სოციალურ მობილიზაციაში ჩართული არასამთავრობო ორგანიზაციები ერთმანეთს გამოცდილებას უზიარებენ

თარიღი:

ღონისძიების მონაწილეების ჯგუფური ფოტო. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია
ღონისძიების მონაწილეების ჯგუფური ფოტო. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია

არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა, რომლებიც წლებია, სოციალური მობილიზაციის დახმარებით საქართველოს რეგიონებში, ადგილობრივ მოსახლეობასთან მუშაობენ, ცვალებად საკანონმდებლო და პოლიტიკური გარემოში არსებულ სირთულეებსა და პერსპექტივებზე იმსჯელეს. 18-19 მარტს თბილისში გამართულ ორდღიან შეხვედრას 21 მონაწილე დაესწრო.

სოციალური მობილიზაციის გამოყენებით, გაეროს ქალთა ორგანიზაცია, პარტნიორ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, საქართველოში სათემო პროექტებს 2010 წლიდან ახორციელებს. ამ მეთოდს აქვს უნიკალური შესაძლებლობა, გააძლიეროს სოფლად მცხოვრები ქალები, ხელი შეუწყოს მათ პიროვნულ განვითარებას და ახალი პროფესიული უნარებით, ჩართოს გადაწყვეტილების მიღების პროცესებსა და ადვოკატირების ინიციატივებში, შექმნას თანამშრომლობები ქალებს, ადგილობრივ მთავრობასა და მოსახლეობას შორის, რათა უკეთესობისკენ შეცვალოს სოფლებისა და თემების ცხოვრება.

სოციალური მობილიზაციის დანერგვის დაწყებიდან, სოფლად თვითდახმარების ჯგუფებში არაერთი ქალი ჩაერთო. მათმა აქტივიზმმა და ენთუზიაზმმა მოხალისეობის გადამდები მაგალითები შექმნა, საფუძველი ჩაუყარა მნიშვნელოვან ცვლილებებს თემების ყოველდღიურობის გაუმჯობესებისთვის. ამას გარდა, სოციალური მობილიზაციის დახმარებით, ქალებმა მცირე ბიზნესები წამოიწყეს ან თვითდასაქმებულები გახდნენ და ოჯახებს შემოსავლის წყაროც გაუჩინეს. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ბევრი მათგანი თემის ლიდერად ჩამოყალიბდა და სხვა ქალებისთვისაც მოტივატორად და მისაბაძ მაგალითად იქცა.

“სოციალური მობილიზაცია მნიშვნელოვანია იმითაც, რომ ადამიანებს თვალებს უხელს არა მხოლოდ იმაზე, რაც პროგრამაში გვიწერია, არამედ ბევრ სხვა საკითხზე. ისინი იცვლებიან, მათში არსებული შესაძლებლობები იწყებს ამოქმედებას. ამ მეთოდმა მაგრძნობინა, თუ რას ნიშნავს, როცა კრეფ მოსავალს იქ, სადაც არ დაგითესავს. მაგალითად, პროექტში საერთოდ არ გვეწერა ახალგაზრდული ჯგუფების შექმნა, მაგრამ რომ ნახეს ახალგაზრდებმა ქალები რას აკეთებდნენ, თავადაც იგივე მოინდომეს. ეს იყო ჩემთვის დიდი შედეგი. უნდა იფიქროთ არა მხოლოდ იმაზე, რა გვიწერია პროექტში, არამედ იმაზეც, რა სჭირდება თემს”, - აღნიშნა საკუთარ მიმართვაში მარინა თაბუკაშვილმა, “ფონდი ტასოს” თანადამფუძნებელმა, რომელმაც საქართველოში სოციალური მობილიზაციის მეთოდოლოგიის გამოყენება ერთ-ერთმა პირველმა დაიწყო.

საგულისხმოა, რომ ბოლო პერიოდში გაეროს ქალთა ორგანიზაცია სოციალური მობილიზაციის მეთოდის ელემენტებს ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების კუთხითაც იყენებს.ღონისძიებაზე იმსჯელეს, თუ როგორ შეიძლება ამ მიმართულებით მეთოდის სრულად გამოყენება და ასევე კლიმატის ცვლილებებისა და ბუნებრივი კატასტროფების შემცირების სფეროში ინტეგრაცია. ეს პერსპექტივა კონფლიქტის ან კატასტროფების შედეგად დაზარალებულ ქალებს დამატებით შესაძლებლობებს შესთავაზებს.

"ბევრი წელია, კახეთის რეგიონული განვითარების ფონდი სოფლად მცხოვრებ ქალებთან მუშაობს, თუმცა სოციალური მობილიზაციის კომპონენტმა ახალი შესაძლებლობების მოგვცა ჩვენც და ამ ქალებსაც. არაერთი ქალი, განსაკუთრებით პანკისის ხეობაში, გამოვიდა სახლიდან, გაიცნო სხვა ქალები, შეძლო სოციალიზაცია. ამას გარდა, განსაკუთრებით უნდა გამოვყო მათი მონაწილეობა გენდერულად მგრძნობიარე ბიუჯეტირებაში. სოციალური მობილიზაციის მეთოდით მუშაობის შემდეგ ქალები პირველად გამოჩნდნენ სოფლის კრებებზე, დაიწყეს თემის საჭიროებებზე საუბარი და ადვოკატირება", - აღნიშნა კახეთის რეგიონული ფონდის განვითარების დირექტორმა, იზა ბექაურმა.

ღონისძიების ბოლოს მონაწილეებმა სოციალური მობილიზაციის მეთოდით განხორციელებული ინიციატივების მდგრადობასა და მისი მიღწევის გზებზე იმსჯელეს. ისაუბრეს წარმატებულ მაგალითებზე, როდესაც სოციალური მობილიზაციის დასრულების შემდეგ ადგილობრივი ქალები დამოუკიდებლად აგრძელებენ მუშაობას სოფლებისა და თემების საკეთილდღეოდ.

ღონისძიება გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის „ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის ეფექტიანი განხორციელებისთვის საქართველოში“ ნაწილს წარმოადგენდა. პროექტი დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერაა მხარდაჭერილი.