გაეროს ქალთა ორგანიზაცია ეკონომიკის ოლიმპიადის მხარდამჭერია

თარიღი:

ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის წამყვანი ეკონომისტი და მაკროეკონომიკური პოლიტიკის მიმართულების ხელმძღვანელი დავით კეშელავა საზაფხულო ბანაკის მონაწილეებს ფემინისტურ ეკონომიკაზე ესაუბრება. ფოტო: საქართველოს ეკონომიკური წიგნიერების ინიციატივა
ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის წამყვანი ეკონომისტი და მაკროეკონომიკური პოლიტიკის მიმართულების ხელმძღვანელი დავით კეშელავა საზაფხულო ბანაკის მონაწილეებს ფემინისტურ ეკონომიკაზე ესაუბრება. ფოტო: საქართველოს ეკონომიკური წიგნიერების ინიციატივა

გოგოების ეკონომიკური გაძლიერების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი მათთვის ცოდნის გაზიარება და შესაბამისი უნარების გამომუშავების ხელშეწყობაა. ამ მიზანს ემსახურებოდა ეკონომიკის ოლიმპიადა, რომელიც საქართველოს ეკონომიკური წიგნიერების ინიციატივის (GELi) მიერ, გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით ჩატარდა.

ეკონომიკის ოლიმპიადაში უფროსკლასელები ქვეყნის ყველა რეგიონიდან მონაწილეობდნენ. ის სკოლისა და ეროვნულ რაუნდებს, ეკონომიკის საზაფხულო ბანაკსა და საერთაშორისო ფინალურ რაუნდს აერთიანებდა. მიმდინარე წელს ინიციატივაში 200 სკოლიდან 1400-მდე მოსწავლე ჩაერთო, 230 მონაწილე კი, რომელთა შორის 112 გოგო იყო, ეროვნულ ეტაპზე გადავიდა.

ეროვნული რაუნდი საკონკურსო ნაწილის გარდა, საგანმანათლებლო სესიებს, სახალისო თამაშებს, ღირებული კავშირების დამყარების შესაძლებლობასა და დაჯილდოების ღონისძიებასაც აერთიანებდა.რაც შეეხება საზაფხულო ბანაკს, წელს ის აგვისტოში, თავისუფალი უნივერსიტეტის ბაზალეთის ცენტრში ჩატარდა და მასში საქართველოდან, უკრაინიდან და აზერბაიჯანიდან ეკონომიკის ოლიმპიადის ეროვნული რაუნდების 25 გამარჯვებული, მათ შორის 11 გოგო მონაწილეობდა.

ერთკვირიანი ბანაკის მიმდინარეობისას უფროსკლასელები საერთაშორისო ფინალური რაუნდისთვის ემზადებოდნენ და ესწრებოდნენ ინტენსიურ ლექციებს ეკონომიკისა და ფინანსების საკითხებზე. აღსანიშნავია, რომ გაეროს ქალთა ორგანიზაციის მოწვევით, უფროსკლასელებს ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის წამყვანი ეკონომისტი და მაკროეკონომიკური პოლიტიკის მიმართულების ხელმძღვანელი დავით კეშელავა შეხვდა და მათ ეკონომიკაში გენდერული ასპექტის როლზე, ფემინისტურ ეკონომიკასა და მის ძირითად კონცეფციებზე ესაუბრა.

„მინდოდა, ეკონომიკასა და ფინანსებში ცოდნა გამეღრმავებინა და თან გამეგო, შემეძლო თუ არა ამ დარგის მომავალ პროფესიად არჩევა. ოლიმპიადაში მონაწილეობის მიღება ამიტომ გადავწყვიტე და მიხარია, რომ ორივე მიზანს მივაღწიე. მიღებულმა გამოცდილებამ არა მარტო გამიძლიერა ეკონომიკის მიმართ ინტერესი, არამედ მომცა დამატებითი მოტივაცია, რომ სწავლაც იმავე მიმართულებით გავაგრძელო“, - აღნიშნა ოლიმპიადის ერთ-ერთმა მონაწილემ, ალექსანდრა წულაიამ.

ეკონომიკის ოლიმპიადა Economic Fundamentals Initiattive (EFI)-ის გენერალური მხარდაჭერით ტარდება, რომელსაც საქართველოს ეკონომიკური წიგნიერების ინიციატივა (GELi) ახორციელებს. ეკონომიკის ოლიმპიადისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის პარტნიორობა კი წარმოადგენდა გაეროს ქალთა ორგანიზაციის ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული ოფისის პროექტის “უკრაინელი ლტოლვილი ქალებისა და გოგოების მდგრადობის გაძლიერება მასპინძელ ქვეყნებში” ნაწილს, რომელიც იაპონიის მთავრობის დაფინანსებით მიმდინარეობს.