ანი ჭყოიძის სიტყვებით: „კლიმატის კრიზისზე საუბრისას ქალების ხმა უნდა ისმოდეს“
თარიღი:
32 წლის ანი ჭყოიძე მაღაზია „ზერო ეფექტის“ ერთ-ერთი დამფუძნებელია. „ზერო ეფექტი“ წარმოადგენს ნული ნარჩენის სივრცეს, სადაც მსურველებს ეკომეგობრული პროდუქტების, მათ შორის მეწარმე ქალების მიერ დამზადებული ნივთების შეძენა და გარემოსდაცვით საკითხებზე სასარგებლო ინფორმაციის მიღება შეუძლიათ. ანი ერთ-ერთია იმ მონაწილეებს შორის, რომლებმაც გასულ წელს, თბილისში, გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით გამართულ პოპულარულ ღონისძიება PechaKucha Nights-ზე საკუთარი გამოცდილება წარადგინეს.
სამი წლის წინ მე და ჩემმა მეგობრებმა - თაკო ბარამიძემ და ანა ქველაძემ საქართველოში ნული ნარჩენის ფილოსოფიის განვითარება და პოპულარიზაცია გადავწყვიტეთ. გვსურდა, შესაბამისი ცხოვრების სტილი წაგვეხალისებინა და არა მარტო ნარჩენების პრობლემის, არამედ მასთან გამკლავებისთვის საჭირო, თუნდაც მცირე ნაბიჯების შესახებ რაც შეიძლება მეტი ადამიანისთვის მოგვეყოლა.
მაშინ აღმოვაჩინეთ, რომ ქართულ ენაზე საკმარისი ინფორმაციაც არ მოიპოვებოდა. არ არსებობდა ადგილი, სადაც შეფუთვის გარეშე, გარემოსთან მეგობრული, ყოველდღიური ნივთების შეძენა იქნებოდა შესაძლებელი. სწორედ ამიტომ ვიფიქრეთ, დაგვეარსებინა სივრცე, სადაც ამ ყველაფერზე ვისაუბრებდით და ადამიანებს, ბიზნესებს, რომლებსაც ნეგატიური კვალის შემცირება მოუნდებოდათ, ეკომეგობრულ პროდუქტებსა და საჭირო ინფორმაციას შევთავაზებდით.
ასე გაჩნდა მაღაზია „ზერო ეფექტი“, სადაც ერთდროულად წარმოდგენილია მაღაზიაც და სხვა აქტივობებიც ნარჩენების შესამცირებლად. აქვეა გაცვლა-გამოცვლის კუთხე: ჩვენთან ნებისმიერ მსურველს შეუძლია, დატოვოს ნივთები, რომლებიც აღარ სჭრდება, შემდეგ კი ისინი სხვა შემომსვლელებმა წაიღონ ან გადაცვალონ. „ზერო ეფექტი“ შემეცნების მიმართულებითაც მუშაობს. წიგნების კლუბისთვის გარემოსდაცვით თემატიკაზე ლიტერატურას ვაგროვებთ და დაინტერესებულ პირებს ვუზიარებთ. მსურველებს ამ სივრცეში სხვადასხვა ღონისძიების ჩატარებასაც ვთავაზობთ. გარდა ამისა, გვაქვს გადამუშავების კუთხეც, სადაც დახარისხებული ნარჩენის მოტანაა შესაძლებელი. შემდეგ კი იგი პარტნიორი კომპანიების დახმარებით მუშავდება.
განსაკუთრებულ აქცენტს მეწარმე ქალებზე ვაკეთებთ. ვცდილობთ, ეკომეგობრული პროდუქტები მათ დავუკვეთოთ. ამ დროს ქალების საქმიანობასაც ვაძლიერებთ და თან გარემოსდაცვითი საკითხების შესახებ სასარგებლო ინფორმაციასაც ვაწვდით. ვუყვებით როლზე, რომელსაც კლიმატის კრიზისის შემსუბუქებაში ისინი საკუთარი ნაწარმით ასრულებენ. ძალიან ხშირად ეს მეწარმეებისთვის დამატებითი მოტივაცია და სიამაყის საფუძველი ხდება ხოლმე.
ზოგადად, მწვანე ფილოსოფია არ შემოიფარგლება მხოლოდ გარემოს დაცვით, ის ეხება ფემინიზმსა და ქალთა გაძლიერების საკითხებს. კლიმატის კრიზისი სხვადასხვა ჯგუფზე არათანაბრად მოქმედებს, ქალები კი ამ შემთხვევაში საზოგადოების ერთ-ერთ ყველაზე მოწყვლად ნაწილს წარმოადგენენ. შესაბამისად ამ საკითხების განხილვაში მათი გამოცდილების გათვალისწინება უმნიშვნელოვანესია. კლიმატის კრიზისზე საუბრისას ქალების ხმა უნდა ისმოდეს და რაც მთავარია, საჭიროა, ისინი აქტივიზმსა და გადაწყვეტილების მიღების პროცესებშიც ჩაერთონ, ჰქონდეთ შესაბამისი შესაძლებლობები და პლატფორმები. ვფიქრობ, „ზერო ეფექტიც“ ერთ-ერთი ასეთი შესაძლებლობა შეიძლება იყოს”.