ფერმერთა სკოლები გაბედული იდეების რეალიზებისთვის
თარიღი:
მთვარისა კეკუტია 22 წლის იყო, როცა დაქორწინდა და საცხოვრებლად მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ გურძემში გადავიდა. მერძევეობის დაწყებაც მაშინ გადაწყვიტა: 1 ხბო გამოზარდა, საქონელი თანდათან გაამრავლა და ყველის, კარაქისა და ნაღების დამზადებას შეუდგა.
4 შვილის მოვლის პარალელურად, მერძევეობა მარტივი არ იყო, მით უმეტეს, ისეთ რთულ პირობებში, როცა ხელს ინფრასტრუქტურაც არ უწყობდა. „ძალიან ბევრს ვწვალობდი, თუნდაც ძროხების მოვლასა და ჰიგიენაზე“, - იხსენებს მთვარისა. თუმცა, გავიდა წლები და მის საქმიანობაში პოზიტიური გარდატეხა უფროსმა შვილმა, ანამ შეიტანა.
ანა ჯგერენაია 25 წლისაა. ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურაზე ბიოლოგიის განხრით სწავლობს და ახლა უკვე დედასთან ერთად მერძევეობას უძღვება. „რომ ჩამოვდიოდი, ვხედავდი, რომ მის უდიდეს შრომას, სათანადო პირობების ნაკლებობის გამო, შესაბამისი შედეგი არ ჰქონდა. გადავწყვიტე, დავხმარებოდი“, - ამბობს ანა. მართლაც, მან მალევე სოფლის განვითარების სააგენტოს პროექტში მიიღო მონაწილეობა და გამოყოფილი დაფინანსებით ახალი საძროხე ააშენა. „რადგან პატარა სივრცე გვქონდა, ნამატის გაყიდვა გვიწევდა. 22 ძროხა და ხბო გვყავს, თუმცა ფართი სამომავლოდ მეტსაც დაიტევს. შენობის ესკიზს ჩემი ხელით, 1 კვირის განმავლობაში ვხაზავდი, მაგრამ რომ გავხსენით, მივხვდი, წვალებად ღირდა“, - აღნიშნავს ის.
შვილის მხარდაჭერამ მთვარისას ახალი მოტივაცია და ხალისი მისცა, ამიტომ როცა 2021 წელს, გურძემში, ფერმერთა საველე სკოლის გახსნა და ლიდერობა შესთავაზეს, სიამოვნებით დასთანხმდა. იმ დროს მისი და ანას საქმიანობა მაწვნის, ნადუღის, კარაქის, ნაღებისა და ყველის ოთხი სახეობის დამზადებას აერთიანებდა, თუმცა ინიციატივაში მონაწილეობამ ეს ასორტიმენტი იტალიური გემოებით გაამდიდრა, მერძევეობის მიმართ დამოკიდებულებები კი ძირეულად შეცვალა.
ფერმერთა საველე სკოლა გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის ერთობლივი პროექტის „ფერმერ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობა რძის პროდუქტების წარმოების ხელშეწყობის მხარდაჭერით ფერმერთა საველეს სკოლების (FFS) მიდგომების გზით“ ნაწილია. იგი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ფუნქციონირებს და ფერმერ ქალთა ქსელის ჩამოყალიბებას, მათთვის ტრენინგების ჩატარებას, შესაბამისი უნარების გაძლიერებასა და განვითარებას ემსახურება.
პლატფორმის დახმარებით, ფერმერი ქალები კვების უსაფრთხოებისა და სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტებს, ასევე, ყველის წარმოების თანამედროვე ტექნოლოგიებს - იტალიური კაჩოტასა და გრილზე შესაწვავი ყველის დამზადებას სწავლობენ. გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპებზე ხელმომწერი ლიბერთი ბანკის ტრენინგცენტრის მხარდაჭერით კი, მონაწილეები მეწარმეობის, ლიდერობისა და ბიზნესის მართვის უნარებს იღრმავებენ. ამას გარდა, ისინი ქალთა უფლებებისა და ოჯახში ძალადობის შესახებ ცნობიერებასაც იმაღლებენ.
„უამრავი რამ გავიგეთ საქონლის საკვებზე, დაავადებებსა და თავად ყველის ამოყვანაზე იტალიური ყველის სახეობების მომზადებაც მომეწონა. საერთოდ, ძალიან გამიხარდა, რომ ამ პროექტმა ქალები გაგვააქტიურა, ადვოკატირებასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაშიც ჩაგვრთო “, - აღნიშნავს მთვარისა. „ამ ტრენინგებით ფერმისთვის ბიზნესის თვალით შეხედვა ვისწავლე. კარგია, რომ თანასწორობაზეც ვმსჯელობდით, რადგან გენდერული თანასწორობის გარეშე ქალებისთვის საკუთარი საქმიანობის დაწყება რთულია“, - დასძენს ანა და თავად კიდევ ერთი გაბედული ნაბიჯის გადადგმისთვის ემზადება. სურს, გურძემში ახალი ტურისტული ობიექტი „ყველის სახლი“ გახსნას - მცირე კომპლექსი ვიზიტორებისთვის, რომელშიც ყველის წარმოებისა და დაძველებისთვის სპეციალური ოთახიც იქნება გამოყოფილი.
სულ პროექტის ფარგლებში, 8 მუნიციპალიტეტში 20 საველე სკოლა შეიქმნება და 1000 ფერმერი გადამზადდება. პროექტი „ფერმერ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობა რძის პროდუქტების წარმოების ხელშეწყობის მხარდაჭერით ფერმერთა საველეს სკოლების (FFS) მიდგომების გზით“ შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.