სტუდენტები კიბერუსაფრთხოების გენდერული ასპექტების შესახებ მსჯელობენ
თარიღი:
„ძალიან მრცხვენია, რომ ინტერნეტსივრცეში გოგოებს ბიჭები მათი სქესისა და გენდერული სტერეოტიპების გამო აბულინგებენ, არ აძლევენ პოტენციალისა და უნარების გამოვლენის საშუალებას“, - ასე დაასრულა მესამეკურსელმა მათე გუმბარიძემ სტუდენტურ კონფერენციაზე გამოსვლა, რომლის მთავარი თემაც კიბერუსაფრთხოებისა და შევიწროების გენდერული ასპექტები იყო.
მათე ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, კომპიუტერულ მეცნიერებებს სწავლობს და ვიდეოთამაშებითაა გატაცებული. ამბობს, რომ ყველა გოგოების შევიწროება კიბერსივრცეში ძალიან გავრცელებულია და კონფერენციისთვისაც ამ თემის შერჩევა ამიტომ გადაწყვიტა.
მათე ერთ-ერთი იყო იმ 21 სტუდენტს შორის, რომლებმაც გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით გამართულ სამეცნიერო კონფერენციაზე „კიბერუსაფრთხოების გენდერული განზომილებები“ მოხსენებები წარადგინეს. ღონისძიება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით ჩატარდა და მან სულ 13 კვლევითი აბსტრაქტი გააერთიანა.
სტუდენტებმა ისეთ საკითხებზე იმსჯელეს, როგორებიცაა რისკები, რომლებსაც ქალები ონლაინსივრცეში აწყდებიან და კიბერუსაფრთხოების სფეროში არსებული გენდერული უთანასწორობის მიზეზები, კიბერშევიწროება, ადევნება და კიბერდანაშაული გენდერული ნიშნით, კიბერუსაფრთხოებაში ქალთა დაბალი წარმომადგენლობა და ის ბარიერები, რომლებსაც ისინი ამ სფეროში დასაქმების, კარიერული წინსვლისა და ხელმძღვანელ პოზიციებზე დაწინაურების თვალსაზრისით აწყდებიან. ღონისძიებას აკადემიური წრეების, სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.
ქალები ონლაინშევიწროებასა და ადევნებას კაცებზე მეტად განიცდიან, რაც მათ განსხვავებული გამოწვევების წინაშე აყენებს. ამას გარდა, დაბალია ქალთა ჩართულობა კიბერუსაფრთხოების ინიციატივებში, რაც ხელს უშლის არსებული პრობლემების მათი ინტერესების გათვალისწინებით გადაჭრასა და კაცებით დომინირებულ სექტორში ქალთა მონაწილეობის გაზრდას. საგულისხმოა, რომ ქალებს არ ეძლევათ საშუალება, ეს სფერო საკუთარი განსხვავებული უნარებითა და ცოდნით გაამდიდრონ, რაც, საბოლოოდ, მთლიანად დარგის განვითარებასაც აფერხებს. სწორედ ამიტომ, ბოლო წლების განმავლობაში კიბერუსაფრთხოება ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის ერთ-ერთ საკვანძო მიმართულებას წარმოადგენს.
„კონფერენციისთვის მოხსენება გენდერის ჭრილში კიბერუსაფრთხოებისა და კიბერდანაშაულის ინციდენტებზე მოვამზადე და ამ პროცესში ბევრი საინტერესო რჩევაც აღმოვაჩინე. მინდოდა, არა მარტო განმეხილა ეს თემა, არამედ სტუდენტებისთვის რეკომენდაციებიც მიმეცა. კიბერძალადობის სამიზნეები ძირითადად გოგოები არიან და ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, ამ თემაზე გამართულ ღონისძიებებში აქტიურად ვიყოთ ჩართულები, ხმამაღლა ვილაპარაკოთ იმაზე, რაც გვაწუხებს“, - აღნიშნა თსუ-ს კომპიუტერული მეცნიერებების მეორე კურსის სტუდენტმა, ნინო ნასყიდაშვილმა.
სტუდენტურმა სამეცნიერო კონფერენციამ ხელი შეუწყო მონაწილეებს შორის ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას, იმ მრავალმხრივი გამოწვევების გაანალიზებას, რომლებსაც ქალები ქვეყნის მასშტაბით კიბერუსაფრთხოების სფეროში აწყდებიან, წარმოაჩინა გენდერული უთანასწორობის განმაპირობებელი ფაქტორები, შექმნა სივრცე მათ დასაძლევად საჭირო ინოვაციური მიდგომების განსახილველად და ეფექტიანი სტრატეგიების შესამუშავებლად.
ღონისძიება პროექტის „ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის ეფექტიანი განხორციელებისთვის საქართველოში“ ფარგლებში ჩატარდა. პროექტი დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერაა მხარდაჭერილი.