ფერმერი ქალები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან ერთმანეთს გამოცდილებას უზიარებენ

თარიღი:

ფერმერი ქალები მარნეულში, პროგრამის ერთ-ერთი მონაწილე ქალის სასათბურე მეურნეობას სტუმრობენ. ფოტო: სოფლის განვითარების სააგენტო
ფერმერი ქალები მარნეულში, პროგრამის ერთ-ერთი მონაწილე ქალის სასათბურე მეურნეობას სტუმრობენ. ფოტო: სოფლის განვითარების სააგენტო

ენძელა აბრამალაძე ვანის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვედა გორაში ცხოვრობს და 15 წელია, იჯარით აღებულ სათბურებს უვლის. მას სეზონური ბოსტნეული და მწვანილი მოჰყავს და ყოველწლიურად 11-15 ქალს ასაქმებს. შარშან 40 წლის ფერმერი სოფლის განვითარების სააგენტოს საპილოტე პროგრამაში ჩაერთო და უკვე საკუთარი სათბურიც აქვს. პირველი მოსავლის მიღებამდე კი ის მარნეულს ეწვია და იქაური ქალების სასათბურე მეურნეობები დაათვალიერა.

საპილოტე პროგრამა, რომელიც ამჟამად ვანის, ჩოხატაურისა და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტებში მიმდინარებს, 2022 წელს, მარნეულსა და ლაგოდეხში, სოფლის განვითარების სააგენტოსა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის თანამშრომლობის ფარგლებში დაიწყო. თავდაპირველად მის მთლიან დაფინანსებაში გაეროს ქალთა ორგანიზაციის კონტრიბუცია 80%-ს შეადგენდა, მომდევნო ეტაპი კი უკვე სრულად სახელმწიფო რესურსებით ფინანსდება. ენძელასთან ერთად, მარნეულს ახალი ფაზის მონაწილე 29 ქალიც ესტუმრა. ისინი პროექტში ჩართული სხვა ფერმერების საქმიანობებს გაეცნენ და ერთმანეთს საკუთარი ცოდნაც გაუზიარეს.

“ძალიან საინტერესო სტუმრობა გამოვიდა. სხვადასხვა რეგიონის ქალები შევხვდით და ჩვენს გამოცდილებებზე მოვყევით. ზოგადად, ეს პროექტი მახარებს. არა მარტო მე, ბევრმა ქალმა, ვისთან ერთადაც წლებია, მოსავალი მომყავს, საკუთარი სათბური აამუშავა და ამისთვის ძალიან მადლიერები ვართ”, - აღნიშნავს ენძელა.

საპილოტე პროგრამის მიზანი ეკონომიკურად არააქტიური ქალების გაძლიერება, მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება და სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში ჩართვის სტიმულირებაა. ის ექსკლუზიურად ქალებისთვის შეიქმნა და პოტენციურ მონაწილეებს სათბურების მოსაწყობად ფინანსურ და ტექნიკურ დახმარებას სთავაზობს. პროგრამის ფარგლებში არანაკლებ 200 კვ.მ ფართის მქონე სასათბურე მეურნეობა ფინანსდება. ბენეფიციარის თანადაფინანსება სასათბურე მეურნეობის მოწყობის ღირებულების არანაკლებ 10%-ით განისაზღვრება, რაც სააგენტოს სხვა პროგრამებთან შედარებით, თანადაფინანსების მნიშვნელოვნად დაბალი მაჩვენებელია.

პირველ ეტაპზე მარნეულსა და ლაგოდეხში 37 ქალი დაფინანსდა, ახალ ფაზაში კი ჩხოროწყუს, ვანისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებიდან 63 ქალია ჩართული. აღსანიშნავია, რომ პროგრამა სააგენტოს პროგრამის „დანერგე მომავალი“ გენდერული ზემოქმედების შეფასების (GIA) დასკვნების საფუძველზე დაინიცირდა.

გაეროს ქალთა ორგანიზაციასა და სოფლის განვითარების სააგენტოს შორის თანამშრომლობა გაეროს ქალთა ორგანიზაციის რეგიონული პროექტის „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში“ ნაწილია, რომელიც შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა და ავსტრიის განვითარების სააგენტოს მიერაა დაფინანსებული.