გაეროს ქალთა ორგანიზაციამ ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის აღკვეთის საკითხებზე სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გამართა
თარიღი:
გაეროს ქალთა ორგანიზაციამ ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის აღკვეთის საკითხებზე სამუშაო ჯგუფის მესამე შეხვედრა გამართა.
სამუშაო ჯგუფის წევრებმა ცვლილებების ის პროექტები განიხილეს, რომელთა მიზანი ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობასთან/ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებული კანონმდებლობის გაუმჯობესებაა. ამასთან, შეხვედრაზე წარდგენილი იყო საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს მიერ შემუშავებული ცვლილებების პაკეტი სექსუალური შევიწროებასთან შესახებ. „დაგეგმილია ფართო საკონსულტაციო პროცესის დაწყება იმ ცვლილებების შესახებ, რომელებიც შრომით ურთიერთობებსა და საჯარო სივრცეში სექსუალური შევიწროების რეგულირებას ეხება“ ,- აღნიშნა საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს კოორდინატორმა ანა წურწუმიამ.
ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის/ოჯახში ძალადობის შესახებ გაზრდილი სტატისტიკური მაჩვენებლების გაცნობის შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა საკანონმდებლო ცვლილებების პროექტზე ისაუბრა. კერძოდ, სანქციები ოჯახში ძალადობაზე კიდევ უფრო გამკაცრდება, გენდერული მოტივით გარკვეული დანაშაულების ჩადენა დამამძიმებელ გარემოებად იქნება მიჩნეული და სასჯელი ოჯახური დანაშაულის განმეორებით ჩადენისთვის გამკაცრდება. ამას გარდა, შემაკავებელი და დამცავი ორდერის პირობების დარღვევისთვის, დღეს არსებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ნაცვლად, პირდაპირ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა იქნება გათვალისწინებული.
ასევე, შეხვედრაზე სამუშაო ჯგუფმა გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი განიხილა. მისი მთავარი მიზანი მოძალადეებისთვის GPS ტექნოლოგიით აღჭურვილი ელექტრონული სამაჯურით მონიტორინგის სისტემისა და ქცევის კორექციაზე ორიენტირებული პროგრამების დანერგვა, შემაკავებელი ორდერის რისკის შეფასების ინსტრუმენტის საფუძველზე გამოცემა, შემაკავებელი თუ დამცავი ორდერების მოქმედების ვადების გაზრდა და შესაბამისი ტერმინების ახალი რედაქციით ჩამოყალიბებაა.
შეხვედრის ფარგლებში სამუშაო ჯგუფმა ის ღონისძიებებიც განიხილა, რომელთა განხორციელება გენდერული ძალადობის წინააღმდეგ მიმართული 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში იგეგმება.
„მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მიმდინარე #Metoo, #TimesUp და სხვა გლობალური კამპანიების გათვალისწინებით, დროა, რომ სექსუალური შევიწროების კუთხით ძალისხმევა უპირველესად საკანონმდებლო რეგულირების მეშვეობით გაძლიერდეს. ამავდროულად გათვალისწინებული უნდა იყოს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ცნობიერების ამაღლებისთვის მუშაობა, რადგანაც სექსუალური შევიწროება დამოკიდებულებებისა და აღქმების შეცვლის გარეშე ვერ აღმოიფხვრება“,- აღნიშნა საქართველოში გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგელის მოადგილემ თამარ საბედაშვილმა.
სამუშაო ჯგუფს ხელმძღვანელობენ გაეროს ქალთა ორგანიზაცია და საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწე ადამიანის უფლებების დაცვისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში. იგი სახელმწიფო სტრუქტურების, დონორი ორგანიზაციებისა და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან შედგება და მიზნად ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის საკითხების ირგვლივ სახელმწიფოს მიერ აღებული საერთაშორისო, რეგიონული და ეროვნული ვალდებულებების შესრულების მხარდაჭერას ისახავს. ამავდროულად, ჯგუფი საქართველოში ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე მომუშავე აქტორებს შორის კოორდინაციის გაძლიერებასა და აღნიშნული თემატიკის ირგვლივ ეროვნული ძალისხმევის კონსოლიდაციას უწყობს ხელს.