ქართველი სამხედრო ქალები ცვლილებების მაგალითებს ქმნიან
გაეროს ქალთა ორგანიზაცია 10 წელზე მეტია, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან პარტნიორობით, უწყებაში გენდერულ მეინსტრიმინგზე აქტიურად მუშაობს. ეს თანამშრომლობა, სხვა საკითხებთან ერთად, თავდაცვის ძალებში ქალების წვლილის აღიარებას გულისხმობს. ამ მიზანს ემსახურებოდა პუბლიკაცია „ქალები საქართველოს სამსახურში“, რომელიც გაეროს ქალთა ორგანიზაციამ თავდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით მოამზადა. ვიცე-პოლკოვნიკი თამარ მღებრიშვილი და უფროსი ლეიტენანტი თამუნა ჯიშკარიანი სწორედ ამ პუბლიკაციის გმირები არიან.
თარიღი:
“ჩემთვის დიდი პატივია, ვიყო მისაბაძი მომავალი თაობისთვის და მათ საკუთარი მაგალითით ვუთხრა, რომ ქალები ძლიერი სამხედროები, ქვედანაყოფის მეთაურები და ლიდერები არიან", - ვიცე-პოლკოვნიკი თამარ მღებრიშვილი
თამარი 7 წლის იყო, როცა დედამ რუსთაველის გამზირზე, მიტინგზე წაიყვანა. სცენაზე ასვლა უნდოდა, მაგრამ მოულოდნელად დედა მეგობარს შეხვდა, რომელმაც ურჩია, ბავშვი იქაურობისთვის გაერიდებინა. იმ ღამეს საბჭოთა ჯარისკაცებმა თბილისში მშვიდობიანი მიტინგი დაარბიეს. თამარმა და დედამ ძლივს გაასწრეს. „9 აპრილის მძიმე ტრაგედია, ის ემოციები მეხსიერებაში სამუდამოდ დამელექა. ვფიქრობ, ჩემი არჩევანი — ფორმით ვემსახურო ჩემს ქვეყანას — ამან განაპირობა“, - იხსენებს ვიცე-პოლკოვნიკი თამარ მღებრიშვილი.
თავიდან იურისტობა უნდოდა, მაგრამ მამას ნათქვამმა, „იურიდიული რა ქალის საქმეაო“, გადაწყვეტილება შეაცვლევინა. დასავლეთევროპული ენების ფაკულტეტზე ჩააბარა, თუმცა მალევე მიხვდა, რომ მისი საოცნებო პროფესია სხვა იყო. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ სურვილი მაინც აისრულა და დავით აღმაშენებლის სახელობის თავდაცვის ეროვნულ აკადემიაში, უმცროს ოფიცერთა მომზადების კურსზე ქვეითის სპეციალობით ჩააბარა.
„ჯერ კიდევ აკადემიაში სწავლის დროს ამბობდნენ ხოლმე, ქვეითზე ქალს რა უნდაო. შემდეგშიც, როცა პოზიციებზე გადანაწილების დრო მოვიდა, ბრიგადის მეთაურს სურდა, საშტაბო პოზიციაზე დავენიშნე. გადაწყვეტილება ჩემი მტკიცე პასუხის „მე ქვეითი ვარ“ შემდეგ შეცვალა. ასე გავხდი ოცმეთაური და ოფიცერი ქალი, რომელიც დიდი სამხედრო ოჯახის სრულუფლებიანი წევრის მოვალეობას უშუალოდ ველზე ვასრულებდი“, - იხსენებს თამარი.
ოცმეთაურობას — ასმეთაურობა, ბატალიონში სამსახურის უფროსობა და ბრიგადის შტაბის დაგეგმარების ოფიცრობა, ამერიკაში კარიერული სასწავლო კურსები და ავღანეთში ორი სამშვიდობო მისია მოჰყვა. თამარმა ქვეით ბრიგადაში 9 წელი იმსახურა, მოგვიანებით კი ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) სწავლებების დაგეგმვის ოფიცრის პოზიცია დაიკავა. დღეს 39 წლის ვიცე-პოლკოვნიკი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) განხორციელების მხარდამჭერი განყოფილების უფროსია. მისი საქმიანობა ქართველ და ნატოელ ლიდერებთან ყოველდღიურ თანამშრომლობას ითვალისწინებს, რათა საბოლოო შედეგის მისაღწევად, თითოეული საფეხური თანმიმდევრულად და დროულად შესრულდეს.
