ინკლუზიურ სამშვიდობო პროცესებსა და მოლაპარაკებებში გენდერული პერსპექტივის მხარდაჭერა გრძელდება

თარიღი:

ტრენინგის მონაწილეები ჯგუფურ სამუშაოს წარადგენენ. Ფოტო: ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტი
ტრენინგის მონაწილეები ჯგუფურ სამუშაოს წარადგენენ. Ფოტო: ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტი

როგორც საერთაშორისო გამოცდილება აჩვენებს, როცა სამშვიდობო პროცესებში ქალები ერთვებიან, 35%-ით იზრდება ალბათობა, რომ მშვიდობა მინიმუმ 15 წლის განმავლობაში შენარჩუნდება, ხოლო სამშვიდობო ხელშეკრულებები, რომლებიც ქალების მიერაა ხელმოწერილი, უფრო მდგრად მშვიდობას უზრუნველყოფს. შესაბამისად, ქალთა ეფექტიანი ჩართულობა სწორედ გრძელვადიანი პოზიტიური მშვიდობის მიღწევისთვისაა მნიშვნელოვანი.

ეს საკითხი განსაკუთრებით აქტუალურია საქართველოსთვის, სადაც სამშვიდობო პროცესებისა და მოლაპარაკებებში ქალთა მონაწილეობა კვლავაც დაბალია. სწორედ ამიტომ, გაეროს ქალთა ორგანიზაცია ქვეყანაში ინკლუზიური სამშვიდობო პროცესებისა და მოლაპარაკებებში გენდერული პერსპექტივის მხარდაჭერას აგრძელებს.

აღნიშნული მხარდაჭერის ერთ-ერთი მიმართულება მედიატორი ქალების მომზადებასა და კონფლიქტის გენდერულ ანალიზზე ცნობიერების ამაღლებას გულისხმობს. ამ მიზნით, გაეროს ქალთა ორგანიზაცია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურ სასწავლო და კვლევით ინსტიტუტთან თანამშრომლობს. ინსტიტუტში დანერგილია სამდღიანი სატრენინგო კურსი, რომელიც სხვადასხვა სახელმწიფო უწყებისა და მშვიდობის საკითხებზე მომუშავე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვისაა განკუთვნილი.

ტრადიციული ტრენინგი წელს 25-27 აპრილს ჩატარდა და მას სახელმწიფო უწყებების 13 თანამშრომელი ესწრებოდა. მონაწილეები გენდერულად ინკლუზიური სამშვიდობო პროცესების ნორმატიულ და პოლიტიკურ ჩარჩოებს, კონფლიქტის გენდერულად მგრძნობიარე ანალიზსა და გენდერულად ინკლუზიური სამშვიდობო მოლაპარაკებების სპეციფიკას გაეცნენ. ამას გარდა, სიმულაციური სავარჯიშოების დახმარებით, მათ სამშვიდობო მოლაპარაკებების შესახებ პრაქტიკული ინფორმაციაც მიიღეს.

“ტრენინგმა შესაძლებლობა მომცა, უფრო მკაფიოდ დამენახა სამშვიდობო მოლაპარაკებებში ქალების ჩართულობის მნიშვნელობა და აუცილებლობა. გავეცანი მოლაპარაკების სხვადასხვა ტექნიკას, რომელთა გამოყენებითაც კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარებისთვის შედეგი ეფექტიანად მიიღწევა. საჭირო და მნიშვნელოვანი იყო სიმულაციები და როლური თამაშები, რადგან შესაძლებლობა მოგვეცა, ტრენინგის ფარგლებში მიღებული ცოდნა პრაქტიკაში გადმოგვეტანა. შეძენილი გამოცდილება დამეხმარება, სწორად განვსაზღვრო მოლაპარაკებების დროს მხარეთა მიზანი თუ საჭიროებები და მივიღო სასურველი შედეგი“, - აღნიშნა ერთ-ერთმა მონაწილემ, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საკითხთა სამმართველოს უფროსმა სპეციალისტმა, ქეთი ჩიხლაძემ.

საგულისხმოა, რომ წელს უკვე ტრენერების როლში იყვნენ ის ქალები, რომლებმაც ინკლუზიური სამშვიდობო პროცესების უზრუნველყოფასა და მოლაპარაკებებში გენდერული პერსპექტივის ინტეგრირების შესახებ სწავლება პირველ ნაკადში, როგორც მონაწილეებმა, 2020 წელს გაიარეს.

ტრენინგი პროექტის „ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის ეფექტიანი განხორციელებისთვის საქართველოში“ ფარგლებში ჩატარდა. პროექტი დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერაა მხარდაჭერილი.