ცვლილებებს ქალების ხმა აქვს - ცნობიერების ამაღლების კამპანია პოლიტიკაში ქალების მონაწილეობაზე
თარიღი:
პოლიტიკასა და გადაწყვეტილების მიღების პროცესებში ქალების სრულფასოვანი მონაწილეობა საქართველოში, როგორც მთელ მსოფლიოში, მნიშვნელოვანი პრობლემაა. ქალები საქართველოს მოსახლეობის 52%-ს წარმოადგენენ და ქვეყნის პოლიტიკურ, ეკონომიკურ თუ საზოგადოებრივ განვითარებაში ღირებულ როლს ასრულებენ, თუმცა გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებს ნაკლებად იკავებენ. მათი უნიკალური გამოცდილებები, ხედვები და საჭიროებები კი ყურადღების მიღმა რჩება. ამას გარდა, ქალები, რომლებსაც პოლიტიკაში ჩართვა ან წინსვლა სურთ, ბარიერებს ხშირად მხოლოდ იმიტომ აწყდებიან, რომ ქალები არიან. საგულისხმოა, რომ საქართველო ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის კუთხით მნიშვნელოვნად ჩამორჩება აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების საშუალო მაჩვენებელს და ევროპის სახელმწიფოებს შორის ერთ-ერთ ყველაზე ბოლო ადგილზეა.
სწორედ არსებული რეალობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებასა და ქალებისთვის ბარიერების შემცირებას ისახავდა მიზნად კამპანია „ცვლილებებს ქალების ხმა აქვს“, რომელიც გაეროს ქალთა ორგანიზაციის საქართველოს ოფისმა 2024 წლის შემოდგომაზე, საპარლამენტო არჩევნების წინ განახორციელა. კამპანიამ, რომელიც თვე-ნახევრის განმავლობაში გაგრძელდა, ნამდვილი ისტორიებით შექმნილი კონტენტი ¬— საინტერესო ფაქტები და მონაცემები, ძველი და ახალი თაობის პოლიტიკოსი და აქტივისტი ქალების გამოცდილებები გააერთიანა. ამას გარდა, თბილისში, ყვარელში, ქუთაისსა და ბათუმში ქალთა გაძლიერების თემაზე 4 სთენდაფ შოუც ჩატარდა. საგულისხმოა, რომ სთენდაფები საქართველოში ბოლო პერიოდის ერთ-ერთი გავრცელებული პლატფორმაა და განსაკუთრებით ახალგაზრდებში დიდი პოპულარობით სარგებლობს.
კამპანიამ წარმოაჩინა წვლილი, რომელიც პოლიტიკოსმა და საზოგადო მოღვაწე ქალებმა საქართველოს განვითარებასა და კეთილდღეობაში XIX საუკუნიდან შეიტანეს, ყურადღება გაამახვილა დაბრკოლებებზე, რომლებიც ქალებს ხელს უშლის, პოლიტიკაში სრულფასოვნად ჩაერთონ და გადაწყვეტილებების მიღების მაგიდასთან დამსახურებული ადგილი დაიკავონ. ამას გარდა, კამპანიის ერთ-ერთი გზავნილი ქალი ამომრჩევლების გააქტიურებას ემსახურებოდა, რადგან პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის უფლება სწორედ აქტიური საარჩევნო უფლებით, იგივე ხმის მიცემის უფლებით იწყება.
საგულისხმოა, რომ კამპანიას პოზიტიური გამოხმაურება და მაღალი ინტერესი მოჰყვა სოციალურ და მეინსტრიმ მედიებში. მის შესახებ ინფორმაცია 12-მა მედიასაშუალებამ გაავრცელა, რომელთა შორის რეიტინგული ტელევიზიები და პოპულარული ონლაინმედიები იყო. კამპანიის წვდომამ სოციალურ ქსელ ფეისბუქზე 1,180,380 უნიკალური მომხმარებელი შეადგინა, რომელთა უმეტესობას, 55,23%-ს ქალები წარმოადგენდნენ. რაც შეეხება ასაკობრივ კატეგორიას, კონტენტით ყველაზე აქტიურად 35-44 (33,45%) და 25-35 (32,49%) წლების აუდიტორია დაინტერესდა. ფეისბუქზე კამპანიის ჩართულობის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალი - 2,584,834 იყო.
“ქალების უფლებებისა და შესაძლებლობების გაფართოებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს საქართველოს სოციალური და ეკონომიკური პროგრესისთვის. გაეროს ქალთა ორგანიზაცია მოხარულია, რომ განახორციელა ცნობიერების ამაღლების კამპანია “ცვლილებებს ქალების ხმა აქვს”. ის ხაზს უსვამს იმ მნიშვნელოვან როლს, რომელიც საქართველოში ქალებმა ქვეყნის განვითარებაში შეიტანეს და დღესაც შეაქვთ. იმედი გვაქვს, კამპანია ხელს შეუწყობს საზოგადოებრივი აზრის მობილიზებას პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობის ზრდის მხარდასაჭერად“, - აღნიშნავს გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი საქართველოში კაორი იშიკავა.
ცნობიერების ამაღლების კამპანია გაეროს ქალთა ორგანიზაციამ, კრეატიულ სააგენტო „ლივინგსტონთან“ ერთად, პროექტების - „ქალთა ლიდერობა დემოკრატიისთვის საქართველოში“ და “საქართველოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების მხარდაჭერა” ფარგლებში, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა (SDC) და დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით განახორციელა.