ქალთა ლიდერობის აკადემია - ინიციატივა ქალთა გაძლიერებისთვის

თარიღი:

ქალთა ლიდერობის აკადემიის მონაწილეთა ჯგუფური ფოტო ქუთაისში. ფოტო: მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრი
ქალთა ლიდერობის აკადემიის მონაწილეთა ჯგუფური ფოტო ქუთაისში. ფოტო: მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრი

ქალები საქართველოს პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურად მონაწილეობენ და ქვეყნის განვითარებაშიც საკუთარ მნიშვნელოვან როლს ასრულებენ. ისინი ხშირად საკმაოდ რთულ და საპასუხისმგებლო სამუშაოს უძღვებიან, თუმცა გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებს იშვიათად იკავებენ.

ამ რეალობას ადასტურებს სტატისტიკაც: საქართველოს პარლამენტში 129 წევრიდან ქალი მხოლოდ 27-ია (19%), მთავრობის 12 წევრიდან კი - 2 (16%), 64 მუნიციპალიტეტიდან მერი ქალი მხოლოდ 3-ს ჰყავს (4%), საჯარო სამსახურებში კი ქალები უწყებების ხელმძღვანელების პოზიციების 9%-ს იკავებენ.

როგორც საერთაშორისო გამოცდილება აჩვენებს, გადაწყვეტილების მიღების პროცესებში ქალთა მონაწილეობის გაზრდა ხელს უწყობს არა მარტო გენდერული თანასწორობის მიღწევას, არამედ ჯანსაღ, სამართლიან პოლიტიკას, რეალურ გამოცდილებებსა და ცოდნაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღებას, ქვეყნის განვითარებასა და მდგრად დემოკრატიას. თუმცა, ქალებს ამ გზაზე, სტრუქტურულ და სისტემურ ბარიერებთან ერთად, კვლავაც არაერთი გენდერული სტერეოტიპი ეღობებათ. შესაბამისად, გაეროს ქალთა ორგანიზაციაც, საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში ქალთა წარმომადგენლობის გაძლიერებისთვის, სხვადასხვა მიმართულებით, კომპლექსურად მუშაობს.

ერთ-ერთ ინიციატივას წარმოადგენს ქალთა ლიდერობის აკადემიის პროექტი, რომელიც მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრთან პარტნიორობით, თბილისსა და რეგიონებში ხორციელდება. აკადემია ქალებს, რომლებსაც პოლიტიკასა და გადაწყვეტილების მიღების პროცესებში აქტიური ჩართულობა სურთ, ინტენსიურ სასწავლო კურსს სთავაზობს. პროექტის მონაწილეებს საშუალება აქვთ, მიიღონ მეტი ცოდნა დემოკრატიის, ადვოკატირების, გენდერული თანასწორობის, მედიასთან ურთიერთობების, პოლიტიკური კომუნიკაციებისა და კიბერუსაფრთხოების საკითხებზე; გაიუმჯობესონ უნარები დებატების, კამპანიების, სოციალური მობილიზაციისა და სხვა მნიშვნელოვანი თემების ირგვლივ.

აღსანიშნავია, რომ 2024 წლის განმავლობაში ქალთა ლიდერობის აკადემია თბილისში, ბათუმში, ქუთაისსა და თელავში განხორციელდა და შესაბამისი სერტიფიკატი უკვე 89 ქალს გადაეცა. მონაწილეებს შორის იყვნენ სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები - მასწავლებლები, საჯარო მოხელეები, ჟურნალისტები, იურისტები და აქტივისტები.

„საჯარო მმართველობის ფაკულტეტზე ვსწავლობ და როცა პროექტის შესახებ გავიგე, მივხვდი, ეს ჩემთვის ძალიან კარგი შესაძლებლობა იქნებოდა. აკადემიამ მომცა მეტი თავდაჯერებულობა, გამიღრმავა გენდერსა და პოლიტიკასთან დაკავშირებული ცოდნა. ტრენინგებზე უკეთ გავიაზრე ჩვენი როლი. ისტორიამ ისეთი შთამბეჭდავი მაგალითები შემოგვინახა, რომ, წესით, საქართველოში ქალებს მეტი შესაძლებლობები უნდა გვქონდეს, თუმცა რეალობა სხვაგვარია, ამიტომ აქ მიღებულ ინფორმაციას ქალების წვლილის პოპულარიზაციისთვისაც გამოვიყენებ“, - აღნიშნავს 20 წლის ანეტ ბერიძე, რომელიც ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტში, საჯარო მმართველობის ფაკულტეტზე სწავლობს და ქალთა ლიდერობის აკადემიის ერთ-ერთი კურსდამთავრებულია.

საგულისხმოა, რომ ტრენინგებთან ერთად, პროექტი მენტორინგისა და სასარგებლო კავშირების დამყარების შესაძლებლობასაც აერთიანებს. მოქნილი და ქართულ რეალობასთან მაქსიმალურად ადაპტირებული პროგრამა ითვალისწინებს ლიდერი ქალების საჭიროებებს, მორგებულია ადგილობრივ კონტექსტს, კულტურულ და პოლიტიკურ თავისებურებებს. საბოლოოდ, ქალთა ლიდერობის აკადემია დაეხმარება მონაწილეებს, უფრო ეფექტიანად და აქტიურად ჩაერთონ გადაწყვეტილების მიღების პროცესებში. პროექტი 3 წლის განმავლობაში გაგრძელდება და ეტაპობრივად საქართველოს სხვა რეგიონებსაც მოიცავს. მასში სულ დაახლოებით 225 ქალი მიიღებს მონაწილეობას.

ქალთა ლიდერობის აკადემია გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის „ქალთა ლიდერობა დემოკრატიისთვის საქართველოში“ ფარგლებში, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) მხარდაჭერით ხორციელდება.