„ყოველდღე, როცა ფორმას ვირგებ და სახლიდან გამოვდივარ, სიამაყის გრძნობა მაქვს. ჩემთვის დიდი პატივია, ვიყო მისაბაძი მომავალი თაობისთვის და მათ საკუთარი მაგალითით ვუთხრა, რომ ქალები ძლიერი სამხედროები, ქვედანაყოფის მეთაურები და ლიდერები არიან. მთავარი პროფესიონალიზმია და არა — სქესი“,- ამბობს ვიცე-პოლკოვნიკი მღებრიშვილი და დაკისრებული მოვალეობის შესრულებას სრული შემართებით აგრძელებს.
“მარტივი არ არის, სამხედრო იყო. ჩვენი ცხოვრების წესი სამოქალაქოსგან სრულებით განსხვავდება“, - უფროსი ლეიტენანტი, ოცმეთაური თამუნა ჯიშკარიანი
28 წლის უფროსი ლეიტენანტი თამუნა ჯიშკარიანი მე-4 მექანიზებული ქვეითი ბრიგადის 41-ე ქვეითი ბატალიონის ქვეითი ოცეულის B ქვეითი ასეულის მეთაურის მოადგილეა. თამუნას სხვა პროფესიაზე არასდროს უფიქრია: საკუთარი თავი მუდამ მხოლოდ სამხედრო სფეროში წარმოედგინა. „ფორმა ყოველთვის მომწონდა. განსაკუთრებით ვაფასებდი ფორმიან ადამიანებსაც, რომლებიც მზად იყვნენ, სამშობლო საკუთარი სიცოცხლის ფასად დაეცვათ. 2008 წლის აგვისტოს ომმა ჩემი სურვილი კიდევ უფრო გაამძაფრა: საბოლოოდ გადამაწყვეტინა, ვყოფილიყავი სამხედრო და ფორმა ღირსეულად მეტარებინა“, - ამბობს თამუნა.
2015 წელს თამუნამ ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში ჩააბარა და იუნკერი გახდა. სამხედრო საქმესთან ერთად, სამოქალაქო განათლებაც მიიღო და თავდაცვა და უსაფრთხოება შეისწავლა. აკადემიის დასრულების შემდეგ კი მან ქვეითი კურსი გაიარა და უკვე უფროსი ლეიტენანტის წოდებით, ოცეულის მეთაურად დაინიშნა.
ოჯახის წევრებმა თამუნას მომავალი პროფესიისა და მისწრაფების შესახებ ადრეული წლებიდანვე იცოდნენ და ხელსაც უწყობდნენ. „მართალია, უჭირთ ხოლმე, როცა მორიგე ვარ ან სწავლებას გავდივარ და ზოგჯერ სახლში 1 თვის განმავლობაშიც კი ვერ მივდივარ, მაგრამ მაინც სულ მხარს მიჭერენ. ვიცი, რომ ბევრი რამ, რაც სამხედროებისთვის სრულიად გასაგებია, სამოქალაქო პირებისთვის ბუნდოვანია. ეს ბუნებრივიცაა: მარტივი არ არის, სამხედრო იყო. ჩვენი ცხოვრების წესი სამოქალაქოსგან სრულებით განსხვავდება“, - ამბობს უფროსი ლეიტენანტი ჯიშკარიანი.
გავრცელებული შეხედულება, რომ ქალებს ჯარში ფიზიოლოგიის გამო უჭირთ, თამუნასთვის სტერეოტიპია. ფიქრობს, რომ ორივე სქესის შემთხვევაში, წარმატებისთვის მთავარი ვარჯიში, შრომა, ფსიქოლოგიური მზაობა და განვითარებაზე მუდმივი მუშაობაა. „ვერ ვიტყვი, რომ ჩემი სქესის გამო სირთულეები არ მქონია, მაგრამ ვის არ ჰქონია? თუმცა, უნდობლობა, რომ რადგან ქალი ვარ, რომელიმე დავალებას ვერ შევასრულებდი, არასდროს მიგრძნია“,- ჰყვება ოცმეთაური.
როგორც ყველა სამხედრო, უფროსი ლეიტენანტი ჯიშკარიანიც განვითარებაზე ფიქრობს: წინ ახალი კურსები და განსხვავებული გამოცდილებაა.