მშვიდობის ელჩი ქალები და ახალგაზრდები გადამზადებას გადიან

თარიღი:

"მშვიდობის ელჩი ქალებისა და ახალგაზრდების" ქსელის წევრები გენდერული დეზინფორმაციის ტრენინგზე ჯგუფურ სავარჯიშოს ასრულებენ. ფოტო: ქალთა საინფორმაციო ცენტრი
"მშვიდობის ელჩი ქალებისა და ახალგაზრდების" ქსელის წევრები გენდერული დეზინფორმაციის ტრენინგზე ჯგუფურ სავარჯიშოს ასრულებენ. ფოტო: ქალთა საინფორმაციო ცენტრი

“ტრენინგებზე როცა მოვდივარ, ვხვდები, რომ სხვადასხვა თაობის, გამოცდილებებისა და გამოწვევების ქალებს ერთი მიზანი გვაქვს: ევროპული საქართველო. ჩვენი აქტიურობით კი, შესაძლოა, მცირე, მაგრამ მაინც მნიშვნელოვანი წვლილი შეგვაქვს ამ მიზნის მიღწევაში”, - ასე აფასებს 19 წლის თაკო ლაგვილავა “მშვიდობის ელჩი ქალებისა და ახალგაზრდების” ქსელის წევრთა შეკრებებს.

თაკო ზუგდიდიდანაა, თუმცა ამჟამად თბილისში ცხოვრობს და “ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში” პოლიტიკასა და დიპლომატიას სწავლობს. “მშვიდობის ელჩი ქალებისა და ახალგაზრდების” ქსელში გაწევრიანებისას მისი ერთ-ერთი მოტივაცია, ცხადია, პროფესიული არჩევანიც იყო.

ქსელი, რომელიც 17 მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს აერთიანებს, 2023 წლის ბოლოს შეიქმნა და ის საქართველოში ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის ლოკალიზაციის, ასევე, თემის ლიდერი ქალების გაძლიერების მნიშვნელოვანი ნაწილია. ქსელის საქმიანობა მათი სათანადო ცოდნითა და უნარებით აღჭურვას, საჭიროებების დეტალურ შესწავლას, პრობლემების მოგვარების ადვოკატირებაში აქტიურ და ეფექტიან ჩართულობასაც მოიაზრებს.

ამ მიზნით, ივლისსა და აგვისტოში, გაეროს ქალთა ორგანიზაციის პარტნიორმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა - ქალთა საინფორმაციო ცენტრმა, იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია “თანხმობამ” და ქალთა ფონდმა “სოხუმმა” ქსელის წევრი ქალებისა და ახალგაზრდებისთვის 12 ტრენინგი ჩაატარეს. სესიები ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს დაეთმო, როგორებიცაა ადამიანის უფლებები, ქალთა უფლებები და გენდერული თანასწორობა, გენდერული დეზინფორმაცია და ყალბი ამბების ამოცნობა, პროპაგანდა და სოციალური მედია, ხელოვნური ინტელექტი, ინტერნეტსივრცის უსაფრთხო გამოყენება და ა.შ. შეხვედრებს საქართველოს 6 რეგიონიდან 100-ზე მეტი მონაწილე დაესწრო. მათ შორის იყო თაკო ლაგვილავაც.

„დღევანდელი შეხვედრა ჩემთვის განსაკუთრებით საინტერესო იყო, იმიტომ რომ ქალი ვარ, პოლიტიკას ვსწავლობ და ვიცი, რომ თუ საქმიანობას ამ სფეროს დავუკავშირებ, შესაძლოა, დეზინფორმაციის სამიზნე მეც გავხდე. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანი ცოდნა მივიღე. გავიგე, როგორ მოვემზადო მენტალურად, რა ხერხებით ვებრძოლო მას და რაც მთავარია, ეს ინფორმაცია სხვა ქალებსაც გავუზიარო“, - აღნიშნა თიკომ გენდერული დეზინფორმაციის ტრენინგის დასრულების შემდეგ.

ქსელის საქმიანობის მხარდაჭერასა და მისი წევრებისთვის ახალი, საჭირო ცოდნის გაზიარების ხელშეწყობას გაეროს ქალთა ორგანიზაცია სამომავლოდაც განაგრძობს.

მშვიდობის ელჩი ქალებისა და ახალგაზრდების ქსელის წევრების გადამზადება პროექტის „ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის ეფექტიანი განხორციელებისთვის საქართველოში“ ნაწილია. პროექტი დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერაა მხარდაჭერილი.