თბილისში ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე ღია კარის დღის 10 წლისთავი აღინიშნა

თარიღი:

ახალგაზრდული ინიციატივა “მე-16 ელემენტის” თანადამფუძნებელი ელეონორა ჭანია ღია კარის დღის მონაწილეებს საკუთარ გამოცდილებას უზიარებს. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია
ახალგაზრდული ინიციატივა “მე-16 ელემენტის” თანადამფუძნებელი ელეონორა ჭანია ღია კარის დღის მონაწილეებს საკუთარ გამოცდილებას უზიარებს. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია

ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს 1325 და შემდგომი რეზოლუციების განხორციელების სფეროში არსებული გამოცდილებების შესახებ ღია კარის დღე საქართველოში 2014 წლიდან აღინიშნება. რეგულარული შეხვედრები მშვიდობის მშენებელი ახალგაზრდა ქალებისთვის, სათემო აქტივისტებისთვის, ქალთა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და გაეროს სისტემის წარმომადგენლებისთვის ქვეყანაში ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის განხორციელების გამოწვევებსა და პროგრესზე მსჯელობისთვის მნიშვნელოვან პლატფორმას წარმოადგენს.

პირველი ღია კარის დღის ჩატარებიდან 10 წლისთავზეც დევნილი და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალები, სამოქალაქო საზოგადოების, აკადემიური წრეებისა და გაეროს სისტემის წარმომადგენლები თბილისში ტრადიციულად შეიკრიბნენ და თემის ირგვლივ არსებულ საჭიროებებზე იმსჯელეს. ღონისძიებას 60-ზე მეტი მონაწილე ესწრებოდა. აღსანიშნავია, რომ შეხვედრაზე იმყოფებოდნენ „მშვიდობის ელჩი ქალებისა და ახალგაზრდების“ ქსელის წევრებიც – ის იძულებით გადაადგილებული და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალები, რომლებიც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთთან გამყოფი ხაზების მიმდებარე სოფლებში ცხოვრობენ, ადგილობრივ საჭიროებებს სწავლობენ და პრობლემების მოგვარების ადვოკატირებაშიც არიან ჩართულები.

ღია კარის დღეზე მონაწილეებმა განიხილეს გამოწვევები, რომლებსაც ქალები კონფლიქტების პრევენციისა თუ მდგრადი მშვიდობის მშენებლობის პროცესში აწყდებიან, ერთმანეთს გაუზიარეს ინფორმაცია გაეროს უშიშროების საბჭოს 1325 და მისი შემდგომი რეზოლუციების განხორციელებისთვის საჭირო პოლიტიკისა და პროგრამების შესახებ. ასევე, განიხილეს რეზოლუციის მიღების შემდეგ ადგილობრივ დონეზე მიღწეულ პროგრესსა და სამშვიდობო პროცესებში გენდერული თანასწორობის გაძლიერების ინოვაციური გზები, ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის განხორციელების სფეროში არსებული შესაძლებლობები და გამოწვევები, რომლებიც კიდევ უფრო აქტუალურია ცვალებადი უსაფრთხოების კონტექსტში.

შეხვედრის ერთ-ერთმა მონაწილემ, ხათუნა გოგუამ, რომელიც „მშვიდობის ელჩი ქალებისა და ახალგაზრდების“ ქსელის წევრიცაა, რამდენიმე მნიშვნელოვან პრობლემაზე ისაუბრა. მის თემში, სადაც ძირითადად სოხუმიდან დევნილები ცხოვრობენ, სანიაღვრე სისტემა მოუწესრიგებელია, რის გამოც წვიმის შემდეგ ქუჩები იტბორება. „ბავშვებს არ შეუძლიათ გარეთ თამაში, რაც იწვევს ჯანმრთელობის, მათ შორის ინფექციური დაავადებების საშიშროებას. სათანადო საგზაო ინფრასტრუქტურის არარსებობა კი კიდევ უფრო ამწვავებს ამ პრობლემას. მნიშვნელოვანია ელექტროსადენების საკითხიც, რომლებიც საცხოვრებელ ადგილებთან ახლოს გადის და სასწრაფოდ მოითხოვს მოგვარებას. თუმცა, ამავდროულად, მინდა, აღვნიშნო სპორტული მოედნის გახსნაც, რომელიც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირში დევნილთა დასახლების 3 კორპუსს ემსახურება. ეს დევნილთა ფიზიკური ჯანმრთელობის ხელშეწყობისთვის მნიშვნელოვანი წარმატებული ინიციატივაა“, - აღნიშნა ხათუნა გოგიამ.

ღია კარის დღე ჩატარდა გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ, გაეროს მუდმივი კოორდინატორის ოფისთან, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში გაეროს წარმომადგენელთან, გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP), გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს კომისარიატთან (UNHCR) და საქართველოში მოქმედ გაეროს სხვა სააგენტოებთან თანამშრომლობით. ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებზე გაეროს ქალთა ორგანიზაციის საქმიანობა ბრიტანეთის ინტეგრირებული უსაფრთხოების ფონდის (ISF) მხარდაჭერით ხორციელდება.