ფერმერი ქალების ადვოკატირებით გურძემში საბავშვო ბაღი იხსნება

თარიღი:

ანა ჯგერენაია. ფოტო: ანას პირადი არქივი
ანა ჯგერენაია. ფოტო: ანას პირადი არქივი

თითქმის 35 წელია, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ გურძემში (დასავლეთ საქართველო, სამეგრელოს რეგიონი) არცერთ ბავშვს საბავშვო ბაღში არ უვლია. სკოლამდელი დაწესებულება აქ გასული საუკუნის 90-იან წლებში დაიხურა და მას შემდეგ აღარ აღდგენილა.

„საბავშვო ბაღი არც გურძემში მახსოვს და არც მეზობელ სოფლებში. დიდი ხანია, ეს პრობლემა გვაწუხებს. გარდა იმისა, რომ სკოლამდელი აღზრდა პატარების განვითარებისთვისაა მნიშვნელოვანი, ბაღის არარსებობა აქაურ ქალებსაც აფერხებს. ბავშვის დამტოვებელი ბევრ მათგანს არ ჰყავს, ამიტომ სწავლისთვის, მუშაობისთვის ან უბრალოდ საკუთარი თავისთვის დროის გამოყოფა უჭირს“, - ამბობს 26 წლის ანა ჯგერენაია - ფერმერი გურძემიდან, რომელმაც 2022-2023 წლებში თანასოფლელების საჭიროებები დედასთან, მთვარისა კეკუტიასთან ერთად შეისწავლა, შემდეგ კი მათი ადვოკატირებაც აქტიურად დაიწყო.

ანას აქტიურობა ფერმერთა სკოლაში მონაწილეობამ განაპირობა. ინიციატივა გურძემში გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, 2020 წელს დაიწყო. მთვარისა საველე სკოლის ლიდერი იყო, ფერმერთა სკოლაში ჩართული სხვა ქალებიც, ძირითადად, მათ სახლში იკრიბებოდნენ. პროექტის მონაწილეები კვების უსაფრთხოებისა და სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტებს, ყველის წარმოების თანამედროვე ტექნოლოგიებს, მეწარმეობას, ლიდერობასა და ბიზნესის მართვას სწავლობდნენ. ამას გარდა, ისინი, გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, გენდერული თანასწორობისა და ქალთა უფლებების საკითხებსაც ეცნობოდნენ, რათა შემდგომში ეს ცოდნა თანასოფლელებისთვისაც გაეზიარებინათ.

გაეროს ქალთა ორგანიზაცია თანამშრომლობდა ადგილობრივ ფონდ “ნეფასთანაც”, რომლის წარმომადგენლებიც ფერმერთა სკოლის მონაწილეებს სამოქალაქო ჩართულობის, აქტივიზმისა და მოხალისეობის შესახებ ტრენინგებს უტარებდნენ. ამ შეხვედრების დროს ქალები თემის საჭიროებების შესწავლას, თვითმმართველობებთან წარდგენას, აქტუალური პრობლემებისა და საკითხების ადვოკატირებას სწავლობდნენ.

“ნეფა” დაგვეხმარა, საჭიროებების მოკვლევისთვის კითხვარი მოგვემზადებინა. მერე ის “ფეისბუქით” ჩვენს თანასოფლელებში გავავრცელეთ და პრობლემები ასე შევისწავლეთ. ზოგს ამბულატორიის გახსნა სურდა, ზოგს - ბიბლიოთეკის, რაც მე ძალიან გამიხარდა, ნაწილს უწყლობაც აწუხებდა, თუმცა უმეტესობისთვის განსაკუთრებით მტკივნეული საბავშვო ბაღის არარსებობა იყო“, - აღნიშნავს ანა.

საჭიროებების შესწავლის შემდეგ ანა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას შეხვდა, პრობლემის ადვოკატირება განაგრძო და შედეგსაც მიაღწია: გასულ წელს გურძემში ბაღის მშენებლობა დაიწყო. გადამზადდნენ ადგილობრივი მასწავლებლებიც, რომლებმაც სენაკში სპეციალური კურსები გაიარეს. გურძემში ელიან, რომ მშენებლობა მალე დასრულდება და თითქმის 35 წლის შემდეგ სკოლამდელი სწავლის დაწესებულება 10-მდე ადგილობრივ ბავშვს მიიღებს. ანა ვარაუდობს, რომ საბავშვო ბაღში პატარები მეზობელი სოფლებიდანაც ივლიან, რაც იქაური ქალებისთვისაც დიდი შეღავათი იქნება.

„ქალებმა ადვოკატირება და პეტიციის მომზადება არ ვიცოდით. ამ ყველაფერში „ნეფა“ და პროექტი დაგვეხმარა, ბევრი საინტერესო მიგნებაც აღმოგვაჩენინა. მეც ფერმერთა სკოლაში გავიგე, რამდენად მნიშვნელოვანია საბავშვო ბაღების არსებობა ქალებისთვის, მათი დასაქმებისთვის, განათლებისთვის“, - ამბობს ანა, რომელიც ახლა უკვე „ფონდი ტასოს“ სათემო მუშაკიცაა და თანასოფლელების პრობლემების ადვოკატირებას განაგრძობს.

ფერმერთა საველე სკოლა გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის ერთობლივი პროექტის „ფერმერ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობა რძის პროდუქტების წარმოების ხელშეწყობის მხარდაჭერით ფერმერთა საველეს სკოლების (FFS) მიდგომების გზით“ ნაწილს წარმოადგენდა. იგი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, 2020-2024 წლებში, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.