დარეკე ზარი გენდერული თანასწორობისთვის - საფინანსო სექტორი ქალთა გაძლიერებისთვის გაერთიანდა
თარიღი:

გაეროს ქალთა ორგანიზაცია და საქართველოს საფინანსო სექტორი გლობალურ დონეზე დამკვიდრებულ ტრადიციას კიდევ ერთხელ შეუერთდნენ და ქალთა გაძლიერებისთვის ღონისძიება “დარეკე ზარი გენდერული თანასწორობისთვის” გამართეს.
პროექტები, რომლებიც გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპებზე ხელმომწერმა კომპანიებმა ქალთა მხარდასაჭერად განახორციელეს და ინიციატივები, რომელთა დახმარებითაც მათ არა მარტო კონკრეტული ქალების ცხოვრება გააუმჯობესეს, არამედ პოზიტიური ცვლილებების მაგალითებიც შექმნეს - სწორედ ეს იყო ღონისძიების მთავარი თემა. მას ნორვეგიის ელჩი საქართველოში ბერგლიოტ ჰოვლანდი, IFC-ის რეგიონული მენეჯერი სამხრეთ კავკასიაში ივანა ფერნანდეს დუარტე, გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი საქართველოში კაორი იშიკავა და საქართველოს საფონდო ბირჟის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ნინო ქურდიანი, საფინანსო-საბანკო სფეროს წარმომადგენლები და ადგილობრივი მეწარმე ქალები დაესწრნენ.
ღონისძიებას, რომელიც გაეროს ქალთა ორგანიზაციის, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC), საქართველოსა და თბილისის საფონდო ბირჟების მხარდაჭერით ჩატარდა, ქუთაისმა პირველად უმასპინძლა. ინიციატივა წელს ქალთა საერთაშორისო დღის თემას „ყველა ქალისა და გოგოსთვის: უფლებები. თანასწორობა. გაძლიერება“ გამოეხმაურა.
ღონისძიების ნაწილი პანელურ დისკუსიას “ქალთა გაძლიერება წარმატებული ბიზნესისთვის” დაეთმო. დისკუსიაში მონაწილეობდნენ მეწარმე ქალები - კომპანია “ფრუტ ლოჯისტიკის” ხელმძღვანელი ნინო კაპანაძე, ავტოსკოლა “რბოლას” დამფუძნებელი და ხელმძღვანელი სოფიო გუდაძე და “მარწყვი გურიიდან” დამფუძნებელი ნადეჟდა გოგიბერიძე, რომლებმაც სტუმრებს საკუთარი საქმიანობის შესახებ უამბეს და ამ საქმიანობების განვითარებაში საფინანსო სექტორის როლზეც ისაუბრეს. ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის აღმასრულებელმა დირექტორმა, ელისო ამირეჯიბმა კი სოციალურ საწარმო “გემომეტრიაზე” გაამახვილა ყურადღება. “გემომეტრია” ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრის ბაზაზე ფუნქციონირებს და ძალადობაგამოვლილ ქალებს ასაქმებს. ელისო ამირეჯიბმა ბიზნესის მიერ სოციალური საწარმოს ხელშეწყობაზეც ისაუბრა.
“გავიცანი ქალები, რომლებმაც უკეთესობისკენ არა მარტო საკუთარი, არამედ სხვა ქალების ცხოვრებაც შეცვალეს. ამავდროულად, შესაძლებლობა მომეცა, კონტაქტები დამემყარებინა ადამიანებთან, რომლებიც სამომავლოდ მხარში ამოუდგებიან ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარს, საკუთარ წვლილს შეიტანენ ამ თავშესაფრისა და სოციალური საწარმო “გემომეტრიის” განვითარებაში”, - აღნიშნა ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის აღმასრულებელმა დირექტორმა, ელისო ამირეჯიბმა.
ამავდროულად, ღონისძიების სტუმრები გაეცნენ გაეროს ქალთა ორგანიზაციის პუბლიკაციას “ქალთა გაძლიერება წარმატებული ბიზნესისთვის”. გამოცემა აერთიანებს 9 ისტორიას, თუ როგორ ცდილობს კერძო სექტორი, ქალებს ფინანსებზე მეტი ხელმისაწვდომობა ჰქონდეთ და ჩართულები იყვნენ ტექნოლოგიებსა თუ სხვა მაღალანაზღაურებად ინდუსტრიებში, როგორ ეხმარება იმ გენდერული სტერეოტიპების მსხვრევას, რომლებიც ქალების პროფესიულ თუ პიროვნულ განვითარებას აფერხებს.
ღონისძიების მეორე ნაწილში პროკრედიტ ბანკის დირექტორთა საბჭოს მრჩეველმა, გიორგი ბაქრაძემ და FAS ჯგუფის დამფუძნებელმა, ნათია სხვიტარიძემ ისაუბრეს. ბოლოს კი საფინანსო სექტორმა კვლავაც განაგრძო ტრადიციას და ამჯერად ზარი ყველა ქალისა და გოგოსთვის დარეკა.
ინიციატივა გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის „კარგი მმართველობა გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის საქართველოში“ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების კომპონენტის ნაწილია, რომელსაც ნორვეგიის სააგენტო განვითარების თანამშრომლობისთვის აფინანსებს.