ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის გაშუქებისთვის ჯილდო ნინო თარხნიშვილმა მიიღო

თარიღი:

რადიო "თავისუფლების" თბილისის ბიუროს რეპორტიორი ნინო თარხნიშვილი ჯილდოს მიღების შემდეგ. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია
რადიო "თავისუფლების" თბილისის ბიუროს რეპორტიორი ნინო თარხნიშვილი ჯილდოს მიღების შემდეგ. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია

ინტერნეტმომხმარებლების რაოდენობის, სოციალური ქსელების, აპლიკაციებისა და სასაუბროების გამოყენების ზრდასთან ერთად, იმატებს კიბერდანაშაულის შემთხვევებიც. ერთ-ერთ გავრცელებულ გლობალურ პრობლემას წარმოადგენს ონლაინსივრცეში პირადი ცხოვრებით, მისი ამსახველი ინფორმაციის გასაჯაროებით შანტაჟი, დაშინება და მუქარა, რომელიც განსაკუთრებით ქალებისთვისაა აქტუალური.

საქართველოშიც პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის მსხვერპლები უმეტესად ქალები ხდებიან. დანაშაულის პრევენციისა თუ მასზე სათანადო რეაგირებისთვის საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ამ პროცესში კი გამორჩეულ როლს მასობრივი ინფორმაციის საშუალებები და მედიის წარმომადგენლები ასრულებენ. მათ შორისაა რადიო “თავისუფლების” თბილისის ბიუროს რეპორტიორი ნინო თარხნიშვილი, რომელიც მრავალი წელია, ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის თემებს აშუქებს.

ნინო თარხნიშვილის ერთ-ერთი გამორჩეული მასალა, რომელიც მიმდინარე წელს დაიწერა, სწორედ ქალებისთვის აქტუალურ თემას - პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოებისა და ვიდეოების გავრცელებით შანტაჟს შეეხება. სტატიაში “ყველაზე პატარა მსხვერპლი 9 წლისაა, ყველაზე დიდი 84-ის - როცა ინტიმური ფოტოების გამოქვეყნებით გემუქრებიან” ავტორი რეალურ ისტორიებზე დაყრდნობითა და ექსპერტების მოსაზრებების წარმოჩენით, დეტალურად ხსნის დანაშაულის სპეციფიკას. ამასთან, ის მკაფიო მითითებებს სთავაზობს ქალებს, თუ როგორ იცავს მათ კანონი, რისი უფლება აქვთ და რა შეუძლიათ გააკეთონ იმ შემთხვევაში, თუ ამგვარი პრობლემა შეექმნებათ. საკითხის სიღრმისეული გაშუქებით, ეთიკური და პროფესიული სტანდარტების დაცვით გამორჩეული სტატია ქართული მედიის წარმომადგენლების ტრადიციულ დაჯილდოებაზე, ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის გაშუქების კატეგორიაში გამარჯვებულად დასახელდა. ნინო თარხნიშვილმა კი გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ დაწესებული ჯილდო მიიღო.

“ის ქალები და გოგოები, რომელთა შესახებაც დავწერე, გაცილებით ბევრნი არიან, თუმცა დუმან, ეშინიათ. როცა საქმე ონლაინსივრცეში პირადი ცხოვრებით, ფოტოებითა და ვიდეოებით შანტაჟს, დაშინებასა და მუქარას ეხება, ქალები არათუ ჩუმდებიან, მათი სასოწარკვეთილება ისე შორს მიდის, რომ გვქონია თვითმკვლელობის, ან მისი მცდელობის ფაქტებიც. მინდოდა, დამეწერა სტატია, სადაც ქალები ერთმანეთს გაუზიარებდნენ საკუთარ ამბებს, აღწერილი იქნებოდა, როგორ არ უნდა გახდე კიბერშანტაჟის მსხვერპლი და თუ გემუქრებიან, სად იპოვო დახმარება. დავწერე მათზეც, ვინც არ გაჩუმდა, სამართალდამცავებს მიმართა და რაც მთავარია, დამნაშავეებმა პასუხი აგეს კანონის წინაშე. ვფიქრობ, თუ ქალები, რომლებსაც მსგავსი განსაცდელი აქვთ, ამ სტატიას წაიკითხავენ, ბევრ კითხვაზე აღმოაჩენენ პასუხს და გამოსავლის გზებსაც იპოვიან. ეს ჩემთვის, როგორც ჟურნალისტისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია. მიხარია, რომ ჟიურის წევრებმა, რომლებმაც ეს სტატია გამოარჩიეს, ჩემი მიზანი ზუსტად დაინახეს”, - აღნიშნა დაჯილდოების შემდეგ ნინო თარხნიშვილმა.

ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის გაშუქებისთვის ყოველწლიური ჯილდო გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში გაიცემა. ინიციატივა შესაბამისი საკითხების გენდერულად მგრძნობიარე გაშუქების წახალისებას, ჟურნალისტების მხარდაჭერას, მათი წვლილის წარმოჩენასა და აღიარებას ისახავს მიზნად.

2024 წელს მედიაჯილდო გაიცა გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობისთვის“ (UNJP4GE) ფარგლებში, რომელიც შვედეთის მხარდაჭერით ხორციელდება.