ქალების როლი საარჩევნო პროცესებსა და დემოკრატიის მშენებლობაში DataFest Tbilisi-ს სცენაზე

თარიღი:

პანელური დისკუსია, რომელიც არჩევნებში ქალების ჩართულობის მნიშვნელობას, ამ პროცესის თანმდევ ბარიერებსა და გამოწვევებს, გლობალურ თუ ადგილობრივ გამოცდილებებსა და პერსპექტივებს მიეძღვნა. Ფოტო: DataFest Tbilisi
პანელური დისკუსია, რომელიც არჩევნებში ქალების ჩართულობის მნიშვნელობას, ამ პროცესის თანმდევ ბარიერებსა და გამოწვევებს, გლობალურ თუ ადგილობრივ გამოცდილებებსა და პერსპექტივებს მიეძღვნა. ფოტო: DataFest Tbilisi

საქართველოში ქალები მოსახლეობის ნახევარზე მეტს - 52%-ს წარმოადგენენ, თუმცა პოლიტიკასა და საარჩევნო პროცესებში მათი სრულფასოვანი, თანასწორი ჩართულობა მნიშვნელოვანი პრობლემაა. საგულისხმოა, რომ საქართველო, ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის მაჩვენებლებით, ჩამორჩება აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების საშუალო მაჩვენებელს და ევროპის სახელმწიფოებს შორის ერთ-ერთ ყველაზე ბოლო ადგილზეა. IPU Parline-ის მონაცემებით, პარლამენტში არჩეულ ქალთა წილი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონებში საშუალოდ 25%-ს აღემატება, საქართველოს შესაბამისი მაჩვენებელი კი 19%-ია. უდრის.

გამოწვევად რჩება ქალი ამომრჩევლების აქტიურობაც: ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მონაცემებით, საქართველოში 1,9 მილიონამდე რეგისტრირებული ამომრჩეველი ქალია, რაც კაცების რაოდენობაზე 7.2%-ით მეტია, თუმცა ბოლო წლებში ჩატარებულ ყველა არჩევნებში კაცების აქტივობა უფრო მაღალია. პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის უფლება კი სწორედ აქტიური საარჩევნო უფლებით - ხმის მიცემის უფლებით იწყება.

შესაბამისი მონაცემების პოპულარიზაციასა და ხელმისაწვდომი, მარტივი ფორმებით გავრცელებას შეუძლია, მნიშვნელოვნად შეუწყოს ხელი პრობლემის ირგვლივ დისკუსიის დაწყებას, სწორი საზოგადოებრივი აზრის ფორმირებასა და საარჩევნო თუ მთლიანად პოლიტიკურ პროცესებში ქალთა მონაწილეობის გაზრდას. სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა პანელური დისკუსია, რომელიც 19 სექტემბერს, DataFest Tbilisi-ს ფარგლებში, გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან თანამშრომლობით ჩატარდა.

DataFest Tbilisi აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის მასშტაბით მონაცემთა უდიდესი ფესტივალია და „ფორსეტის“ ორგანიზებით იმართება. იგი ყოველწლიურად თავს უყრის ადამიანებს, რომელთა საქმიანობა მონაცემთა მეცნიერებასა და ვიზუალიზაციასთანაა დაკავშირებული. ფესტივალის სტუმრები ესწრებიან თემატურ გამოსვლებსა და სემინარებს, იმართება ჰაკათონები და შეხვედრები მნიშვნელოვან საკითხებზე. 26 ოქტომბერს საქართველოსთვის მნიშვნელოვანი საპარლამენტო არჩევნებია, ამიტომ DataFest Tbilisi წელს ძირითადად არჩევებსა და მასთან დაკავშირებულ თემატიკას დაეთმო.

გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან თანამშრომლობით გამართული პანელური დისკუსია არჩევნებში ქალების ჩართულობის მნიშვნელობას, ამ პროცესის თანმდევ ბარიერებსა და გამოწვევებს, გლობალურ თუ ადგილობრივ გამოცდილებებსა და პერსპექტივებს მიეძღვნა. დისკუსიის მონაწილეებმა ისაუბრეს პოლიტიკასა და არჩევნებში ქალთა მონაწილეობის, როგორც დემოკრატიული პროცესისა და პროგრესის აუცილებელი ფაქტორის მნიშვნელობაზე, აქტივიზმსა და მის ტენდენციებზე, ამომრჩეველი ქალების მობილიზების როლზე, საერთაშორისო მაგალითებსა და სხვა აქტუალურ საკითხებზე.

“დისკუსიის სტუმრებს საშუალება მოგვეცა, გაგვეაზრებინა ისტორიული რაკურსი და ქალების ის განსაკუთრებული წვლილი, რომელიც მათ საქართველოს პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში შეაქვთ. ქალების მიერ გაწეულმა ძალისხმევამ ხელი მნიშვნელოვნად შეუწყო ჩვენს ქვეყანაში ინკლუზიური და მდგრადი დემოკრატიის მშენებლობას. დისკუსიამ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი გენდერული ბარიერების აღმოფხვრის აუცილებლობას და წარმოაჩინა, რომ ქალების ხმა საარჩევნო პროცესებში უფრო მკაფიოდ უნდა ისმოდეს“, - აღნიშნა DataFest Tbilisi-ს ერთ-ერთმა სტუმარმა, ირაკლი თაკალანძემ.

პანელური დისკუსია გაიმართა გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის „ქალთა ლიდერობა დემოკრატიისთვის საქართველოში“ ფარგლებში, რომელიც შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) მხარდაჭერით ხორციელდება.