როგორ ცვლის ტექნოლოგიები ქალების ცხოვრებას

თარიღი:

ია თავდიშვილი; ფოტო: ემ ჯი აი სტუდია
ია თავდიშვილი; ფოტო: ემ ჯი აი სტუდია

„წლების წინ, 3 პატარა ბავშვითა და საშუალო განათლებით, ამ წარმატებაზე ვერც კი ვიოცნებებდი“ , - ასე აფასებს 31 წლის ოზურგეთელი ია თავდიშვილი ცვლილებებს, რომლებიც მის ცხოვრებაში ბოლო დროს მოხდა.

ია 3 შვილის დედაა. 2 წლის წინ მან ოზურგეთში (დასავლეთ საქართველო, გურიის რეგიონი) პატარა სამკერვალო „ტა-ბება“ დაარსა და ბავშვების სამოსის შეკერვა დაიწყო. დღეს მისი საქმიანობა წარმატებული ბიზნესია. ია ამბობს, რომ ეს წინსვლა მან გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივის ფარგლებში, სოციალური მედია მარკეტინგისა და ვებპროგრამირების შესწავლის შედეგად შეძლო.

„მახსოვს, მეგობრებისგენ შევიტყვე, რომ შესაძლებლობა მქონდა, ის ცოდნა მიმეღო, რაც ძალიან მჭირდებოდა. განაცხადი შევიტანე და ამიყვანეს. 5 კვირის განმავლობაში ინტენსიურ სწავლებას გავდიოდი, ზოგჯერ ღამეებიც ვმეცადინეობდი. შედეგად, ფეისბუქზე ჩემი ატელიეს გვერდი განვაახლე და ვებგვერდიც შევქმენი“, - ამბობს იგი.

ია ერთ-ერთია იმ 124 მონაწილეს შორის, რომლებმაც გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით, 2019 წელს სოციალური მედია მარკეტინგი და ვებპროგრამირება შეისწავლეს. საპილოტე ინიციატივა მიზნად დასავლეთ საქართველოში მცხოვრები 18-35 წლის ქალებისთვის ICT უნარების განვითარებასა და ამ სფეროში დასაქმების შესაძლებლობების გაზრდას ისახავდა.

აღსანიშნავია, რომ ტრენინგების დასრულების შემდეგ 50-ზე მეტმა წარმატებულმა მონაწილემ კერძო კომპანიებში ანაზღაურებადი სტაჟირება გაიარა. ნაწილი კი პორტუგალიაში სასწავლო ვიზიტით გაემგზავრა და მსოფლიოში ყველაზე მასშტაბურ ტექნოლოგიურ კონფერენციას, ვებსამიტს დაესწრო. მათ შორის მოხვდა იაც, რომელიც უცხო ენების ონლაინსწავლების სტარტაპის, ლინგვინგის სტაჟიორი იყო, დღეს კი მის სოციალურ მედიას მართავს. პარალელურად, ის საკუთარი ბიზნესის განვითარებასაც აგრძელებს და ატელიეში შეკერილ სამოსს ინტერნეტით უკვე მთელი საქართველოს მასშტაბით ყიდის.

„პროექტში მონაწილეობა ჩემთვის უდიდესი ნახტომი იყო. სხვა ქალებსაც მოვუწოდებ, რომ სწავლა არასდროსაა გვიანი და საკუთარ ოცნებებზე უარი არასდროს თქვან“, - ამბობს ია.

თამთა კაპანაძე; ფოტო: ედიშერ მჟავანაძე
თამთა კაპანაძე; ფოტო: ედიშერ მჟავანაძე

საქართველოში პროფესიები გენდერის მიხედვით მკვეთრად დაყოფილია. ერთ-ერთი მაღალნაზღურებადი სფერო, რომელიც კაცებითაა დომინირებული, საინფორმაციო ტექნოლოგიებია, რაც არა მარტო ქალების შესაძლებლობების რეალიზებას აფერხებს, არამედ მათ შემოსავალსაც ამცირებს. გაეროს ქალთა ორგანიზაციის საპილოტე ინიციატივა სწორედ ამ უთანასწორობის შესამცირებლად შემუშავდა. შედეგად, მონაწილე ქალების ნაწილი დაწინაურდა, ხოლო ნაწილმა - ახალი სამსახური დაიწყო. 42%-ის თქმით კი, მათი შემოსავლები თვეში დაახლოებით 400 ლარით გაიზარდა.

გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივის ერთ-ერთი მიზანს წარმოადგენდა უკვე გადამზადებული ქალების მხარდაჭერაც, რათა მათ ICT სექტორში სხვა ქალების ჩართულობაზე უკვე საკუთარ თემებში ეზრუნათ. ყველაზე ახალგაზრდა მონაწილე, 19 წლის თამთა კაპანაძე, რომელიც აკაკი წერეთლის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მათემატიკას ეუფლება, STEM-ის პოპულარიზაციას ახლა უნივერსიტეტში, ახალგაზრდულ კლუბში ეწევა. თამთაც ინიციატივის ერთ-ერთი წარმატებული მონაწილეა. ტრენინგების დასრულების შემდეგ მან სადაზღვევო კომპანია „ალდაგის“ მარკეტინგის განყოფილებაში ანაზღაურებადი სტაჟირება გაიარა, მერე კი ტექნოლოგიებმა იმდენად გაიტაცა, რომ Google-ის დეველოპერების სტუდენტური კლუბის ლიდერიც გახდა, პარიზის Google-ს ოფისში გაემგზავრა და ტექნოლოგიებით გატაცებულ სხვა ახალგაზრდებს შეხვდა.

„როდესაც პირველად ინიციატივის შესახებ გავიგე, ვიფიქრე, მასში მონაწილეობაზე მხოლოდ ოცნება შემეძლო. ახლა კი ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან უკეთესი მომავლის შესაქმნელად უკვე ცოდნა და შესაძლებლობაც მაქვს“, - ჰყვება თამთა.

ინიციატივა ინოვაციური განათლების ფონდთან, ჯეოლაბთან, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, აკაკი წერეთლის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან და WomenTechmakers-თან თანამშრომლობით განხორციელდა. იგი გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის “ერთობლივი ძალისხმევა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის საქართველოში“ ნაწილს წარმოადგენდა, რომელიც ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით ხორციელდება.