ელექტრონული კურსი გენდერული თანასწორობის შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად

თარიღი:

გენდერული თანასწორობის მიღწევა და ქალთა უფლებების დაცვა საზოგადოების ცნობიერებისა და ინფორმირებულების ამაღლების გარეშე შეუძლებელია. ამ მიმართულებით გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენს ელექტრონული კურსი, რომელიც საქართველოს სახალხო დამცველისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის ერთობლივი ინიციატივით შეიქმნა.

ელექტრონული კურსი გენდერული თანასწორობის შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად; ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია
ქართულენოვანი, უფასო, ელექტრონული კურსი დაინტერესებულ ადამიანებს გენდერული თანასწორობის შესახებ სასარგებლო ინფორმაციას აწვდის; ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია

ქართულენოვანი, უფასო, ელექტრონული კურსი დაინტერესებულ ადამიანებს გენდერული თანასწორობისა და ქალთა უფლებების აქტუალურ საკითხებზე მთავარ, სასარგებლო ინფორმაციას აწვდის. ძირითადი ტერმინები, სექსიზმი, არსებული გენდერული სტერეოტიპები და დისკრიმინაციული ნორმები, გენდერული თანასწორობის მნიშვნელობა, ადგილობრივი და საერთაშორისო კანონმდებლობა - ეს იმ თემების ნაწილია, რომლებსაც კურსი აერთიანებს. იგი იძლევა პრაქტიკულ ცოდნას, რომელიც ადამიანებს არა მარტო ცნობიერების ამაღლებაში, არამედ პროფესიული საქმიანობის წარმართვაშიც დაეხმარება. კურსის გავლა ნებისმიერ მოქალაქეს მისთვის სასურველ დროს შეუძლია.

როგორც საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია აღნიშნავს, ომბუდსმენის აპარატის საქმიანობის ერთ-ერთი მნიშვნელოვან მიმართულებას საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე ზრუნვა წარმოადგენს, ამიტომ უწყებისთვის გენდერული თანასწორობის პრინციპების გავრცელება განსაკუთრებით პრიორიტეტულია.

„ვფიქრობ ახლა, როდესაც პანდემიის გამო ბევრი საჯარო და კერძო დაწესებულება გადავიდა დისტანციური მუშაობის რეჟიმზე, ონლაინგანათლებაზე ხელმისაწვდომობა კიდევ უფრო მნიშვნელოვანია. ვიმედოვნებ, ელექტრონული კურსი გენდერული თანასწორობის შესახებ ბევრი ადამიანისთვის იქნება კარგი პლატფორმა, მიიღოს ინფორმაცია არამარტო ტერმინებსა და ძირითადად ცნებებზე, არამედ გაეცნოს ქვეყანაში არსებულ კანონმდებლობას, დაცვისა და დახმარების მექანიზმებს და ასევე, გაიღრმავონ ცოდნა ქალთა ეკონომიკური გაძლიერების სტრატეგიებზე“, - ამბობს ნინო ლომჯარია.

ინტერაქტიული კურსი 3 მოდულისა და შესაბამისი სავარჯიშოებისგან შედგება. მისი გავლისთვის მსურველებს მხოლოდ რამდენიმე საათი სჭირდებათ. კურსის წარმატებულად დასრულების შემდეგ კი შესაძლებელია სერტიფიკატის აღება. აღსანიშნავია, რომ კურსი 27 აპრილს ამოქმედდა და მასზე უკვე 1700 მომხმარებელი დარეგისტრირდა, 500-მა კი სერტიფიკატიც აიღო.

ელექტრონული კურსი გაეროს ქალთა ორგანიზაციის საერთაშორისო ტრეინინგცენტრის მიერ შემუშავებული მოდულის ქართულ კონტექსტზე მორგებულ ვერსიას წარმოადგენს. მისი ადაპტირება გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის „ერთობლივი ძალისხმევა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის საქართველოში“ ფარგლებში, ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით განხორციელდა.