მეფუტკრე ქალები დიდი გეგმებით

გაეროს ქალთა ორგანიზაცია, კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდი და “ფონდი ტასო” სოფლად მცხოვრები ქალების სოციალურ მობილიზაციასა და ეკონომიკურ მხარდაჭერაზე კახეთის, სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებში, 2019 წლიდან მუშაობენ. ტრენინგებმა, ცოდნის გაზიარებამ და ბიზნესის მართვის უნარების გაძლიერებამ ადგილობრივ ქალებს სხვადასხვა საქმიანობის დაწყებისა და გაფართოების საშუალება მისცა. მათ შორის არიან მეფუტკრე ქალებიც, რომლებიც ეკოლოგიურად სუფთა თაფლს აწარმოებენ და ბიზნესებს ავითარებენ.

თარიღი:

24 წლის მეფუტკრე დალი პაპუნაშვილი. ფოტო: გვანცა ჩაგუნავა
24 წლის მეფუტკრე დალი პაპუნაშვილი. ფოტო: გვანცა ჩაგუნავა

“ამ პროექტმა მოტივაცია გამიძლიერა, რომ ოჯახურ საქმიანობას მეტი ენთუზიაზმით გავყოლოდი” ,– 24 წლის მეფუტკრე დალი პაპუნაშვილი

დალი პაპუნაშვილი ისტორიკოსია. იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში მაგისტრატურაზე სწავლობს და თან ერეკლე მეორეს სახელობის თელავის პირველ საჯარო სკოლაში, სპეციალური საჭიროების მქონე პირის ასისტენტად მუშაობს.

დალის პროფესია ძალიან უყვარს, თუმცა მეფუტკრეობა, რომელსაც მისი ოჯახი სოფელ მაღრაანში 30 წელია მიჰყვება, არანაკლებ მოსწონს. “პაპა მყავდა მეფუტკრე და ამ საქმიანობასთან ყოველდღიური შეხება ჯერ კიდევ ბავშვობიდან მაქვს. თაფლის დაწურვაში ჩემებს სულ ვეხმარებოდი და თითოეულ დეტალს ვაკვირდებოდი. ახლა კი უკვე ყველაფერში ვმონაწილეობ”, - ამბობს დალი, რომელიც ოჯახურ ტრადიციას აგრძელებს და ეკოლოგიურად სუფთა, ბიო თაფლს აწარმოებს.

დალიმ თაფლის ბიზნესის განვითარება მას შემდეგ დაიწყო, რაც გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და კახეთის რეგიონალური განვითარების პროექტში ჩაერთო. ჯერ თვითდახმარების ჯგუფის წევრი გახდა, მერე კი გადაწყვიტა, შესაძლებლობები, რომლებსაც ეს ინიციატივა სთავაზობდა, აუცილებლად გამოეყენებინა. ახალგაზრდა მეფუტკრემ ბიზნესის მართვის ტრენინგები გაიარა, მერე საგრანტო კონკურსშიც გაიმარჯვა და საჭირო ინვენტართან ერთად, თანამედროვე სკები შეიძინა. ახლა მისთვის მუშაობა უკვე გაცილებით მარტივია, დროც ეზოგება და - ძალისხმევაც.

“ამ პროექტმა მოტივაცია გამიძლიერა, რომ ოჯახურ საქმიანობას მეტი ენთუზიაზმით გავყოლოდი და მაღრაანული თაფლი ცნობილი გამეხადა. არანაირ ქიმიურ დანამატს არ ვიყენებთ, ყველამ იცის, რომ ჩვენთვის ბიო პროდუქტის წარმოება ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ შესაბამისი ბრენდირების გაკეთებაც მინდა”, - ამბობს დალი, რომელიც მაღრაანული თაფლის ბიზნესის კიდევ უფრო მეტ განვითარებას გეგმავს.

39 წლის მეფუტკრე ალინა ელიზბარიანი. ფოტო: გვანცა ჩაგუნავა
39 წლის მეფუტკრე ალინა ელიზბარიანი. ფოტო: გვანცა ჩაგუნავა

“ვამაყობ ჩემი ბიზნესით, რომელმაც პირველი შემოსავალი მომიტანა”, - 39 წლის მეფუტკრე ალინა ელიზბარიანი

ალინა ელიზბარიანს სამსახური არასდროს ჰქონია. უნივერსიტეტში სწავლა დაქორწინების შემდეგ შეწყვიტა და 2 შვილის აღზრდაზე გადაერთო. ძირითადად სოფლის მეურნეობითა და მესაქონლეობით იყო დაკავებული, თუმცა, პარალელურად 2 სკა ფუტკარსაც უვლიდა და თაფლს ოჯახისთვის იღებდა.

როცა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კარტიკამში გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის განხორციელება დაიწყო, ალინა თვითდახმარების ჯგუფში გაერთიანდა და ყოველდღიურობა სრულად შეცვალა: ტრენინგები გაიარა, ბიზნესგეგმის დაწერა ისწავლა, საგრანტო კონკურსშიც გაიმარჯვა და თაფლის წარმოების აღჭურვილობისთვის დაფინანსება მიიღო. მალევე მან სკების რაოდენობა 8-მდე გაზარდა და პირველი ბიზნესიც წამოიწყო.

“ფუტკრებთან მუშაობა ძალიან მიყვარს და მამშვიდებს. თაფლის აღება და მათთან ურთიერთობა ჩემი საყვარელი რიტუალია. პროექტში ჩართვის შემდეგ გამიჩნდა საკუთარი ფინანსებიც, რაზეც სულ ვოცნებობდი. ვამაყობ ჩემი ბიზნესით, რომელმაც პირველი შემოსავალი მომიტანა”, - ჰყვება ალინა.

დილა სკების შემოწმებით იწყება: თითოეულ ფუტკარს განსაკუთრებული ზრუნვა და გაფრთხილება სჭირდება, ამიტომ ალინა სულ ყურადღებითაა. 8 სკას ახლებიც დაამატა და უკვე 17-ს უვლის. პროექტის დახმარებით, მას ბრენდირებაც აქვს და იმედოვნებს, რომ საქმიანობასაც მეტად განავითარებს.

გაეროს ქალთა ორგანიზაციის რეგიონული პროექტი „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში“ კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდის, „ფონდი ტასოსა“ და ქეა საერთაშორისო კავკასიის მიერ, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა (SDC) და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.