ს სექსუალური შევიწროება საჯარო ადგილებში - საზოგადოებრივ ტრანსპორტში, პარკებში, სკოლებსა და რესტორნებში - გამოუცდია.

დიზაინ სპრინტი გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ერთ-ერთ ნაწილს წარმოადგენდა. აღსანიშნავია, რომ კამპანიის წლევანდელი მთავარი ფოკუსი სწორედ სექსუალური შევიწროებაა. ღონისძიება პროექტის „ერთობლივი ძალისხმევა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის საქართველოში“ ფარგლებში ჩატარდა, რომელიც გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ, ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო დაფინანსებით ხორციელდება.