მშვიდობის ელჩი ქალები და ახალგაზრდები ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის

თარიღი:

თამარ საჩალელი,  „მშვიდობის ელჩი ქალები და ახალგაზრდები“  ქსელის წევრი. ფოტო: იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია “თანხმობა”
თამარ საჩალელი, „მშვიდობის ელჩი ქალები და ახალგაზრდები“ ქსელის წევრი. ფოტო: იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია “თანხმობა”

საქართველოში ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის განხორციელების მნიშვნელოვანი ნაწილი მისი ლოკალიზაცია და მთელი ქვეყნის მასშტაბით დევნილი და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული, თემის ლიდერი ქალების გაძლიერებაა. ეს პროცესი არა მარტო ამ ქალების სათანადო ცოდნითა და უნარებით აღჭურვას, არამედ მათი საჭიროებების დეტალურ შესწავლას, პრობლემების მოგვარების ადვოკატირებაში აქტიურ და ეფექტიან ჩართულობასაც მოიაზრებს.

გაეროს ქალთა ორგანიზაცია საქართველოში ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის ლოკალიზაციაზე 2018 წლიდან მუშაობს. ინიციატივა სამი არასამთავრობო ორგანიზაციის - ქალთა საინფორმაციო ცენტრის, იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია “თანხმობისა” და ქალთა ფონდ “სოხუმის” ურთიერთთანამშრომლობით ხორციელდება. ამ თანამშრომლობის შედეგად, 17 მუნიციპალიტეტში 265 ქალი გადამზადდა, გაიზარდა მათი ინფორმირებულობა და გაუმჯობესდა ტექნიკური უნარ-ჩვევები თანამედროვე ტექნოლოგიების, ინფორმაციის შეგროვებისა და დოკუმენტირების საკითხებში. ქალები დღეს უკეთ აცნობიერებენ, რამდენად მნიშვნელოვანია მათი ჩართულობა ადგილობრივი პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაში, შედეგად კი, გაუმჯობესებულია ადვოკატირების პროცესი.

აღსანიშნავია, რომ ლოკალიზაციის პროცესისა და თემის ლიდერი ქალების გაძლიერების მნიშვნელოვან ეტაპს წარმოადგენს პირველი მასშტაბური ქსელის „მშვიდობის ელჩი ქალები და ახალგაზრდები“ ფორმირება. ქსელი 2023 წლის ბოლოს ჩამოყალიბდა და ის 17 მუნიციპალიტეტში მცხოვრებ, დევნილ და კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ 40 ქალსა და ახალგაზრდას აერთიანებს.

„გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელში ცხოვრება ძალიან რთულია, რადგან არავინ იცის, რა და როდის განვითარდება. მე ერთ-ერთი მშვიდობის ელჩი ქალი ვარ, რომელიც ამ სირთულეს არ უშინდება და ცდილობს, იზრუნოს სოფლისა და თემის განვითარებაზე. ქსელის შექმნა დაგვეხმარება, ერთმანეთს საკუთარი მიღწევები და პრობლემები გავუზიაროთ და მეტად ვიყოთ ჩართულები მშვიდობის მშენებლობაში“, - აღნიშნავს თამარ საჩალელი, ქსელის ერთ-ერთი წევრი, რომელიც შიდა ქართლის რეგიონში, სოფელ ქვემოჭალაში ცხოვრობს.

თამართან ერთად, ქსელში გაერთიანებულ სხვა ლიდერ ქალებსაც სურთ, საკუთარი ცოდნა, გამოცდილება, რესურსები და შესაძლებლობები ქალების მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის განხორციელებისთვის გააერთიანონ, წარმოაჩინონ ქალები და გოგოები ცვლილებების ლიდერებად, ხაზი გაუსვან როლს, რომელსაც ისინი კონფლიქტების პრევენციაში, მოგვარებასა და მშვიდობის მშენებლობაში ასრულებენ. ქალების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გეგმა საკუთარი საჭიროებების შესახებ საინიციატივო წინადადების შემუშავება და ადგილობრივ, ცენტრალურ და საერთაშორისო დონეებზე წარდგენაცაა. ამ მიმართულებით ქსელი მუშაობას აქტიურად გააგრძელებს.

ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის ლოკალიზაცია და ქსელის „მშვიდობის ელჩი ქალები და ახალგაზრდები“ ფორმირება გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის „ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის ეფექტიანი განხორციელებისთვის საქართველოში“ ნაწილია. პროექტი დიდი ბრიტანეთის მთავრობის კონფლიქტის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების ფონდის მიერაა მხარდაჭერილი.