იურიდიული დახმარების სამსახურის იურისტები ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგს ეცნობიან

თარიღი:

იურიდიული დახმარების სამსახურის თანამშრომლები ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის შესახებ ტრენინგს ესწრებიან. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია
იურიდიული დახმარების სამსახურის თანამშრომლები ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის შესახებ ტრენინგს ესწრებიან. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია

დევნილ და კონფლიქტით დაზარალებულ ქალებს, რომლებიც საქართველოში, გამყოფი ხაზების მიმდებარე სოფლებში ცხოვრობენ, სპეციფიკური სამართლებრივი საჭიროებები აქვთ, თუმცა ხშირად შესაბამის სერვისებზე ხელი არ მიუწვდებათ. საგულისხმოა, რომ, გაეროს ქალთა ორგანიზაციის ხელშეწყობით, უფასო იურიდიულ დახმარებას ისინი 2010 წლიდან იღებდნენ და სწორედ ეს წარმატებული გამოცდილება დაედო საფუძვლად გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და იურიდიული დახმარების სამსახურის თანამშრომლობას, რომელიც ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებში უწყების მხარდაჭერას გულისხმობს.

ამ მიმართულებით პარტნიორობის პირველი ნაბიჯები ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად გადაიდგა. 1-2 აგვისტოს იურიდიული დახმარების სამსახურის თანამშრომლებისთვის ჩატარდა ტრენინგი, რომელსაც ცენტრალური და რეგიონული ოფისებიდან 25 წარმომადგენელი დაესწრო.

მისი მიმდინარეობისას მონაწილეები გაეცნენ გენდერის ძირითად ცნებებსა და ტერმინებს, გენდერული მეინსტრიმინგის არსსა და მნიშვნელობას, ომისა და კონფლიქტების გავლენას გენდერულ ჭრილში, ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგს, საქართველოში არსებულ ვითარებასა და გამოწვევებს, ასევე, ქალთა მონაწილეობის მნიშვნელობას მშვიდობის მშენებლობასა და გადაწყვეტილების მიღების პროცესებში.

შეხვედრის მნიშვნელოვანი ნაწილი დევნილი და კონფლიქტით დაზარალებული ქალების სამართლებრივი საჭიროებების გაცნობასაც დაეთმო. როგორც აღინიშნა, ეს საჭიროებები, ძირითადად, ოჯახში ძალადობას, უძრავი ქონების საკუთრების უფლებასა და მემკვიდრეობას შეეხება, რაც პერსპექტივაში ქალებისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობასა და მათ ეკონომიკურ გაძლიერებასაც აფერხებს.

„ტრენინგზე კიდევ ერთხელ გამოიკვეთა, რომ ჩვენს საზოგადოებაში მწვავედ დგას გენდერული დისკრიმინაციის საკითხი. ჩემთვის, როგორც ადვოკატი ქალისთვის, მნიშვნელოვანი იყო იმ სირთულეებისა და საჭიროებების დანახვა, რომლებიც კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ქალებს აწუხებთ. გავაცნობიერე, რამდენად მნიშვნელოვანია ომისა და მშვიდობის მოლაპარაკებების საკითხებში მაქსიმალურად მეტი ქალის ჩართვა და სურვილი გამიჩნდა, ჩემი წვლილი შევიტანო მათი ცნობიერების ამაღლებასა თუ საჭიროებების დაკმაყოფილებაში“, - აღნიშნა ლედი კორძაძემ, რომელიც სპეციალიზებულ საქმეთა თბილისის იურიდიული დახმარების ბიუროში მუშაობს.

საგულისხმოა, რომ გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, იურიდიული დახმარების სამსახურის თანამშრომლები, რომლებიც შეხვედრას ესწრებოდნენ, გამყოფი ხაზების მიმდებარე სოფლებში ვიზიტს, ადგილობრივ ქალებთან შეხვედრასა და სამართლებრივ საკითხებზე უფასო კონსულტაციების გაწევას გეგმავენ.

იურიდიული დახმარების სამსახური იურიდიული დახმარების ბიუროებისა და საკონსულტაციო ცენტრების მეშვეობით, ქვეყნის თითქმის მთელ ტერიტორიას ფარავს. მათი მომსახურების არეალი მოიაზრებს არა მარტო გამყოფი ხაზების მიმდებარე ტერიტორიებს, არამედ დევნილთა დასახლებებსაც. შესაბამისად, უწყების იურისტების გადამზადება განსაკუთრებული მნიშვნელოვანია, რათა კონკრეტული, სპეციფიკური საჭიროებების გათვალისწინებით სამართლებრივი დახმარება რაც შეიძლება მეტმა დევნილმა და კონფლიქტით დაზარალებულმა ქალმა მიიღოს.

აღსანიშნავია ისიც, რომ ამ ინიციატივით, გაეროს ქალთა ორგანიზაციამ ხელი შეუწყო ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების შესახებ საქართველოს 2022-2024 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის განხორციელებასაც, რომლის ერთ-ერთი პუნქტი სწორედ იურიდიული დახმარების სამსახურის თანამშრომელთა გადამზადებას მოიცავდა.

ტრენინგი ჩატარდა პროექტის „ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის ეფექტიანი განხორციელებისთვის საქართველოში“ ფარგლებში, რომელიც დიდი ბრიტანეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.