თავდაცვის სექტორში ქალთა ლიდერობის მხარდაჭერა გრძელდება
თარიღი:
თავდაცვის სექტორში ქალების დასაქმების, კარიერულ განვითარებისა და დაწინაურების ხელშეწყობის მნიშვნელოვანი ხელშემწყობი ფაქტორი მათი პიროვნული და პროფესიული უნარების გაძლიერების უწყვეტი მხარდაჭერაა. მით უფრო საქართველოში, სადაც ქალებს განათლებისა და განვითარების ფართო შესაძლებლობები ხშირად არ ეძლევათ.
გაეროს ქალთა ორგანიზაცია ამ კუთხით აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან, რაც, სხვა მიმართულებებთან ერთად, ამ სფეროში დასაქმებული ქალებისთვის ტრენინგებისა და მასტერკლასების შეთავაზებასაც ითვალისწინებს.
ერთ-ერთი ასეთი მასტერკლასი სტრესისგან თავისუფალი კომუნიკაციის თემაზე ჩატარდა და მას საქართველოს თავდაცვის სამინისტროში დასაქმებული 22 ქალი დაესწრო. შეხვედრის მიმდინარეობისას მონაწილეები გაეცნენ ოპერატიული უკუკავშირის, როგორც კონფლიქტის პრევენციის ინსტრუმენტს, ემოციური ინტელექტისა და სტრესისგან თავისუფალი კომუნიკაციის მნიშვნელობას, ძირითად საკომუნიკაციო ტექნიკებსა და უკუკავშირის საბაზისო მოდელების დანერგვის სპეციფიკას.
“ქალთა სრულფასოვანი ინტეგრირება სამხედრო ოპერაციებში, მათი განსხვავებული პერსპექტივები და პრობლემების გადაჭრის უნარი ეფექტიანობას ზრდის. შესაბამისად, თავდაცვის სექტორში ქალთა ლიდერობის ხელშეწყობა არა მხოლოდ გენდერული თანასწორობის საკითხი, არამედ სტრატეგიული აუცილებლობაცაა. ასეთი სამუშაო შეხვედრები და სემინარები ძალიან მნიშვნელოვანია. ისინი ქმნის კარგ პლატფორმას, რომლის დახმარებითაც ლიდერებს შეუძლიათ გენდერთან დაკავშირებულ საკითხებზე საუბარი, სამხედრო ქალებთან არაფორმალურ გარემოში კომუნიკაცია, მათი, როგორც ლიდერების განვითარების მენტორობა და აქტიური მხარდაჭერა. ჩემი აზრით, ქალთა ლიდერობის ხელშეწყობა თავდაცვის სექტორის მომავალში ჩადებული საუკეთესო ინვესტიციაა და ის მნიშვნელოვნად გააძლიერებს ქვეყნის უსაფრთხოების მთლიან კონსტრუქციას”, - აღნიშნა მასტერკლასის დასრულების შემდეგ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადამიანური რესურსების დეპარტამენტის ადამიანური რესურსების პოლიტიკის სამმართველოს უფროსის მოადგილემ, ვიცე-პოლკოვნიკმა ეკატერინე ხარაშვილმა.
ტრენინგი ჩატარდა პროექტის „ქალთა ლიდერობის გაძლიერება საქართველოს თავდაცვის სექტორში“ ფარგლებში, რომელიც გაეროს ქალთა ორგანიზაციამ მიმდინარე წლის აგვისტოში დაიწყო. პროექტი უსაფრთხოების სექტორის მართვის ჟენევის ცენტრსა (DCAF) და საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან პარტნიორობით, დიდი ბრიტანეთის მთავრობის დაფინანსებით მიმდინარეობს. მისი მიზანი თავდაცვის სექტორში ქალების დასაქმების, სისტემაში კარიერულ განვითარებისა და დაწინაურების ხელშეწყობაა. ამას გარდა, პროექტი საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ძალებში გენდერული საკითხების ინტეგრირებასაც ითვალისწინებს.
საგულისხმოა, რომ პროექტი მხარს უჭერს საქართველოში ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგისა და ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების შესახებ ეროვნული სამოქმედო გეგმის განხორციელებას და მიზნად ისახავს თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ძალების შესაძლებლობების განვითარებას ინკლუზიური პოლიტიკისა და ლიდერულ პოზიციებზე ქალთა წარმომადგენლობის გაზრდის მიმართულებით.