მარნეულის მუნიციპალიტეტში ქალები სასათბურე მეურნეობებს ავითარებენ
თარიღი:
“მანამდე მარტივი სათბური მქონდა და მოსავალი ხშირად მიფუჭდებოდა, ივლისსა და აგვისტოში საერთოდ ვერაფერი მომყავდა. ახლა მეც და სხვა ქალებმაც სათბურები ჩვენი საჭიროებების მიხედვით გავმართეთ, თანამედროვე სავენტილაციო და სარწყავი სისტემები დავამონტაჟეთ”, - ჰყვება ფერმერი ნაირა ბოლქვაძე, რომელიც მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ მარადისში ცხოვრობს და სასათბურე მეურნეობას წარმატებით უძღვება.
ნაირა იმ საპილოტე პროგრამის ერთ-ერთი მონაწილეა, რომელიც 2022 წელს, სოფლის განვითარების სააგენტოსა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის თანამშრომლობით, სასათბურე მეურნეობების მოსაწყობად დაიწყო. ნაირას ახალ სათბურში სალათის ფურცელთან ერთად, უკვე დეკორატიული კომბოსტო და ბაზილიკიც მოჰყავს, მოსავალს კი ადგილზე, ან თბილისში, საბითუმო ბაზარში ყიდის.
24 მაისს თანამედროვე სათბური ნაირამ მარადისში ვიზიტად მყოფ სტუმრებს - გაეროს ქალთა ორგანიზაციის, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს, ავსტრიის განვითარების სააგენტოსა და სოფლის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებს დაათვალიერებინა. ვიზიტის ფარგლებში სტუმრებმა მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლებში - მარადისში, ახალ დიოკნისსა და არაფლოში სულ ექვსი სასათბურე მეურნეობა მოინახულეს და ადგილზე გაეცნენ იმ ქალების საქმიანობას, რომლებსაც პროგრამის დახმარებით, ბოსტნეული და ყვავილები მოჰყავთ.
ქალების საპილოტე პროგრამით, რომელიც მარნეულის გარდა, ლაგოდეხშიც განხორციელდა, სასათბურე მეურნეობების მოწყობა სულ 37 ქალს დაუფინანსდა. ამ დაფინანსებაში გაეროს ქალთა ორგანიზაციის კონტრიბუცია 80%-ს შეადგენდა. აღსანიშნავია, რომ კომპანია „ეისითის“ 2023 წლის დამოუკიდებელი შეფასებით, პროგრამის შედეგები საკმაოდ მაღალია. პროგრამა შესაბამისობის, ინტეგრაციის, მოკლე თუ გრძელვადიანი შედეგებისა და ეფექტიანობის თვალსაზრისით შეფასდა. საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ სოფლის განვითარების სააგენტომ პროგრამა ჩხოროწყუს, ვანისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებშიც გააგრძელა. სულ ახალ ფაზაში 63 ქალი მონაწილეობს და მათთვის სასათბურე მეურნეობების მოწყობას მთლიანად სახელმწიფო აფინანსებს.
საპილოტე პროგრამის მიზანი ეკონომიკურად არააქტიური ქალების გაძლიერება, მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება და სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში ჩართვის სტიმულირებაა. პროგრამა ექსკლუზიურად ქალებისთვის შეიქმნა და მის სამიზნე ჯგუფს მცირემიწიანი ფერმერები წარმოადგენენ. ის პოტენციურ მონაწილეებს სათბურების მოსაწყობად ფინანსურ და ტექნიკურ დახმარებას სთავაზობს. ბენეფიციარის თანადაფინანსება სასათბურე მეურნეობის მოწყობის ღირებულების არანაკლებ 10%-ით განისაზღვრება, რაც სააგენტოს სხვა პროგრამებთან შედარებით, თანადაფინანსების მნიშვნელოვნად დაბალი მაჩვენებელია.
"პროგრამაში ჩართვის შემდეგ ქალები კოოპერაციის ჩამოყალიბებასა და წარმოების გაფართოებაზე დავფიქრდით. გვინდა, ჩვენი პროდუქცია, რომელიც სასუქის სწორი გამოყენებით მოგვყავს და მომხმარებლისთვის სრულიად უსაფრთხოა, ბაზარზე კიდევ უფრო ცნობადი იყოს",- დასძენს ნაირა ბოლქვაძე.
გაეროს ქალთა ორგანიზაციასა და სოფლის განვითარების სააგენტოს შორის თანამშრომლობა გაეროს ქალთა ორგანიზაციის რეგიონული პროექტის „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში“ ნაწილია, რომელიც შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა და ავსტრიის განვითარების სააგენტოს მიერაა დაფინანსებული.