გაეროს ქალთა ორგანიზაცია კერძო სექტორში გენდერული თანასწორობის მხარდაჭერას განაგრძობს
თარიღი:

კერძო სექტორში ქალთა გაძლიერებისთვის საჭირო გადაწყვეტილებების დანერგვისა და ეფექტიანი განხორციელებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ადამიანური რესურსების მართვის პროფესიონალების ჩართულობას აქვს. ამ მიზნით, გაეროს ქალთა ორგანიზაცია მჭიდროდ თანამშრომლობს გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპებზე ხელმომწერი კომპანიების შესაბამის დეპარტამენტებთან, უზიარებს მათ თანამედროვე მიდგომებს და ამგვარად ეხმარება კერძო სექტორს საკადრო პოლიტიკის კუთხით საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის დანერგვაში.
ერთ-ერთ ასეთ ინიციატივას წარმოადგენდა ტრენინგების სერია “ადამიანური კაპიტალის ანგარიშგება გენდერული თანასწორობისა და ქალების გაძლიერებისათვის ISO 34014 სტანდარტის შესაბამისად“, რომელიც გასული წლის განმავლობაში ადამიანური რესურსების მართვის 50-ზე მეტმა პროფესიონალმა გაიარა.
ISO 30414 მნიშვნელოვანი საერთაშორისო სტანდარტია. ის ორგანიზაციებს ადამიანური კაპიტალის შესახებ სტრუქტურირებული, გამჭვირვალე ანგარიშგების წარმოებაში ეხმარება და ხელს უწყობს ბიზნესს, უკეთ გაზომოს და შეაფასოს ადამიანური რესურსების მართვის ეფექტიანობა. ტრენინგის მიმდინარეობისას მონაწილეები სწორედ ISO 30414 სტანდარტს გაეცნენ და მიიღეს ინფორმაცია იმ საკადრო მეტრიკების შესახებ, რომლებიც განსაკუთრებით საყურადღებოა კომპანიებში გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების მხარდასაჭერად. ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტებმა განიხილეს ისეთი საკითხები, როგორებიცაა ქალთა გაძლიერებისთვის საჭირო მექანიზმები და ინიციატივები, მრავალფეროვნების, თანასწორობისა და ჩართულობის პრინციპი, საერთაშორისოდ აღიარებული საკადრო მეტრიკები და მათი როლი.
საგულისხმოა, რომ ინიციატივა ითვალისწინებდა ტრენინგის შემდგომ კომპანიებში შესაბამისი მეტრიკების დანერგვის ხელშეწყობასაც. კერძოდ, ბიზნესორგანიზაციებმა მიიღეს ISO 30414 სტანდარტის დეტალური მეთოდოლოგიური ინსტრუმენტები, შეარჩიეს და დანერგეს ახალი მეტრიკები, რომლებიც გენდერულ თანასწორობას, პერსონალის მრავალფეროვნებასა და თანაბარ შესაძლებლობებს აფასებს. ამას გარდა, შემუშავდა კონკრეტული რეკომენდაციები გენდერული თანასწორობის შესახებ არსებული შიდა დოკუმენტაციების - შინაგანაწესის, ეთიკის კოდექსისა და გასაჩივრების მექანიზმის გასაუმჯობესებლად.
კომპანიებს შორის იყო Nexia Georgia-ც, რომელიც საერთაშორისო აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანიების ათეულში შემავალი ბრენდის - Nexia International-ის წარმომადგენელია საქართველოში. Nexia Georgia 2022 წლიდან გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპების ხელმომწერია, გენდერული თანასწორობა და ქალთა მხარდაჭერა კი მისი ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულებაა.
“ინიციატივაში ჩართულობამ საშუალება მოგვცა, უფრო ნათლად დაგვენახა კომპანიის საჭიროებები ადამიანური რესურსების მართვის კუთხით და დაგვეგეგმა შემდგომი ნაბიჯები სამუშაო პროცესის გასაუმჯობესებლად. ჩვენთვის მნიშვნელოვანია იმ სტანდარტებისა და მიდგომების გაზიარება, რომლებთანაც ტრენინგკურსის მიმდინარეობისას და მის შემდგომ გვქონდა შეხება. ვიმედოვნებთ, მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას ეფექტიანად გამოვიყენებთ“, - აღნიშნავს Nexia Georgia-ს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ელენე სმაგლიუკი.
ტრენინგები და შემდგომი კონსულტაციები ჩატარდა გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპებზე ხელმომწერი საკონსულტაციო კომპანიის, EVA-ს ექსპერტების მიერ. EVA პირველი ქართული საკონსულტაციო კომპანიაა, რომელიც ISO 30414 სტანდარტის დანერგვისა თუ აუდიტის ჩატარების უფლებას ფლობს და საერთაშორისო მასერტიფიცირებელ ორგანოებს ოფიციალურად წარმოადგენს.
გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივა ხელს უწყობს ქვეყნის კერძო სექტორის საკადრო პოლიტიკის დოკუმენტებში თანამედროვე გენდერულად მგრძნობიარე მიდგომების ინტეგრირებას, შესაბამისი პროექტების განხორციელებას და ქმნის საფუძველს შემდგომი ინსტიტუციური ცვლილებებისთვის, რომლებიც დაეხმარება ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებასა და სამუშაო გარემოში თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფას. გაეროს ქალთა ორგანიზაცია ბიზნესსექტორთან ამ მიმართულებით მუშაობას 2025 წელსაც განაგრძობს.
ინიციატივა განხორციელდა გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის „კარგი მმართველობა გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის საქართველოში“ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების კომპონენტის ფარგლებში, რომელსაც ნორვეგიის სააგენტო განვითარების თანამშრომლობისთვის აფინანსებს.