პოლიტიკასა და არჩევნებში ქალთა მიმართ ძალადობა ქართული მედიის ფოკუსში ექცევა
თარიღი:
პოლიტიკასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართული ქალები ხშირად განიცდიან ძალადობას, შევიწროებასა და გენდერულ დეზინფორმაციას. ამ რთულ რეალობას კიდევ უფრო ამძიმებს ტრადიციული თუ სოციალური მედია, რომელიც გენდერულად არამგრძნობიარე გაშუქებით ამყარებს სტერეოტიპებს პოლიტიკოსი ქალების შესახებ, აძლიერებს ბარიერებს არა მარტო მათთვის, არამედ იმ ქალებისთვისაც, რომლებსაც პოლიტიკურ ცხოვრებაში აქტიური მონაწილეობა სამომავლოდ შეიძლება სურდეთ.
რეალური ცვლილებების მისაღწევად, მნიშვნელოვანია, მოქმედმა თუ მომავალმა ჟურნალისტებმა, ასევე, იმ პროფესორ-მასწავლებლებმა, რომლებიც უმაღლეს საგანმანათლებლო სივრცეში ჟურნალისტიკის მიმართულებით საქმიანობენ, უფრო სიღრმისეულად გაიაზრონ საკითხის არსი, აქტუალობა და როლი, რომელიც მათ შეუძლიათ, შეასრულონ პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობის გაძლიერებისთვის.
გაეროს ქალთა ორგანიზაციის კვლევის „პოლიტიკაში ჩართულ ქალთა მიმართ ძალადობა საქართველოში 2022“ მიხედვით, ქვეყანაში პოლიტიკოსი ქალების 54%-ს საარჩევნო პერიოდის ან პოლიტიკური კარიერის განმავლობაში ძალადობის სხვადასხვა ფორმა გამოუცდია. ქალთა მიმართ პოლიტიკაში ძალადობა განსაკუთრებით აქტუალური ხდება წინასაარჩევნო პერიოდში, ამიტომ გაეროს ქალთა ორგანიზაციამ, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიასთან თანამშრომლობით, ამ საკითხებზე მედიასთან ცნობიერების ამაღლების შეხვედრები სწორედ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ დაგეგმა.
გაეროს ქალთა ორგანიზაციის მოწვევით, 17-19 ოქტომბერს, საქართველოში იმყოფებოდა საერთაშორისო ექსპერტი ლოლიტა ციგანე, რომელიც ლატვიის სეიმის სამი მოწვევის პარლამენტარი, ყოფილი ჟურნალისტი და ადამიანის უფლებების აქტივისტია. ვიზიტის ფარგლებში, ექსპერტი ქართული მედიის 15-მდე წარმომადგენელს - საინფორმაციო საშუალებების პროდიუსერებს, რედაქტორებს, წამყვანებსა და ჟურნალისტებს შეხვდა და, მათთან ერთად, პოლიტიკასა და არჩევნებში ქალთა მიმართ ძალადობის დეფინიციაზე, ფორმებსა და გაშუქების სპეციფიკაზე იმსჯელა. მან არა მარტო საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა გააცნო მონაწილეებს, არამედ, პირად გამოცდილებაზე დაყრდნობით, ესაუბრა, თუ რამდენად ღირებულია პოლიტიკაში ჩართული ქალებისთვის მხარდაჭერისა და სოლიდარობის გამოხატვა, რა როლს ასრულებს ამ პროცესში მედია, ეთიკური სტანდარტების დაცვა და გენდერულად მგრძნობიარე გაშუქება.
“სამწუხაროდ, ჯერ კიდევ ძლიერია სტერეოტიპი, რომ პოლიტიკა ქალების საქმე არ არის. არადა, ცნობილია, რომ სწორედ მათზე დგას პოლიტიკური პარტიების წინასაარჩევნო კამპანიები და უშუალოდ არჩევნების დღე. მიუხედავად ამისა, პოლიტიკოსთა აბსოლუტური უმრავლესობა კაცია. შეხვედრაზე ვიმსჯელეთ იმ გამოწვევებზე, რომლებიც ქალებს წინასაარჩევნოდ და არჩევნების შემდგომ აქვთ. ასევე, განვიხილეთ, რა შეუძლია გააკეთოს მედიას მათ პასუხად. ვფიქრობ, ამგვარი დისკუსიები ხელს შეუწყობს, ერთი მხრივ, პასუხისმგებლიანი, ეთიკური მედიის და, მეორე მხრივ, ქალების გაძლიერებას” , -აღნიშნა შეხვედრის შემდგომ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს წევრმა და მედია აპრილის ხელმძღვანელმა, ხატია ღოღობერიძემ.
ლოლიტა ციგანემ თბილისისა და საქართველოს რეგიონების უმაღლესი სასწავლებლების იმ პროფესორ-მასწავლებლებთანაც გამართა სამუშაო შეხვედრა, რომლებიც ლექციებს ჟურნალისტიკის მიმართულებით კითხულობენ. ამას გარდა, ექსპერტი ესაუბრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკისა და საჯარო მმართველობის ფაკულტეტების 50-მდე სტუდენტს და პოლიტიკაში ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე მათთან ერთად იმსჯელა.
პოლიტიკასა და არჩევნებში ქალთა მიმართ ძალადობა გლობალურად სულ უფრო აქტუალური საკითხი ხდება. საერთაშორისო გამოცდილება ადასტურებს, რომ ძალადობა მნიშვნელოვნად აფერხებს პოლიტიკასა თუ გადაწყვეტილების მიღების პროცესებში ქალების მონაწილეობას, რაც მთლიანად დემოკრატიის განვითარებაზეც ნეგატიურად აისახება. შესაბამისად, ამ მიმართულებით მუშაობას გაეროს ქალთა ორგანიზაცია სამომავლოდაც განაგრძობს.
შეხვედრები ჩატარდა გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტების “საქართველოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების მხარდაჭერა” და “ქალთა ლიდერობა დემოკრატიისთვის საქართველოში” ფარგლებში. “საქართველოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების მხარდაჭერა” დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით ხორციელდება, “ქალთა ლიდერობა დემოკრატიისთვის საქართველოში” კი შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მიერაა მხარდაჭერილი.