თბილისმა მეწარმე ქალების პროდუქციის ტრადიციულ გამოფენა-გაყიდვას უმასპინძლა
თარიღი:
გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით, საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“ ადგილობრივ მეწარმე ქალთა პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა უკვე მესამედ გაიმართა. ღონისძიების მიზნებს ქალთა მეწარმეობის პოპულარიზაციის ხელშეწყობა, მათთვის სასარგებლო ცოდნის გაზიარება, საინტერესო ბიზნესკავშირებისა და პერსპექტიული პარტნიორობების დამყარება წარმოადგენდა.
140-მა მეწარმემ მთელი საქართველოდან გამოფენის სტუმრებს საკუთარი ნაწარმი - საკვები და სასმელები, საჩუქრები, სათამაშოები და აქსესუარები, ხელნაკეთი ნივთები და დეკორი, სილამაზისა და თავის მოვლის საშუალებები, საახალწლო სუვენირები და სხვა სადღესასწაულო პროდუქცია წარუდგინა. მსურველებს მათი შეძენა ადგილზევე შეეძლოთ.
გამოფენის გახსნას ნორვეგიის ელჩი საქართველოში ბერგლიოტ ჰოვლანდი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის რეგიონული წარმომადგენელი კავკასიაში ალკის დრაკინოსი, გაეროს ქალთა ორგანიზაციის ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მიმართულების ხელმძღვანელი ჯემაიმა ნიუკი, გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი საქართველოში კაორი იშიკავა, კერძო სექტორისა და ბიზნესგაერთიანებების წარმომადგენლები დაესწრნენ.
„მეწარმე ქალებისა და ზოგადად ქალთა გაძლიერების მხარდაჭერა ნორვეგიის მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია. გვჯერა, რომ საზოგადოებაში პროგრესი და სტაბილურობა სწორედ ქალთა გაძლიერებით მიიღწევა“, - აღნიშნა მისასალმებელ სიტყვაში ნორვეგიის ელჩმა საქართველოში ბერგლიოტ ჰოვლანდმა. გაეროს ქალთა ორგანიზაციის ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მიმართულების ხელმძღვანელმა, ჯემაიმა ნიუკიმ კი მეწარმე ქალებს მიმართა და ყურადღება მათ მოტივაციასა და მონდომებაზე გაამახვილა: „თქვენ გვენდეთ და გრძელი გზა გაიარეთ, რათა პროდუქცია მომხმარებლებისთვის წარგედგინათ. გაგვიზიარეთ თქვენი საჭიროებები და გვიამბეთ გამოწვევებზე. მაქსიმალურად ვეცდებით, ჩვენი ინიციატივებით სწორედ ამ საჭიროებებს ვუპასუხოთ”, - აღნიშნა მან.
წლევანდელი ღონისძიების სიახლეს წარმოადგენდა მწვანე და მდგრადი ბიზნესებისთვის გამოყოფილი კუთხე, სადაც გაერთიანებული იყო პროდუქტები, რომლებსაც ქალები ნარჩენების, ეკოლოგიურად სუფთა მასალებისა და ტექნოლოგიების დახმარებით ქმნიან. აქვე სტუმრების სოციალური საწარმოების მიერ დამზადებული პროდუქციის შეძენაც შეეძლოთ. გამოფენა-გაყიდვის პარალელურად, მოეწყო გასართობი და შემეცნებითი კუთხე ბავშვებისთვის, ასევე, საკვები და მუსიკალური სივრცეები. გაიმართა მასტერკლასები, სადაც ვიზიტორებმა, მწვანე ტექნოლოგიების გამოყენებით, საახალწლო ნივთები თავადვე დაამზადეს. საგულისხმოა, რომ წელს პირველად გამოფენის მონაწილეთა შორის იყვნენ ლტოლვილი ქალები უკრაინიდან და სხვა ქვეყნებიდან.
„ეს ღონისძიება უკრაინიდან ლტოლვილი ქალებისთვის ახალი სუნთქვაა. ამ ორმა დღემ - მეწარმეებთან და არა მარტო მათთან კომუნიკაციამ, ინფორმაციისა და გამოცდილების ურთიერთგაზიარებამ, წარმატების მაგალითებმა ძალიან კარგი შთაბეჭდილება დაგვიტოვა. ვიგრძენით დიდი სითბო და მხარდაჭერაც. სწორედ ეს იყო ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი“, - აღნიშნა მაია ფისიუკმა უკრაინიდან, რომელმაც დამთვალიერებლებს ხელნაკეთი ნივთები წარუდგინა.
გამოფენის წინა დღეს, 22 ნოემბერს, მეწარმე ქალებისთვის სპეციალური მასტერკლასებიც ჩატარდა. მონაწილეები გაეცნენ ბიზნესში ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას, მდგრადი ბიზნესის სპეციფიკას, ევროკავშირში ექსპორტის შესაძლებლობებსა და ელექტრონული კომერციის უპირატესობებს.
ღონისძიება გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD), გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებასთან (GIZ), საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან, სავაჭრო-სამრეწველო პალატასა და კერძო სექტორთან - თიბისი ბანკთან, სელფი მობაილთან, თეგეტა ჰოლდინგთან, კრისტალთან, სოკართან, BDO-სთან, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტსა და ექსპო ჯორჯიასთან პარტნიორობით ტარდება. მეწარმე ქალების გამოფენა-გაყიდვა იმართება გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის „კარგი მმართველობა გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის საქართველოში“ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების კომპონენტის ფარგლებში, რომელსაც ნორვეგიის სააგენტო განვითარების თანამშრომლობისთვის აფინანსებს.