თამაში ცნობიერების ასამაღლებლად კლიმატისა და განვითარების შესახებ - კლიმატური გამოწვევა

თარიღი:

სემინარის მონაწილეები კლიმატისა და განვითარების შესახებ ცნობიერების ასამაღლებელი თამაშის დროს. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია
სემინარის მონაწილეები კლიმატისა და განვითარების შესახებ ცნობიერების ასამაღლებელი თამაშის დროს. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია

გენდერული უთანასწორობა და კლიმატის კრიზისი თანამედროვეობის ის ორი უდიდესი გლობალური გამოწვევაა, რომლებიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით საფრთხეს უქმნის ქალებისა და გოგოების ცხოვრების წესს, საარსებო წყაროებს, ჯანმრთელობასა და დაცულობას. ამავდროულად, კლიმატის კრიზისი „გენდერულად ნეიტრალური“ არ არის: ქალები და გოგოები კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების შედეგებს არაპროპორციულად განიცდიან. კლიმატის ცვლილება მათზე კიდევ უფრო ნეგატიურად აისახება, რაც არსებულ გენდერულ უთანასწორობასაც ამძაფრებს (გაეროს ქალთა ორგანიზაცია, 2022. განმარტება: როგორ უკავშირდება ერთმანეთს გენდერული უთანასწორობა და კლიმატის ცვლილება).

ამ გამოწვევების დაძლევისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი ცნობიერების ამაღლებაა, რასაც ემსახურებოდა კიდეც გაეროს ქალთა ორგანიზაციის სემინარი, რომელიც 5-6 ივლისს, დაინტერესებული სახელმწიფო უწყებების, კერძო სექტორისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით გაიმართა. სემინარი გარემოს, მდგრად განვითარებასა და გენდერს შორის კავშირს, ასევე, ქალებსა და კაცებზე კლიმატის ცვლილების გავლენასა და მათ განსხვავებულ დაუცველობას ეხებოდა. სემინარის ნაწილს წარმოადგენდა ცნობიერების ასამაღლებელი, საგანმანათლებლო თამაში კლიმატისა და განვითარების შესახებ (Serious Gaming - Perspectivity) და ადაპტაციის სესია, რომლის მიმდინარეობისასაც გაეროს ქალთა ორგანიზაციის თანამშრომლები, გაეროს სხვა სააგენტოების, სახელმწიფო უწყებებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები განიხილავდნენ, როგორ უნდა მოერგოთ თამაში ისე, რომ მასში საქართველოს სპეციფიკა, ქალთა უფლებები და საჭიროებები ყოფილიყო ინტეგრირებული. სემინარს საერთაშორისო კონსულტანტი და Perspectivity-ს პარტნიორი ჰან რაკელსი უძღვებოდა.

გაეროს ქალთა ორგანიზაცია სამომავლოდ გეგმავს, სხვადასხვა სამიზნე აუდიტორიის შესაძლებლობების გასაძლიერებლად, სხვა აქტივობებთან ერთად, ეს თამაშიც გამოიყენოს კლიმატის ცვლილებისა და გენდერული თანასწორობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას ხელი შეუწყოს.

სემინარი ჩატარდა გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში“ ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა (SDC) და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) მიერ.