ფერმერთა სკოლები - მოტივაცია სოფლად მცხოვრები ქალებისთვის

თარიღი:

თეონა ქებურია და გულნაზი გახარია, ფერმერები სოფელ მუხურიდან. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია
თეონა ქებურია და გულნაზი გახარია, ფერმერები სოფელ მუხურიდან. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია

„პირველი შეხვედრიდანვე ყველაფერი შეიცვალა. ჯერ ფიქრობდნენ, ახალი რა უნდა ვისწავლოთო, ზოგი მხოლოდ იმიტომ მოვიდა, რომ უარი ვერ მითხრა, ზოგსაც უბრალოდ სხვა ქალების ნახვა უნდოდა, თუმცა როცა შეხვედრა დასრულდა, ისე მოეწონათ, კითხულობდნენ, მომდევნო როდის იქნებაო“, - ასე იხსენებს 34 წლის გულნაზი გახარია ფერმერთა სკოლის პირველ შეკრებას ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურში.

გულნაზი ფერმერთა სკოლის ლიდერია: ინიციატივის, რომელიც გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის მხარდაჭერით, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ხორციელდება და ფერმერ ქალთა ქსელის ჩამოყალიბებას, მათთვის ტრენინგების ჩატარებას, შესაბამისი უნარების გაძლიერებასა და განვითარებას ემსახურება. პლატფორმის დახმარებით, ფერმერი ქალები კვების უსაფრთხოებისა და სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტებს, ასევე, ყველის წარმოების თანამედროვე ტექნოლოგიებს - იტალიური კაჩოტასა და გრილზე შესაწვავი ყველის დამზადებას სწავლობენ. გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპებზე ხელმომწერი ლიბერთი ბანკის ტრენინგცენტრის მხარდაჭერით კი, მონაწილეები მეწარმეობის, ლიდერობისა და ბიზნესის მართვის უნარებს იღრმავებენ. ამას გარდა, ისინი ქალთა უფლებებისა და ოჯახში ძალადობის შესახებაც ღირებულ ცოდნას იღებენ.

ფერმერთა სკოლის მონაწილე 20 ქალი სოფელ მუხურში გულნაზის სახლში იკრიბებოდა. გულნაზი გამოცდილი ფერმერია. მერძევეობაში დედას ბავშვობიდანვე ეხმარებოდა და ახლაც საქმეს მასთან ერთად ინაწილებს, ყველს, მათ შორის უკვე იტალიურსაც, აქტიურად ამზადებს და ადგილზევე ყიდის. ფერმერთა სკოლა მისთვის დამატებითი მოტივაცია აღმოჩნდა. სურს, იტალიური ყველის სახეობების მომზადება გაზარდოს და მშობლიური სოფლის ტურისტული პოტენციალი ბიზნესის განვითარებისთვის გამოიყენოს: მუხურში ზაფხულობით ბევრი დამსვენებელი იკრიბება. გულნაზი კი გეგმავს, ყველის სეზონური ფარდული გახსნას და საკუთარი ნახელავი სხვებსაც შესთავაზოს.

„ტრენინგებმა, რომლებიც ამ პროექტით გავიარე, მომცა ის ცოდნა და უნარები, რომლებიც ამ იდეის რეალიზებისთვის მჭირდება. მჯერა, წინ წავალ და ყველის წარმოებასაც სულ სხვა სახეს მივცემ“, - ამბობს გულნაზი და დასძენს, რომ ინიციატივაში ჩართვა ახლა უკვე ბევრ ადგილობრივ ქალს სურს: „ფერმერთა სკოლა მოტივაცია მათთვისაცაა, რაც ძალიან მახარებს. ასეთი პროექტები ქალებს რეალიზებაში ეხმარება, ცხოვრებას უმრავალფეროვნებს, საკუთარ უფლებებს ასწავლის და აძლიერებს. გაძლიერებული ქალები კი სხვებისთვისაც კარგი მაგალითები ხდებიან“, - აღნიშნავს გულნაზი.

კიდევ ერთი ქალი, რომლის ყოველდღიურობაც დღეს უკვე სრულიად განსხვავებულია, 30 წლის თეონა ქებურიაა - 3 შვილის დედა და დამწყები ფერმერი, რომელიც გულნაზის თანასოფლელი და მეგობარია. მართალია, ყველს ჯერ მხოლოდ ოჯახისთვის ამზადებს და არ ყიდის, თუმცა ყველა ღონისძიებასა და გამოფენაში მონაწილეობს: გამოცდილებას თავადაც იღებს და სხვა ფერმერ ქალებსაც ეხმარება.

„13 წელი მხოლოდ სახლის საქმეებითა და ბავშვების მოვლით ვიყავი დაკავებული. გარეთაც ნაკლებად დავდიოდი. ცხოვრება ამ პროექტმა შემიცვალა. ყველა შეკრება ჩემთვის ახალი ცოდნა და მხარდაჭერაა, მოტივაცია, რომ შემიძლია, მეც ერთ-ერთი ამ ქალთაგანი ვიყო. ჯერ მხოლოდ 3 მეწველი ძროხა მყავს და მცირე ფერმერი ვარ, მაგრამ აუცილებლად განვვითარდები“, - ამბობს თეონა.

ფერმერთა სკოლები პროექტის „ფერმერ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობა რძის პროდუქტების წარმოების ხელშეწყობის მხარდაჭერით ფერმერთა საველეს სკოლების (FFS) მიდგომების გზით“ ნაწილია. სულ მის ფარგლებში, 8 მუნიციპალიტეტში 20 საველე სკოლა შეიქმნება და 1000 ფერმერი გადამზადდება. პროექტი შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.