მუხურელი ქალები საერთო მიზნებისთვის

თარიღი:

გულნაზი გახარია. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია/ლელი ბლაგონრავოვა
გულნაზი გახარია. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია/ლელი ბლაგონრავოვა

სოფელი მუხური სამეგრელოს რეგიონში, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. მდიდარი ტურისტული წარსულითა და პოტენციალით გამორჩეული ადგილი ყოველწლიურად ბევრ დამსვენებელს უყრის თავს, განსაკუთრებით კი ზაფხულში, როცა დედაქალაქიდანაც აქ არაერთი სტუმარი ჩამოდის. თავად მუხურში 900-მდე ადამიანი ცხოვრობს.

მიუხედავად ამისა, როგორც საქართველოს ბევრ სხვა სოფელში, მუხურშიც ადგილობრივებს არაერთი საჭიროება აწუხებთ და ამ საჭიროებების შესახებ ყველაზე მეტ ინფორმაციას ქალები ფლობენ. სწორედ ქალები იყვნენ პირველები, ვინც ეს პრობლემები შეისწავლეს და შემდეგ მათ მოსაგვარებლად კონკრეტული ნაბიჯებიც გადადგეს.

2020 წელს, როდესაც მუხურში გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის მხარდაჭერით ფერმერთა სკოლის განხორციელება დაიწყო, სოფელში მცხოვრები 20 ქალი ერთად ახალი ცოდნის მისაღებად შეიკრიბა. პლატფორმა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ფერმერ ქალთა ქსელის ჩამოყალიბებას, მათთვის ტრენინგების ჩატარებას, შესაბამისი უნარების გაძლიერებასა და განვითარებას ემსახურებოდა. მონაწილეები კვების უსაფრთხოებისა თუ სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტებს, ყველის წარმოების თანამედროვე ტექნოლოგიებს, მეწარმეობას, ლიდერობასა და ბიზნესის მართვის უნარებს სწავლობდნენ, იღებდნენ ღირებულ ცოდნას ქალთა უფლებებისა და ოჯახში ძალადობის შესახებ.

პარალელურად, ადგილობრივი ფონდის, “ნეფას” წარმომადგენლები ფერმერთა სკოლის მონაწილეებს სამოქალაქო ჩართულობის, აქტივიზმისა და მოხალისეობის შესახებ ტრენინგებს უტარებდნენ. ამ შეხვედრების დროს ქალები თემის საჭიროებების შესწავლას, თვითმმართველობებთან წარდგენას, აქტუალური პრობლემებისა და საკითხების ადვოკატირებას სწავლობდნენ და შემდეგ მას პრაქტიკულადაც ახორციელებდნენ. ასე მოხდა მუხურშიც. ფერმერთა სკოლის ლიდერმა, 36 წლის გულნაზი გახარიამ „ნეფას“ წარმომადგენლებისა და სხვა ადგილობრივი ქალების დახმარებით, სპეციალური კითხვარის საფუძველზე, 2022-2023 წლებში სოფლის საჭიროებები შეისწავლა. შედეგებმა აჩვენა, რომ სოფელში არსად იყო ადგილი, სადაც ბავშვები ითამაშებდნენ, მათი მშობლები და ახალგაზრდები შეიკრიბებოდნენ. ეს საკითხი ადგილობრივებს განსაკუთრებით აწუხებდათ, ამიტომ გულნაზიმ, სხვა ქალებთან ერთად, სკვერის გახსნისთვის მუნიციპალიტეტს მიმართა. მალევე სივრცე ცენტრალურ გზაზე, სოფლის სტადიონის წინ გამოიძებნა და სამუშაოებიც დაიწყო.

„ამ ამბავში მთელი მუხური ჩაერთო. ბევრი რამ მოსახლეობამ საკუთარი ხელებით გააკეთა. სკვერის ნაწილი დასრულდა, თუმცა სამუშაოები ჯერ კიდევ არ დამთავრებულა. ძალიან კარგი სივრცე იქნება შეკრებისთვის, განსაკუთრებით ზაფხულში, როცა ბევრი დამსვენებელი ჩამოდის. სოფლის ცენტრში ტრენაჟორებიც დამონტაჟდა“, - ამბობს გულნაზი.

სოფლის კეთილდღეობისთვის მუშაობა მუხურელებმა პროექტის დასრულების შემდეგ, უკვე დამოუკიდებელად განაგრძეს და კიდევ ერთი პრობლემის, ამჯერად გზის რეაბილიტაციისთვის გაერთიანდნენ. დაახლოებით 650-მეტრის სიგრძის მონაკვეთი უბანს, სადაც 30-მდე ადამიანი ცხოვრობს, ცენტრალურ გზასთან აკავშირებდა, თუმცა საფარი იმდენად იყო გაფუჭებული, რომ მასზე გავლას ყველა მანქანა ვერ ახერხებდა, მით უფრო უამინდობის დროს. უჭირდა მისვლა სასწრაფო დახმარების ავტომობილსაც. საერთო მიზანსა და ქალების ინიციატივას მთელმა სოფელმა დაუჭირა მხარი: იაქტიურეს, პრობლემის ადვოკატირებას ბოლომდე მიჰყვნენ და დღეს უკვე ახალი გზით სარგებლობენ.

„ქალები ამ პროექტმა გაგვაერთიანა. „ნეფას“ ტრენინგებმა კი კიდევ უფრო შეგვაკავშირა, ცნობიერება აგვიმაღლა. სულ ვფიქრობდით, ერთმანეთს როგორ დავხმარებოდით, სხვებისთვის როგორ დაგვეჭირა მხარი. ჩვენი საქმიანობით ხალხს რეალური შედეგები და განვითარება დავანახეთ: ეს იყვნენ გაძლიერებული ქალები, ცოდნით, უნარებით, გრანტებით, გაკეთებული საქმეებით, რომლებიც სხვებმაც დააფასეს. ძალიან ბევრს ურთიერთდახმარების, მობილიზაციის სურვილი გაუჩნდა. ეს სამოქალაქო საზოგადოების განვითარების კუთხით მართლაც წინგადადგმული ნაბიჯი იყო“, - აღნიშნავს გულნაზი გახარია.

ფერმერთა სკოლა დასრულდა, თუმცა მისი მონაწილეები მუხურში შეკრებებს კვლავაც აგრძელებენ და ამ შეხვედრებზე კარი ყველა ქალისთვის ყოველთვის ღიაა.

ფერმერთა საველე სკოლა გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის ერთობლივი პროექტის „ფერმერ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობა რძის პროდუქტების წარმოების ხელშეწყობის მხარდაჭერით ფერმერთა საველეს სკოლების (FFS) მიდგომების გზით“ ნაწილს წარმოადგენდა. იგი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, 2020-2024 წლებში, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.