როცა სწავლა არასდროსაა გვიანი

თარიღი:

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კოშკაში მცხოვრები ლია მიქელაძე მსხლის ბაღში, რომელიც თავად გააშენა. ფოტო: ლია მიქელაძის პირადი არქივი
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კოშკაში მცხოვრები ლია მიქელაძე მსხლის ბაღში, რომელიც თავად გააშენა. ფოტო: ლია მიქელაძის პირადი არქივი

“მსხალი გიყვართ”?- იკითხა ლია მიქელაძემ, მერე სოფლიდან წამოღებული “კარმენის” ჯიშის ფერადი, მწიფე მსხლები ჩანთიდან ამოალაგა, უკვე ყოფილი ტრენერების მაგიდაზე კოხტად დააწყო და საკუთარი ბიზნესიდეის პრეზენტაციას შეუდგა.

ლია 57 წლისაა, გორის მუნიციპალიტეტში, გამყოფი ხაზის მიმდებარედ, სოფელ კოშკაში ოჯახთან ერთად ცხოვრობს. ყოფილი მასწავლებელი დიდი ხანია, სამოქალაქო აქტივისტია და თემის ცხოვრების გაუმჯობესებაზე, იქაურების პრობლემების გადაჭრაზე მუშაობს, თუმცა დღეს ის თბილისში ბიზნესპროექტით წარსადგენადაა ჩამოსული.

“ბოლო წლებში საქართველოში ევროპიდან მსხლის იტალიური ჯიში “კარმენი” შემოვიდა და მალევე პოპულარული გახდა. საკმაოდ მაღალი ფასიც აქვს. გორის მუნიციპალიტეტი ხილის მოყვანითაა ცნობილი და “კარმენიც” ბევრმა გააშენა, მათ შორის მეც. ამ გაზაფხულზე 480 ძირი მსხალი დავრგე, თუმცა მწკრივებს გამაგრება სჭირდება. მსხმოიარე ხეხილი სიმძიმემ ან ქარმა რომ არ წააქციოს, ისინი ხისა და ცემენტის ბოძებით მყარად, ერთ ხეივნად უნდა შეიკრას”, - ამბობს ლია.

ხეივნის იდეა მას ტრენინგზე “მეწარმეობის პრაქტიკული კურსი - როგორ დავიწყოთ ბიზნესი” გაუჩნდა. უფასო სწავლება გამყოფი ხაზის გასწვრივ მცხოვრები ქალებისთვის იყო განკუთვნილი და ის, გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით, შიდა ქართლისა და სამეგრელოს რეგიონებში, სექტემბერ-ოქტომბერში, სულ 32-მა მონაწილემ გაიარა.

ტრენინგის დახმარებით, ქალებმა მეწარმეობის, ფინანსური აღრიცხვისა და საგადასახადო კოდექსის შესახებ მნიშვნელოვანი ცოდნა შეიძინეს, ბიზნესის წარმოებისა თუ გაფართოების პრაქტიკული უნარები გამოიმუშავეს და ახალი იდეებიც განიხილეს. კურსს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აკადემიის ტრენერები უძღვებოდნენ. სწავლების დასრულების შემდეგ მონაწილეებმა ბიზნესიდეების პრეზენტაციები სწორედ მათ წარუდგინეს და სერტიფიკატებიც მიიღეს.

“ძალიან საინტერესო ტრენინგები იყო, თანაც, მარტივად გასაგები. შესაძლებლობა გვქონდა, ყველა კითხვა დაგვესვა და პასუხებიც მიგვეღო. მსხლის ხეივნის იდეით ისე ავჟიტირდი, შეხვედრებზე ბედნიერი მივდიოდი. მართლა რა კარგი კურსია, მარტო მე კი არა, ყველამ უნდა გაიაროს. ახლა ამ სერტიფიკატს ფეისბუქზე დავდებ და დავაწერ: სწავლა არასდროსაა გვიანი”, - ამბობს ლია.

ქალებს, რომლებმაც კურსი გაიარეს და ბიზნესიდეები წარმატებით წარადგინეს, საშუალება ექნებათ, პროექტის მომდევნო ეტაპზე საგრანტო კონკურსშიც მიიღონ მონაწილეობა და მათი რეალიზებისთვის დაფინანსებაც მოიპოვონ. მათ შორის ლიაც იქნება. აპირებს, განაცხადი კონკურსში აუცილებლად წარადგინოს და იცის, რომ თუ გაიმარჯვებს, მის მოსავალს საფრთხე ნაკლებად დაემუქრება.

გამყოფი ხაზების მიმდებარედ მცხოვრები ქალების მეწარმეობის მხარდაჭერას განსაკუთრებული როლის შესრულება შეუძლია არა მარტო მათი, არამედ მთლიანად თემების ეკონომიკური გაძლიერებისა და უსაფრთხოებისთვის. სოფლებში, სადაც შიდა მიგრაცია მაღალია, ხოლო მოსახლეობა მუდმივ შიშსა და მატერიალურ გაჭირვებაში ცხოვრობს, მცირე საქმიანობებსაც კი სასიკეთო ცვლილების შეტანა შეუძლია. გაეროს ქალთა ორგანიზაციის ეს ინიციატივა, შემოსავლის გაზრდასთან ერთად, ამ მიზანსაც ემსახურება.

გამყოფი ხაზების მიმდებარედ მცხოვრები ქალებისთვის მეწარმეობის პრაქტიკული სასწავლო კურსი ჩატარდა გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროგრამის „ქალთა ლიდერობის გაზრდა მდგრადი და მშვიდობიანი საზოგადოებებისთვის“ ფარგლებში, რომელიც დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით გაეროს ქალთა ორგანიზაციის ოფისები საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული ოფისის მხარდაჭერით ახორციელებენ.