სამხედრო ქალები საქართველოში ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგისთვის

გაეროს ქალთა ორგანიზაცია, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან პარტნიორობით, უწყებაში გენდერულ მეინსტრიმინგზე აქტიურად მუშაობს. სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა პუბლიკაცია „ქალები საქართველოს სამსახურში“, რომელშიც გაერთიანებულია 13 სამხედრო მოსამსახურე ქალის ბიოგრაფიული ისტორიები, მათი გამბედაობის, სიმამაცის, ბრძოლისა და თავდადების ამბები. ამ ქალებს შორის არიან ვიცე-პოლკოვნიკი ანა ლუკავა და მასტერ-სერჟანტი თამარ ჭაავა.

თარიღი:

ვიცე-პოლკოვნიკი ანა ლუკავა. ფოტო: საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
ვიცე-პოლკოვნიკი ანა ლუკავა. ფოტო: საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

„ვმსახურობ სტრუქტურაში, რომელიც ქვეყნის ძლიერების სიმბოლოა, როგორ არ უნდა ვიამაყო?“, - ვიცე-პოლკოვნიკი ანა ლუკავა

49 წლის ანა ლუკავა თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე-გენერალური შტაბის უფროსის უფროსი თანაშემწეა. ანა აფხაზეთიდანაა, გულრიფშის რაიონის დაბა დრანდიდან. უკვე სოხუმის უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტი იყო, როცა აფხაზეთის ომი დაიწყო და იძულებული გახდა, თავი თბილისისთვის შეეფარებინა. „3 წელი ახლობლის ოჯახში ვიცხოვრე. ყოველდღე იმ იმედით ვიღვიძებდი, რომ მშობლიურ კუთხეს დავუბრუნდებოდი, თუმცა ეს ბედნიერი წუთები დღემდე არ დადგა“, - ამბობს ანა.

1995 წელს ანამ მუშაობა აფხაზეთის სამთავრობო დაცვაში დაიწყო და მალევე ოფიცრის პირველადი სამხედრო წოდებაც მიიღო. ადრეულ ასაკში შეიარაღებულ ძალებში სამსახურზე, მით უმეტეს სამხედრო ფორმასა და ჩინზე, საერთოდ არ ფიქრობდა. ეგონა, ჯარში ქალები მხოლოდ მედდები და ექიმები იყვნენ, თუმცა ყველაფერი სხვაგვარად წარიმართა. უკვე სახელმწიფო დაცვის კაპიტანმა, 2004 წელს თავდაცვის ძალებში გადასვლა გადაწყვიტა და პირველად სურვილი მეუღლეს გაუზიარა.

„ჩემი ქმარი პროფესიით სამხედრო მეზღვაური და წოდებით პირველი რიგის კაპიტანია. მაშინ ისიც შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა. ამ გადაწყვეტილებას დიდი აღფრთოვანებით არ შეხვედრია. თუმცა, მერე, როცა პოლიგონზე მივდიოდი და მეთაურმა უთხრა, მცირეწლოვანი შვილების დედა თვეობით აქ ყოფნას როგორ შეძლებსო, მხარი დამიჭირა. ვიცოდი, რომ აქ ყველაფრისთვის მზად უნდა ვყოფილიყავი: ველზე გასვლა იქნებოდა ეს, კარავში ცხოვრება, სწავლებები, სროლები თუ ომი. სხვათა შორის, დედას თანადგომა რომ არა, არ ვიცი, როგორი კარიერა მექნებოდა“, - ამბობს ვიცე-პოლკოვნიკი.

კარიერის განმავლობაში საკუთარი პროფესიის შესახებ ბევრი სხვადასხვა აზრი მოუსმენია. შეხვედრია იმ კაცებს, რომლებისთვისაც სამხედრო ქალი მიუღებელი იყო და იმათაც, ვინც ჯარში ყოფნის მსურველებს სქესის მიხედვით არ ასხვავებდა. ანა ფიქრობს, რომ ახლა სამხედრო სფეროში ხელმძღვანელ თანამდებობებზე ქალების ნაკლებობაა, თუმცა ამ პროფესიის დაუფლების მსურველი გოგოების რიცხვი იზრდება, რაც მისასალმებელია.

„ვმსახურობ სტრუქტურაში, რომელიც ქვეყნის ძლიერების სიმბოლოა, როგორ არ უნდა ვიამაყო?“- აღნიშნავს ანა. ზღვრული ასაკის გამო, მისი სამხედრო კარიერა მალე დასრულდება, თუმცა ამბობს, რომ ჯარში გატარებული წლებით სიცოცხლის ბოლომდე კმაყოფილი იქნება.

Მასტერ-სერჟანტი თამარ ჭაავა. ფოტო: საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
Მასტერ-სერჟანტი თამარ ჭაავა. ფოტო: საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

„როცა ზრდასრული გავხდი, უკვე გადაწყვეტილი მქონდა, რომ აუცილებლად სამხედრო სფეროში წავიდოდი“, - მასტერ-სერჟანტი თამარ ჭაავა

38 წლის თამარ ჭაავა აფხაზეთიდან დევნილია. მამაც აფხაზეთის ომში დაეღუპა. მის პროფესიულ არჩევანზე დიდი გავლენა სწორედ ბავშვობის ტრაგიკულმა მოვლენებმა იქონია. „ეს ყველაფერი ჩემს მომავალსა და ცხოვრების წესზე აისახა. როცა ზრდასრული გავხდი, უკვე გადაწყვეტილი მქონდა, რომ აუცილებლად სამხედრო სფეროში წავიდოდი“, - ამბობს თამარი.

ნათესავებსა და ახლობლებს ამ გადაწყვეტილებისთვის მხარი დიდად არ დაუჭერიათ. ფიქრობდნენ, რომ ქალის ადგილი ჯარში არ იყო, თუმცა თამარმა საქმით აჩვენა, რომ ქალებს ყველაფერი შეუძლიათ: ექიმობაც, მასწავლებლობაც, დიასახლისობაც და სამშობლოს დაცვაც. „თანდათან აღმოჩნდა, რომ ჩემნაირი ბევრია და ეს, რა თქმა უნდა, საამაყოა. მაშინ, 2005 წელს, თავდაცვის სფეროში გენდერული თანასწორობა ასეთი აქტუალურიც არ იყო. ახლა ამ თემას სულ სხვა ყურადღება ექცევა. ვფიქრობ, ჩვენმა ევრო-ატლანტიკურმა მისწრაფებამაც დიდი როლი ითამაშა და ის სტერეოტიპების დამსხვრევაში ახლაც ძალიან გვეხმარება“, - აღნიშნავს სერჟანტი თამარ ჭაავა.

2005 წლიდან თამარს არაერთი თანამდებობა ეკავა. მუშაობდა ოპერატიული და სწავლებების დაგეგმარებების, მონიტორინგისა და შეფასების კუთხით. ამჟამად კი ის წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) S-3 საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების სერჟანტია.

თამარს ორი შვილი ჰყავს. მისი ოჯახის წევრებიც — მეუღლე და და თავდაცვის ძალებს წარმოადგენენ. თავად კარიერულ წინსვლაზე ფიქრობს: სურს, მომდევნო სამხედრო საკარიერო კურსი დაასრულოს და წოდებით მთავარი სერჟანტი გახდეს.

პუბლიკაცია „ქალები საქართველოს სამსახურში“ მომზადდა გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის „ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის ეფექტიანი განხორციელებისთვის საქართველოში“ ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია დიდი ბრიტანეთის მთავრობის კონფლიქტის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების ფონდისა და თავდაცვის სამინისტროს მიერ.