კრეატივის საერთაშორისო ფესტივალი Ad Black Sea სტერეოტიპების წინააღმდეგ
თარიღი:
გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, კრეატივის საერთაშორისო ფესტივალი Ad Black Sea სარეკლამო და შემოქმედებითი ინდუსტრიების პროფესიონალებისთვის ქალთა საკითხებზე საინტერესო გამოცდილებების გაზიარებას აგრძელებს. 2022 წლიდან, მას შემდეგ, რაც ფესტივალმა და გაეროს ქალთა ორგანიზაციამ პარტნიორობის პირველი ნაბიჯები გადადგეს, ღონისძიების პროგრამის შედგენისას, ორგანიზატორები ცდილობენ, მარკეტერებსა და რეკლამის სპეციალისტებს ამ მიმართულებით აქტუალური ინფორმაცია მიაწოდონ, მოიწვიონ სპიკერები, რომლებიც მათ შთააგონებენ და სასარგებლო რეკომენდაციებსაც მისცემენ.
ტრადიცია წელსაც გაგრძელდა და Ad Black Sea-ზე, რომელიც ბათუმში, 12-14 სექტემბერს ჩატარდა, სცენა სარეკლამო ინდუსტრიის გამორჩეულ პროფესიონალებს - "ლიბრესის" მარკეტინგის ხელმძღვანელს, ტანია გრუბნერსა და კრეატიული სააგენტოს, AMV BBDO-ს წარმომადგენელს, ჰენრიეტა ქორლის დაეთმო. სპიკერები მენსტრუაციისა და ქალის სხეულის თემებზე შექმნილი შთამბეჭდავი და რეზონანსული კამპანიებით არიან ცნობილები. მათ შორისაა BloodNormal, Viva La Vulva, WombStories და Never Just a Period. კამპანიების წარდგენასთან ერთად, სტუმრებმა აუდიტორიას საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს, უამბეს, თუ როგორ იგეგმება კომუნიკაცია ერთ-ერთ ყველაზე ტაბუდადებულ თემებზე.
“საოცარი და სასიამოვნო მოსასმენი იყო, რამდენად ღიად და კრეატიულად აწარმოებენ ბრენდები მარკეტინგულ კამპანიებს ისეთ საკითხებზე, რომლებიც საზოგადოებისთვის უხერხულია. მნიშვნელოვანი და საჭიროა ეს საუბარი, განსაკუთრებით კი ჩვენს ინდუსტრიაში, რადგან ბრენდები არ არიან ემპათიურები. ასეთ ძლიერ პრეზენტაციებს შეუძლია, წაახალისოს შემოქმედებითი სფერო, რათა უფრო მეტად გახსნილები ვიყოთ, ღიად ვისაუბროთ ჩვენი სხეულისა და ქალთა ჯანმრთელობის შესახებ. ბევრისთვის, ვინც იქ იმყოფებოდა, ამ გამოსვლის მოსმენა მარტივი არ იყო, თუმცა მჯერა, რომ სესიამ არაერთ დამსწრეში დიდი ცვლილებების გამოიწვია”, - ამბობს კრეატიული სააგენტო “ლივინგსტონის” აღმასრულებელი პროდიუსერი მელი ბაღდავაძე.
კრეატივის საერთაშორისო ფესტივალი Ad Black Sea რეგიონის ყველაზე ფართომასშტაბიანი ღონისძიებაა. მის ფარგლებში გამართული გამოსვლები, მასტერკლასები და სხვა ინიციატივები კრეატიული ინდუსტრიის წარმომადგენლებს სხვადასხვა ქვეყნიდან აერთიანებს. სარეკლამო და კრეატიული კონტენტი საზოგადოებრივი აზრის ფორმირების, გენდერული სტერეოტიპების მსხვრევისა და პოზიტიური ცვლილებების მძლავრი იარაღია. სწორედ ამიტომ, გაეროს ქალთა ორგანიზაცია დარგის პროფესიონალებთან მჭიდროდ თანამშრომლობს. Ad Black Sea-ს ოფიციალური პარტნიორობაც ამ თანამშრომლობის ნაწილია და ის ქართულ კრეატიულ ინდუსტრიაში ჯანსაღი ღირებულებების პოპულარიზაციას, მის პროგრესულ განვითარებას ემსახურება. ტანია გრუბნერსა და ჰენრიეტა ქორლის მოწვევის ერთ-ერთი მთავარი მიზანიც სწორედ ეს იყო.
“ფესტივალის დელეგატებს სპიკერებთან არაფორმალურ გარემოში პირადი კომუნიკაციის საშუალებაც ჰქონდათ. მათ უამრავი კითხვა დაუსვეს ტანია გრუბნერს და ძალიან დიდი იმედი მაქვს, მიეცათ მოტივაცია და გამბედაობა, მომავალში თავადაც შექმნან ასეთი კამპანიები”, - აღნიშნავს ფესტივალ Ad Black Sea-ს აღმასრულებელი დირექტორი თამარ ცინცაძე.
გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და Ad Black Sea-ს პარტნიორობა პროექტის „კარგი მმართველობა გენდერული თანასწორობისთვის საქართველოში“ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების კომპონენტის ნაწილია, რომელიც ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით, გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ ხორციელდება.