მეწარმე ქალებმა საკუთარი პროდუქტები წინასაახალწლო ბაზრობაზე წარადგინეს
თარიღი:

მეწარმე ქალებისთვის პროდუქტების პოპულარიზაციისა და რეალიზაციის მნიშვნელოვანი ხელშემწყობი ფაქტორი ახალი სივრცეების მოძიება და ათვისებაა. განსაკუთრებით წინასაახალწლოდ, რადგან გაყიდვების ძირითადი ნაწილი ხშირ შემთხვევაში სწორედ ამ პერიოდზე მოდის.
გაეროს ქალთა ორგანიზაცია, კერძო კომპანიებთან თანამშრომლობით, მუდმივად ცდილობს, მხარი დაუჭიროს მეწარმე ქალებს, რომლებიც მისი პროექტების მონაწილეები არიან. ერთ-ერთი ასეთი ინიციატივა დეკემბერში სწორედ წინასაახალწლო ბაზრობის გამართვაში დახმარებას გულისხმობდა. ჰიპერმარკეტების ქსელ „გუდვილთან“ პარტნიორობით, გაეროს ქალთა ორგანიზაციამ 23 დეკემბერს მეწარმე ქალებს შესაძლებლობა მისცა, საკუთარი პროდუქცია თბილისში, დიღომში მდებარე „გუდვილთან“, სპეციალურად მოწყობილ ბაზრობაზე წარედგინათ.
17-მა მეწარმე ქალმა ბაზრობის სტუმრებს საკუთარი ნაწარმი - საახალწლო აქსესუარები, ხელნაკეთი ნივთები, საჩუქრები, ჩირი და ტკბილეული, ღვინო და სასმელები შესთავაზა. მათ შორის იყო კომპანია „ნინო მერის“ დამფუძნებელი და დირექტორი, მეღვინე ნინო მერის მაძღარაშვილიც.
ნინო ქვევრის ღვინოს ტრადიციული მეთოდით 2018 წლიდან აწარმოებს და მას როგორც საქართველოში, ისე ევროპასა და აშშ-ში ყიდის. როგორც თავად ამბობს, ბაზრობებზე მონაწილეობისას განსაკუთრებული მნიშვნელობა ადგილსა და ინფორმაციის გავრცელების მასშტაბს აქვს, რადგან ღონისძიების წარმატება პოტენციური მომხმარებლის სიმრავლეზეცაა დამოკიდებული.
„გუდვილთან გამართული ბაზრობის მნიშვნელობა მცირე მეწარმეებისთვის დიდი იყო იმ თვალსაზრისით, რომ იქ მუდმივად მოძრაობდნენ ადგილობრივი მაცხოვრებლები. ცნობისმოყვარეობას იჩენდნენ. ზოგმა იცოდა, ზოგმაც პირველად გაიგო პროდუქტის შესახებ. ამავდროულად, მათ შესაძლებლობა ჰქონდათ, გაესინჯათ კიდეც ღვინო, რაც ზოგადად კიდევ უფრო დასამახსოვრებელს ხდის ხოლმე გემოსა და ბრენდს“, - ამბობს ნინო და დასძენს, რომ მეტი შედეგისთვის ასეთი ღონისძიებების პერმანენტულად გამართვაა საჭირო.
გაეროს ქალთა ორგანიზაცია მეწარმე ქალებისთვის დახმარებას განაგრძობს და მათ პროდუქტების პოპულარიზაციისა და რეალიზაციისთვის დამატებითი სივრცეების ასათვისებლად სხვადასხვა ინიციატივას კვლავაც შესთავაზებს.
საახალწლო ბაზრობა გაიმართა გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის „კარგი მმართველობა გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის საქართველოში“ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების კომპონენტის ფარგლებში, რომელსაც ნორვეგიის სააგენტო განვითარების თანამშრომლობისთვის აფინანსებს.