ჩემი გადმოსახედიდან „კლიმატის ცვლილების შედეგებს ქალები ყველაზე მკაფიოდ და მძიმედ გრძნობენ“

41 წლის მეტყევე, ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილე ნათია იორდანიშვილი პირველი ქალია, ვინც საქართველოს სატყეო სექტორის ისტორიაში გადაწყვეტილების მიმღები პოზიცია დაიკავა. ნათია ერთ-ერთია იმ ქალებს შორის, რომლებმაც საქართველოდან პროექტში „17 პორტრეტი - ქალები მოქმედებენ“ მიიღეს მონაწილეობა.

თარიღი:

ნათია იორდანიშვილი. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია/ლელი ბლაგონრავოვა
ნათია იორდანიშვილი. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია/ლელი ბლაგონრავოვა

„მშობლები გეოლოგები მყავს. მთელი ბავშვობა ექსპედიციებში გავატარე და ზუსტად ვიცოდი, რომ მხოლოდ ოფისში მუშაობას ვერასდროს შევძლებდი. როცა სატყეო ფაკულტეტზე ჩავაბარე, აღმოვაჩინე, რომ ჯგუფში ერთადერთი გოგო ვიყავი. დღეს ამ სფეროში ქალების რაოდენობა შედარებით გაზრდილია, თუმცა მაინც ცოტაა. მიხარია, თუ ჩემი კარიერა, რომელიც 20 წელზე მეტს ითვლის, სხვა გოგოებისთვისაც გახდა ტყით დაინტერესების მოტივაცია. ყოველთვის ვცდილობდი, მეჩვენებინა, რომ ჩვენც შეგვიძლია ამ საქმის კეთება და კოლეგა კაცებს არაფრით ჩამოვუვარდებით.

ცოტაა ისეთი ბუნებრივი რესურსი, რომელსაც ტყის მსგავსი მჭიდრო კავშირი აქვს კლიმატის ცვლილებებთან, ამიტომ ჩემთვის, როგორც მეტყევისთვის, საქმიანობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ორიენტირი კლიმატის ცვლილებების ზიანის შერბილებაა - ტყეების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლების შენარჩუნება და გაუმჯობესება, საფრთხეების, მათ შორის ხანძრების, მავნებელ-დაავადებების მართვა და ა.შ. მიხარია, რომ მონაწილეობა მივიღე ქვეყნის კლიმატის სამოქმედო გეგმის შემუშავებაში, რომელშიც ტყესთან დაკავშირებული ხედვებიცაა ასახული.

ვფიქრობ, დღემდე კლიმატის ცვლილებებს მსოფლიოში ნაკლები პასუხისმგებლობით ეკიდებიან. არადა, პრობლემების მოგვარება აღიარებით იწყება. ჩვენ უნდა ვაღიაროთ კლიმატის ცვლილება და მისი გავლენა ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე, მის ხარისხზე როგორც ეკოლოგიის, ისე ეკონომიკისა და ჯანმრთელობის თვალსაზრისით.

კლიმატის ცვლილების შედეგებს ქალები ყველაზე მკაფიოდ და მძიმედ გრძნობენ. თანაც, მათ ბევრად კარგად შეუძლიათ ამ ზიანის აღქმა, განსაკუთრებით სოფლად მცხოვრებლებს, რომლებსაც, მაგალითად, დაკარგული წყაროების გამო, კიდევ უფრო შორს უწევთ წყლის შესაგროვებლად წასვლა. შესაბამისად, ქალებს ძალიან მკაფიოდ, პრაქტიკაზე დაყრდნობით, შეუძლიათ ამ შედეგების გადმოცემა, ინფორმაციის გავრცელება, ცნობიერების ამაღლებაში აქტიური წვლილი შეტანა და პოზიტიური გავლენის მოხდენა“.


SDG 4: Quality education

ინიციატივა „17 პორტრეტი - ქალები მოქმედებენ“ მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის პროცესში ქალთა წვლილის პოპულარიზაციას ემსახურება. იგი გაეროს ჟენევის სათავო ოფისსა და მის წარმომადგენელს, ტატიანა ვოლოვაიას, ასევე, შვეიცარიაში ქალთა გაძლიერების ასოციაციას ეკუთვნის. საქართველოში პროექტი გაეროს საქართველოს წარმომადგენლობასთან თანამშრომლობითა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის ტექნიკური მხარდაჭერით განხორციელდა. ნათია იორდანიშვილის საქმიანობას მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს მდგრადი განვითარების მე-13 მიზნის მიღწევაში, რომელიც კლიმატის ცვლილებების შედეგების დაძლევას გულისხმობს.