სამეგრელო-ზემო სვანეთში ფერმერი ქალების გაძლიერების პროექტი დასრულდა

თარიღი:

ფერმერთა საველე სკოლების მონაწილე ქალები პროექტის დახურვის ღონისძიებაზე. ფოტო: გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია
ფერმერთა საველე სკოლების მონაწილე ქალები პროექტის დახურვის ღონისძიებაზე. ფოტო: გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მცხოვრები მერძევე ფერმერი ქალები საქმიანობას გაუმჯობესებული პროდუქტებითა და ახალი სამეწარმეო უნარებით განაგრძობენ. პროექტი, რომელიც გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მიერ წარმატებით დაასრულა, სწორედ მათ გაძლიერებას ემსახურებოდა.

ინიციატივა შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით განხორციელდა, მისი დახურვის ღონისძიება კი ზუგდიდში გაიმართა. შემაჯამებელ შეხვედრას ფერმერ ქალებთან ერთად, გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს, სამოქალაქო საზოგადოების, სოფლის განვითარებისა და სურსათის ეროვნული სააგენტოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

პროექტის მიმდინარეობისას სამეგრელო-ზემო სვანეთის 8 მუნიციპალიტეტში ფერმერთა 30 საველე სკოლა დაარსდა. ამ სკოლების დახმარებით, 600-ზე მეტმა ადგილობრივმა ქალმა მიიღო მნიშვნელოვანი ცოდნა რძის პროდუქტების წარმოებისა და ჰიგიენის საუკეთესო პრაქტიკების, საქართველოს სურსათის უვნებლობის რეგულაციების, პირუტყვის ჯანმრთელობის, კვების, რეგისტრაციისა და იდენტიფიკაციის მნიშვნელობის შესახებ. აღსანიშნავია, რომ ფერმერმა ქალებმა ძვირადღირებული ყველის 10 სახეობის, მათ შორის კაჩოტასა და ჰალუმის, მომზადება ისწავლეს, ბევრმა მათგანმა კი საკუთარი მოხმარებისა თუ რეალიზაციისთვის ამ სახეობების წარმოებაც დაიწყო. საგულისხმოა, რომ ფერმერთა ნაწილი ძვირადღირებულ ყველს მაღაზიებს, რესტორნებსა და სასტუმროებს აწვდის.

ცოდნის გაზიარებასთან ერთად, ფერმერ ქალებს, მაღალი ხარისხის პროდუქტის ეფექტიანი წარმოების მხარდასაჭერად, რძისა და რძის პროდუქტის საწარმოო დანადგარები და ხელსაწყოები გადაეცათ. პროექტი მათ ნაწარმის მარკეტინგში, ეტიკეტირებასა და ბრენდინგშიც დაეხმარა.

“ღონისძიებაზე ვიხილე ბევრი მიზანდასახული, გაძლიერებული სახე და მჯერა, რომ სწორედ ესაა მათი წარმატებისა და ზრდის საწინდარი. მიხარია, რომ FAO-ს გუნდმა, SDC-ის მხარდაჭერითა და გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან პარტნიორობით, ასეთი მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ამ შესანიშნავ პროექტში. ჩვენ ვამაყობთ პროექტში ჩართული ძლიერი ქართველი ქალებით“, - აცხადებს FAO-ს პროგრამის კოორდინატორი ხავიერ სანს ალვარესი.

რძის პროდუქტების წარმოების გაუმჯობესების გარდა, ფერმერმა ქალებმა, გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, გენდერული თანასწორობისა და ქალთა უფლებების საკითხებიც შეისწავლეს. მათ ამჟამად არა მარტო იციან, თუ რას ნიშნავს ოჯახში ძალადობა და როგორ ვლინდება ის, არამედ თავადაც აქტიურად უზიარებენ თანასოფლელებს მიღებულ ცოდნას და ეხმარებიან მათ საკუთარი უფლებების დაცვაში.

გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით, მონაწილეები ბიზნესისა და მეწარმეობის საფუძვლებს გაეცნენ და ბიზნესის მართვის უნარები შეიძინეს. ბევრი მათგანი თემის ლიდერად იქცა და საკუთარი საქმიანობით სხვა ქალებისთვისაც შთამაგონებელ მაგალითებს ქმნის. საგულისხმოა, რომ ფერმერები აქტიურად ჩაერთნენ აქტივიზმსა და ადვოკატირებაში, კონკრეტული მიზნები დაისახეს და თემების საჭიროებების გათვალისწინებით, ადგილობრივების ყოველდღიურობა მნიშვნელოვნად გააუმჯობესეს.

“პროექტის შედეგად, ვხედავთ სულ უფრო მეტ აქტიურ და გაძლიერებულ ქალს. მსურს, მადლობა გადავუხადო SDC-ს მხარდაჭერისთვის და FAO-ს - პარტნიორობისთვის, ასევე, პროექტში ჩართულ ყველა აქტიურ ქალს, რომლებიც ცდილობენ საკუთარი ბიზნესის გაუმჯობესებას, საზოგადოების საჭიროებების იდენტიფიცირებას და თავად მონაწილეობენ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში“, - აღნიშნავს გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი საქართველოში კაორი იშიკავა.

„ქალების გაძლიერება მედეგი ოჯახების, წარმატებული თემებისა და მდგრადი პროგრესის ქვაკუთხედია. ვამაყობთ, რომ მხარს ვუჭერთ ამ ინიციატივას, რომელიც შეიქმნა არა მხოლოდ პრაქტიკული უნარების გასაუმჯობესებლად, არამედ ქალების ლიდერული უნარებისა და ეკონომიკური გაძლიერების მიზნით.

ისეთ პარტნიორებთან თანამშრომლობით, როგორებიცაა FAO, გაეროს ქალთა ორგანიზაცია, ადგილობრივი თემები და კერძო სექტორი, ჩვენ ტრანსფორმაციულ ცვლილებს ვახდენთ, რაც საქართველოში ინკლუზიური და მდგრადი განვითარებისადმი შვეიცარიის ერთგულებას ასახავს“, - დასძენს საქართველოში შვეიცარიის საელჩოს თანამშრომლობის ოფისის რეგიონული დირექტორი ბარბარა ბიონი.

პროექტი „ფერმერ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობა რძის პროდუქტების წარმოების ხელშეწყობის მხარდაჭერით ფერმერთა საველეს სკოლების (FFS) მიდგომების გზით“, 2020-2024 წლებში მიმდინარეობდა.